საქართველოში პროექტი ,,ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის" დაიწყო

საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF) წამოიწყო ახალი პროექტი ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში”, ან შემოკლებული ვერსიით ,,ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის”. პროექტი ხორციელდება ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით როგორიცაა ქალთა ფონდი საქართველოში, ქალი და რეალობა, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, პანკისის ქალთა საბჭო და რაჭის სათემო ორგანიზაცია.

საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაცულია ქალების, ახალგაზრდებისა და უმცირესობათა ჯგუფების უფლებები, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ მიმართ დისკრიმინაცია და მარგინალიზაცია გრძელდება. COVID-19 კრიზისმა გააუარესა ქალების, ახალგაზრდებისა და უმცირესობების მდგომარეობა, შეამცირა მათი შესაძლებლობების გაძლიერება ქალების შინ შრომის გაზრდის, შეკრების შეზღუდვის, ძალადობის რისკის, ინფორმაციისა და განათლების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. ბევრმა მათგანმა დაკარგა ან დატოვა სამსახური, რამაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

ამგვარად, პროექტი „ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის“ მიზნად ისახავს ქალების/გოგონების მხარდაჭერას საქართველოს ოთხ რეგიონში (კახეთი, გურია, რაჭა და იმერეთი), რათა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარად მონაწილეობდნენ და პატრიარქალური ცნობიერება, თუ სტერეოტიპები შეცვალონ. ფემინისტი აქტივისტები, ახალგაზრდების ჩათვლით, გაივლიან ტრენინგებს და დაფინანსებას მიიღებენ ადგილობრივი ინიციატივებისა და პროექტების განსახორციელებლად, რაც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. ეს აქტივობა გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილობრივი ქალებისა და კაცების, გოგონებისა და ბიჭების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის

1. პროექტი ითვალისწინებს 15 სათემო და 15 ახალგაზრდა ტრენერის მომზადებას, რომლებიც დაატრენინგებენ სამიზნე ჯგუფებს ოთხ რეგიონში. სამი წლის განმავლობაში 480 ადგილობრივი ფემინისტი აქტივისტი და 650 გოგონა და ბიჭი გაივლის ტრენინგს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე. ასევე, ისინი შეიძენენ ზოგად უნარებსა და საბაზისო ცოდნას გენდერის შესახებ

2. დატრენინგებულ აქტივისტებზე გაიცემა 30 სათემო გრანტი, ხოლო ახალგზარდული ჯგუფებისთვის 60 მცირე გრანტი, რაც ხელს შეუწყობს დაახლოებით 6000 ადგილობრივი მოსახლის ცხოვრების გაუმჯობესებას

3. პროექტის ფარგლებში ვიმუშავებთ ჟურნალისტებსა და ინფლუენსერებთან ეთიკური გაშუქების გასაუმჯობესებლად, ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, თანასწორობა და პატრიარქატი მოხალისეობრივი ქარტიის შემუშავებითა და მედია ჯილდოების მეშვეობით.

4. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე პოლიტიკის წარმოებაში მონაწილეობას მიიღებს 150 ადგილობრივი / რეგიონალური და 50 ეროვნული გადაწყვეტილების მიმღები პირი, მათ შორის მუნიციპალურ დონეზე გენდერულ საკითხებზე მომუშავე მნიშველოვანი აქტორები, რათა გაიზარდოს და გაუმჯობესდეს მათი ინფორმირებულობა და პოლიტიკა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებთან დაკავშირებით.

პროექტი მიზნად ისახავს გაძლიერების საკითხზე მუშაობას სამი მიმართულებით:

  • ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, პროექტი მიზნად ისახავს გაზრდილ ანაზღაურებას, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას, სახელმწიფო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ქალების აუნაზღაურებელი სამუშაოს შემცირებას და ბიზნესში მმართველ თანამდებობებზე ქალების რაოდენობის ზრდას. ტრენინგები მოიცავს ბიზნესისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო დაფინანსებისა და სერვისების მისაღებად.
  • პოლიტიკური გაძლიერება გულისხმობს ქალთა ჩართულების ზრდას გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე საჯარო სექტორში, რისი მიღწევაც შესაძლებელია იურიდიული კვოტირების განხორციელებითა და კანდიდატების გაძლიერებით. ადგილობრივი აქტივისტები დატრენინგდებიან, რათა ჩამოაყალიბონ და წარმოადგინონ თავიანთი პრიორიტეტები მუნიციპალური პოლიტიკის წარმოების პროცესში, ბიუჯეტის დაგეგმვის შეხვედრებში, მიიღონ მონაწილეობა გენდერული ბიუჯეტის ანალიზსა და დარწმუნდნენ, რომ მათი საჭიროებები და პრიორიტეტები ინტეგრირებულია პოლიტიკასა და ბიუჯეტში შესაბამისი ორგანოების მიერ.
  • სოციალური გაძლიერება სტიმულირდება ძირითადი პატრიარქალური სტერეოტიპების ფონზე ქალთა, (ეთნიკური) უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობით. ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგი საზოგადოებაში მათი მონაწილეობის, პრიორიტეტების ფორმულირებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობის მისაღებად, რაც ხალხს ქალებისა და უმცირესობების წარმომადგენლების ტრადიციულ როლებს სხვა პერსპექტივაში დაანახებს.

