კოოპერატივები ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ებრძვის ენერგეტიკულ სიღარიბეს საქართველოს სოფლებში

საქართველოს სოფლებში ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალები, განიცდის ენერგეტიკულ სიღარიბეს. ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არამდგრადი მეთოდებით მოპოვებული შეშის გამოყენება ძვირი ჯდება და შრომატევადია. ამავდროულად ეს იწვევს სათბურის აირების გამოყოფას და შენობაში არსებული ჰაერის დაბინძურებას, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

„ქალები საერთო მომავლისთვის საქართველომ" და ადგილობრივმა პარტნიორებმა შექმნეს მზის წყალგამაცხელებლები და ენერგოეფექტური ღუმელები, რომლებიც ამცირებს შეშის საჭიროებას, აუმჯობესებს კომფორტს და ჯანმრთელობას, ამავდროულად ამცირებს ჰაერის დაბინძურებას, არაანაზღაურებად შრომას და ენერგიის გადასახადებს 20 – 50%-ით.

სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.


რა არის ეკოფემინიზმი?

ჩვენ ცალ-ცალკე ყველას გვსმენია გარემოს დაცვისა და ფემინიზმის შესახებ, თუმცა ნაკლებად ცნობილია ამ ორი იდეოლოგიის გამაერთიანებელი კონცეფცია, რომელსაც ეკოფემინიზმი ეწოდება. ეკოფემინიზმი, იგივე ეკოლოგიური ფემინიზმი, არის ფემინიზმის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც იკვლევს კავშირებს ქალსა და ბუნებას შორის.

ეკოფემინიზმი არის იდეოლოგია, რომელიც უფრო ფართო სპექტრში განიხილავს ისეთ პრობლემებს როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, გენდერული თანასწორობა და სოციალური უსამართლობა. ის ასევე განიხილავს ამ პრობლემების კავშირს საზოგადოებაში გაბატონებულ პატრიარქალურ კულტურასთან მიმართებაში. 

გაეროს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილების შედეგად იძულებით გადაადგილებული ადამიანების 80% არის ქალი. ასევე ის ფაქტორიც, რომ ქალები მთელს მსოფლიოში, როგორც წესი, ნაკლებ ფულს გამოიმუშავებენ და უფრო მეტად არიან დამოკიდებულები ბუნებრივ გარემოზე, ისინი უფრო მეტად გადაადგილდებიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად. გადაადგილების მიზეზი ბევრია, მათ შორის ისიც რომ ქალებმა მოიპოვონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთი რესურსები, როგორიცაა თუნდაც წყალი. 2016 წელს გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ შესაძლოა ზოგიერთ მამაკაცს გარემოს დაცვის პრობლემა ნაკლებად ადარდებდეს, რადგან მას ეს პრობლემა და მოძრაობა ფემინური ჰგონია. 

ეკოფემინიზმის რამდენიმე ქვეგანშტოება არსებობს, მათ შორის ვეგეტარიანული ეკოფემინიზმი, სულიერი ეკოფემინიზმი და მატერიალისტური ეკოფემინიზმი. მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებთ ის, რომ პატრიარქალურმა დომინირებამ გამოიწვია ბუნებასა და კულტურას შორის კავშირის დაკარგვა, რამაც უარყოფითად იმოქმედა არა მხოლოდ მარგინალიზებულ ჯგუფებზე, ასევე თავად ბუნებასა და ეკოლოგიაზე.

ეკოფემინიზმის საწყისები

ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაიზარდა კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება და აქტივიზმი. შესაბამისად ფემინისტურმა მოძრაობებმა დაიწყეს გენდერული თანასწორობისა და გარემოს დაცვის საერთო გზების იდენტიფიცირება.

ტერმინი ,,ეკოფემინიზმი” შემოიღო ფრანგმა ფემინისტმა ფრანსუაზ დ’ეუბონმა 1974 წელს. მისი თქმით, ქალების, ფერადკანიანი ადამიანების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების შეზღუდვა და ჩაგვრა არსებითად უკავშირდება ბუნებრივი სამყაროს დეგრადაციას, რომელიც პატრიარქალური ბატონობის შედეგია. ეკოფემინიზმს მალევე ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა მსოფლიოს გარშემო.

