11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა!

გაეროს მიერ დაწესებული ეს დღე ხელს უწყობს ცნობიერებას ამაღლებას გენდერული უთანასწორობის შესახებ, რომელსაც გოგონები მთელ მსოფლიოში აწყდებიან. ეს უთანასწორობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა განათლების ხელმისაწვდომობა, თანაბარი უფლებები, სამედიცინო დახმარება და დაცვა დისკრიმინაციისგან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ბავშვთა იძულებითი ქორწინებისგან.


მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ქორწინება ქართული კანონმდებლობით აკრძალულია, ბოლოდროინდელი ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკების წინაშე ახალგაზრდა გოგოები ჯერაც დაუცველნი არიან. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზე, არამედ იზრუნოს კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების მორგებაზე არსებულ რეალობასთან და გამოწვევებთან.


„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გოგონებისათვის განათლების მიღების წახალისებაა, მათ შორის ისეთ სფეროებში, რომლებშიც ქალები ყველაზე ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. სწორედ ამის ნაწილია პროექტი SENSE, რომლის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი STEM საგნების სწავლების მეთოდებში ხელოვნების ელემენტის შეტანის გზით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკური საგნების სწავლასა და სწავლებაში ახალგაზრდა გოგოების ჩართვა, რომლებიც, საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გამო, ხშირად თავს იკავებენ ამ გადაწყვეტილებისგან.