კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2023“

ორგანიზაცია - „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო” (WECF Georgia) - აცხადებს კონკურსს მედია თანასწორობისთვის 2023", რათა დღის წესრიგში დააყენოს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში ეთიკური მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმა და ამით საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

სწორედ ამიტომ, კონკურსი წაახალისებს და მხარს დაუჭერს ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების მიმართულებით შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებსა და მათ ავტორებს.

პრიზი და კატეგორიები

WECF საქართველო  „მედია თანასწორობისთვის 2023” ჯილდოს მოპოვებისთვის კონკურსს გამოაცხადებს ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში. თითოეულ კატეგორიაში გაიმარჯვებს ის ნამუშევარი, რომელიც გამოირჩევა გენდერულად მგრძნობიარე თხრობის სტილით, მიზნად ისახავს და ხელს უწყობს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის იდეის დღის წესრიგში დაყენებას, გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და არსებული გამოწვევებისა და პრობლემების სისტემურ ჭრილში ჩვენებას.

საკონკურსო კატეგორიებია: 

  1. საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი (ცენტრალურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი და ა.შ.) 
  2. საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი  (რეგიონულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტის მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი და ა.შ.) 
  3. საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი (კედლის მხატვრობა, ფოტოამბავი, ინსტალაცია და სხვ.);
  4. საუკეთესო ციფრული პლატფორმა (ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული ინდივიდების, ორგანიზაციების ან საინიციატივო ჯგუფების მიერ. კატეგორია არ მოიცავს სატელევიზიო თუ ონლაინ მედიების ციფრულ პლატფორმებს);
  5. საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი (აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ, ჟურნალისტიკის ან სხვა რელევანტური ფაკულტეტების სტუდენტებს. ამ კატეგორიაში მიიღება სტუდენტების მიერ მომზადებული მედია პროდუქტი: სატელევიზიო სიუჟეტი, სტატია, ვიდეო-სიუჟეტი, პოდკასტი, რადიო გადაცემა და ა.შ.  მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს ნებისმიერ სტუდენტურ ან სხვა მედია პლატფორმაზე).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თითოეულ კატეგორიაში გამოგზავნილი საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული 2022 წლის 11 ნოემბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე.

კონკურსს თითოეულ კატეგორიაში ეყოლება სამი გამარჯვებული - „თანასწორობის ჩემპიონი."

პირველ ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორი ჯილდოს სახით მიიღებს 900 ევროს ექვივალენტს ლარში.

მეორე ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორი - 500 ევროს ექვივალენტს ლარში

მესამე ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორი - 300 ევროს ექვივალენტს ლარში

თითოეული ნომინანტი  ჩვენგან მიიღებს საჯარო დაფასებას, ქალების გაძლიერებასა და მედიის გაუმჯობესებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

კონკურსს ყოველწლიურად ექნება პრიორიტეტული თემა კონტექსტიდან გამომდინარე. „მედია თანასწორობისთვის 2023”-ის პრიორიტეტული თემებია:

  • გენდერული დეზინფორმაცია და მისი გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე;
  • ლგბტქ საკითხების გაშუქება (ლგბტქ ადამიანების მიგრაცია, შრომითი უფლებები, უსაფრთხოება, გამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია და ა.შ.);
  • მიგრაციის ფემინიზაცია (სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, სახელმწიფო პოლიტიკა, მიგრანტი ქალების საჭიროებები და გამოწვევები და ა.შ.).

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ოქტომბერი.

კონკურსში მონაწილეობისთვის აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: https://www.wecf.ge/aplication-form/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: mariam.paichadze@wecf.org

2023 წლის გამარჯვებული ნამუშევრები2022 წლის გამარჯვებული ნამუშევრები2021 წლის გამარჯვებული ნამუშევრები

კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2023″ ხორციელდება ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ – ფარგლებში.