2021 წლის კონკურსის ,,მედია თანასწორობისთვის” გამარჯვებულები
ორგანიზაცია – ,,ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო” (WECF – Georgia) – ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს ყოველწლიურ კონკურსს #მედიათანასწორობისთვის. კონკურსი პირველად 2021 წელს ჩატარდა. #მედიათანასწორობისთვის კონკურსი გამოირჩევა იმით, რომ პირველად ხდება როდესაც ქალების გაძლიერების თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს და სოციალური მედიის კონტენტ შემქმნელებს, ასევე ხელოვანებს და გრაფიკოს დიზაინერებს შეუძლიათ მედია დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება.
კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობას და ხელი შეუწყოს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საქართველოში, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში დამოუკიდებელი მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმით.
იხილეთ 2021 წლის გამარჯვებულები. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზი 1500 ევროს ოდენობით ქალების გაძლიერებისა და თანასწორობის საკითხების ეთიკურად წარმოჩენისთვის.
ლაშა ცერცვაძე
გამარჯვებული ნომინაციაში ,,საუკეთესო კონტენტი სოციალურ მედიაში"
ლაშას მიერ მომზადებული საკონკურსო მასალა ეხებოდა ქალებს, რომლებსაც არასდროს უდგამენ ძეგლებს.
,,მართლაც, საქართველოში ათასობით ძეგლია. აქედან
ქალის ძეგლის პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ და თუ გაგიმართლათ და იპოვით, ეს იქნება უსახელო ქალი, რომლის ფუნქციაც არის „ქალობა“. თუ სახელიანი ქალის ძეგლს იპოვით, ის აუცილებლად იქნება „გაკაცებული“ ქალი, „კაცური“ ქალი.
ჩემს მიერ მომზადებული ვიდეო არის სახელიან და გვარებიან ქალებზე. ვიცი, მე ვერასდროს გავიგებ ბოლომდე იმ ტვირთს, რა ტვირთის ტარებაც ქალებს უწევთ, მაგრამ შემიძლია კითხვები დავსვა, რაღაცები აღმოვაჩინო, რაღაცებზე დავფიქრდე, ჩემი ნაფიქრი ვიზუალად ვაქციო, იქნებ სხვამაც სხვანაირად შეხედოს სამყაროს.” – ამბობს ლაშა.
აქ შეგიძლიათ იხილოთ ლაშას მიერ წარმოდგენილი ვიდეო, რომელმაც გაიმარჯვა.
თამთა კახაბერიძე
გამარჯვებული ნომინაციაში ,,საუკეთესო ეროვნული მედია პროდუქტი"
თამთა ჟურნალისტია, რომელმაც მოამზადა სიუჟეტი ინგას ისტორიაზე.
როგორც თავად თამთა აღნიშნავს ,,სტატიის მომზადების ძირითადი მოტივაცია თავდაპირველად მისი დახმარება იყო. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც ამბობდა, რომ სამართალდამცავი უწყებები დახმარების
ნაცვლად მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ფიქრობდა, რომ საქმის გახმაურების შემთხვევაში გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა. სამწუხაროდ, არც თუ უსაფუძვლოდ – ქალების საჭიროებებისა და გამოცდილებების მიმართ
გულგრილ სისტემაში ცალკეული ქალები გამარჯვებას, ხშირად, სწორედ მედიაში მათი სახელების გაჟღერებით აღწევენ.”
თამთას სტატია ,,ინგა შვილებთან დაბრუნდა” შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
მარიამ ტაკიძე
გამარჯვებული ნომინაციაში ,,საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი"
მარიამმა სიუჟეტით ,,ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალი” გაიმარჯვა.
წარმოდგენილი სიუჟეტი ეძღვნება ქალს, რომელმაც ბევრი მცდარი შეხედულება, თუ სოციალური ბარიერი გადალახა ისეთ სფეროში თავის დასამკვიდრებლად, როგორიცაა -ციფრული ტექნოლოგიები. მარიამის თქმით ლილის ამბავი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ერთი ქალის გაძლიერებამ ხელი შეუწყოს, სხვა ქალების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, მათთვის ახალი
პერსპექტივებისა და შესაძლებლობების გაჩენას.
აქ შეგიძლიათ იხილოთ მარიამის მიერ წარმოდგენილი სტატია, რომელმაც გაიმარჯვა.
დინა ოგანოვა
გამარჯვებული ნომინაციაში ,,საუკეთესო ვიზუალური პროდუქტი"
,,სექსუალური შევიწროება და სექსუალური ძალადობა ის საკითხებია, რომელსაც ჯერ კიდევ ადევს ტაბუ მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, ისეთ საზოგადოებაში,
როგორიც ჩვენია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა გენდერული თანასწორობის მისაღწევად, რეალურ გენდერულ თანასწორობაზე იქამდე ვერ ვილაპარაკებთ, სანამ საზოგადოებრივი სივრცეები, ტრანსპორტი, ქუჩა, საკუთარი სახლებიც კი, ქალებისთვის და მოზარდი გოგოებისთვის ჯერ კიდევ წარმოადგენენ საფრთხეს.” ამბობს დინა.
მის პროექტში #MeToo / #მეც ძალადობის მსხვერპლი ქალების კონკრეტული სახეები არ ჩანს, რადგან ამა თუ იმ ისტორიის უკან, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი იდგეს. თუმცა ჩანს ლოკაციები, რომელთა შესახებაც #MeToo-ს გმირებმა თავად ისაუბრეს.