თითქმის უკვე 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტერმინი ,,ეკოფემინიზმი” ოფიციალურად დაინერგა. დღესდღეობით, მიუხედავად იმისა რომ პირდაპირ სიტყვა არ გამოიყენება, ეკოფემინიზმის პრინციპები შერეულია თანამედროვე კლიმატის ცვლილებების მოძრაობაში და ასევე იმ ორგანიზაციების აქტივიზმშიც, ვინც მხარს უჭერს ადამიანებისა და გარემოს უფლებების დაცვას.

 

ორი პრინციპი რაც დაგეხმარება გახდე უფრო ეკოფემინისტი:

1. მარგინალიზებული ჯგუფების ჩაგვრა და კლიმატის ცვლილებები დაკავშირებულია საერთო მიზეზით:

პატრიარქალურმა დომინირებამ, რომელსაც მიაჩნია, რომ მასკულინური თვისებები უფრო ღირებულია ვიდრე ფემინური, გამოიწვია ბუნების დეგრადაცია (მიწა და ცხოველები), ჯგუფების მარგინალიზაციასთან ერთად, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ფერადკანიანი ადამიანების ჩათვლით. კაპიტალიზმი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ჩაგვრას, რადგან ის აფასებს მხოლოდ პროდუქტიულობას  და შემოსავალს ნებისმიერი საშუალებით და შემდგომში არ აფასებს იმ სხვა გარემოებებს ან თვისებებს რასაც ფემინურად მიიჩნევს, რომელთა სიაში ბუნებაც დიდ როლს იკავებს. ეგრეთ წოდებული overproduction (გადამეტებული წარმოება) და  overconsumption (გადამეტებული მოხმარება) სწორედ კაპიტალიზმის შედეგია, და ეს ყველაფერი კლიმატის ცვილებას და ბუნების განადგურებას უწყობს ხელს.

2. ამ ურთიერთკავშირის გაგება და გათავისება აუცილებელია სამართლიანი ცვლილებებისთვის:

იმისათვის, რომ რეალური, პოზიტიური გავლენა მოახდინოს როგორც გარემოს დეგრადაციის, ისე მარგინალიზებული ჯგუფების ჩაგვრის შემთხვევებში, ეკოფემინიზმი ამბობს, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი კავშირები პატრიარქალურ საზოგადოებასთან. ფემინიზმმა უნდა გაითვალისწინოს ეკოლოგიური პრობლემები და პირიქით.

___________

რადგანაც ეკოფემინისტები ზრუნავენ ინკლუზიური გარემოს შექმნაზე, ასევე აუცილებელია მოძრაობის წინა პლანზე მრავალფეროვანი ღირებულებების შექმნის მნიშვნელობა. კერძოდ, ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულნი არიან გარემოს განადგურებით – ქალები, არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ არიან აღჭურვილნი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომ, ეკოფემინისტები მოუწოდებენ ყველა ქალს, რომ გაერთიანდნენ ბუნების და შესაბამისად ჩვენი პლანეტის გადარჩენისთვის.

კარგი სიახლე არის ის, რომ 21-ე საუკუნეში ეკოფემინიზმი კიდევ უფრო ფარტომასშტაბიანი ხდება. დღესდღეობით არსებობს არაერთი საერთაშორისო მოძრაობა და ორგანიზაცია, რომლებიც ეკოფემინიზმის პოპულარიზაციას ახდენენ და მათ ყველაზე დიდ ნაწილს ახალგაზრდები შეადგენენ, რაც იმედის მომცემ მომავალს გვპირდება. ასეთი მოძრაობებია Fridays For Future, Break Free From Plastic, და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკოფემინისტური მოძრაობების დამფუძნებლები ქალები არიან, თუმცა რათქმა უნდა მსგავსი ტიპის კამპანიებში ახალგაზრდა მამაკაცებიც აქტიურად არიან ჩართულები, რადგან ფემინიზმის იდეა არის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თანასწორობა, რომელსაც ყველა სქესის ადამიანი თანაბრად იზიარებს.