მთელი რიგი ონლაინ შეხვედრების შემდეგ, პროექტის გუნდმა 25-26 მარტს ჩაატარა სტარტაპ შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან, სადაც განიხილეს პროექტის კონცეფცია. მნიშვნელოვანი იყო მინი ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჩართულობაზე პროექტის აქტივობებში და სტრატეგიული დაგეგმვა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. პარტნიორმა ორგანიზაციებმა მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი ორგანიზაციის საქმიანობა, და ასევე, მათ შეძლეს მათ საქმიანობაში საერთო გადაკვეთის წერტილების პოვნა.

 


რა არის ეკოფემინიზმი?

ჩვენ ცალ-ცალკე ყველას გვსმენია გარემოს დაცვისა და ფემინიზმის შესახებ, თუმცა ნაკლებად ცნობილია ამ ორი იდეოლოგიის გამაერთიანებელი კონცეფცია, რომელსაც ეკოფემინიზმი ეწოდება. ეკოფემინიზმი, იგივე ეკოლოგიური ფემინიზმი, არის ფემინიზმის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც იკვლევს კავშირებს ქალსა და ბუნებას შორის.

ეკოფემინიზმი არის იდეოლოგია, რომელიც უფრო ფართო სპექტრში განიხილავს ისეთ პრობლემებს როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, გენდერული თანასწორობა და სოციალური უსამართლობა. ის ასევე განიხილავს ამ პრობლემების კავშირს საზოგადოებაში გაბატონებულ პატრიარქალურ კულტურასთან მიმართებაში. 

გაეროს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილების შედეგად იძულებით გადაადგილებული ადამიანების 80% არის ქალი. ასევე ის ფაქტორიც, რომ ქალები მთელს მსოფლიოში, როგორც წესი, ნაკლებ ფულს გამოიმუშავებენ და უფრო მეტად არიან დამოკიდებულები ბუნებრივ გარემოზე, ისინი უფრო მეტად გადაადგილდებიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად. გადაადგილების მიზეზი ბევრია, მათ შორის ისიც რომ ქალებმა მოიპოვონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთი რესურსები, როგორიცაა თუნდაც წყალი. 2016 წელს გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ შესაძლოა ზოგიერთ მამაკაცს გარემოს დაცვის პრობლემა ნაკლებად ადარდებდეს, რადგან მას ეს პრობლემა და მოძრაობა ფემინური ჰგონია. 

ეკოფემინიზმის რამდენიმე ქვეგანშტოება არსებობს, მათ შორის ვეგეტარიანული ეკოფემინიზმი, სულიერი ეკოფემინიზმი და მატერიალისტური ეკოფემინიზმი. მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებთ ის, რომ პატრიარქალურმა დომინირებამ გამოიწვია ბუნებასა და კულტურას შორის კავშირის დაკარგვა, რამაც უარყოფითად იმოქმედა არა მხოლოდ მარგინალიზებულ ჯგუფებზე, ასევე თავად ბუნებასა და ეკოლოგიაზე.

ეკოფემინიზმის საწყისები

ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაიზარდა კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება და აქტივიზმი. შესაბამისად ფემინისტურმა მოძრაობებმა დაიწყეს გენდერული თანასწორობისა და გარემოს დაცვის საერთო გზების იდენტიფიცირება.

ტერმინი ,,ეკოფემინიზმი” შემოიღო ფრანგმა ფემინისტმა ფრანსუაზ დ’ეუბონმა 1974 წელს. მისი თქმით, ქალების, ფერადკანიანი ადამიანების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების შეზღუდვა და ჩაგვრა არსებითად უკავშირდება ბუნებრივი სამყაროს დეგრადაციას, რომელიც პატრიარქალური ბატონობის შედეგია. ეკოფემინიზმს მალევე ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა მსოფლიოს გარშემო.

თითქმის უკვე 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტერმინი ,,ეკოფემინიზმი” ოფიციალურად დაინერგა. დღესდღეობით, მიუხედავად იმისა რომ პირდაპირ სიტყვა არ გამოიყენება, ეკოფემინიზმის პრინციპები შერეულია თანამედროვე კლიმატის ცვლილებების მოძრაობაში და ასევე იმ ორგანიზაციების აქტივიზმშიც, ვინც მხარს უჭერს ადამიანებისა და გარემოს უფლებების დაცვას.

 

ორი პრინციპი რაც დაგეხმარება გახდე უფრო ეკოფემინისტი:

1. მარგინალიზებული ჯგუფების ჩაგვრა და კლიმატის ცვლილებები დაკავშირებულია საერთო მიზეზით:

პატრიარქალურმა დომინირებამ, რომელსაც მიაჩნია, რომ მასკულინური თვისებები უფრო ღირებულია ვიდრე ფემინური, გამოიწვია ბუნების დეგრადაცია (მიწა და ცხოველები), ჯგუფების მარგინალიზაციასთან ერთად, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ფერადკანიანი ადამიანების ჩათვლით. კაპიტალიზმი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ჩაგვრას, რადგან ის აფასებს მხოლოდ პროდუქტიულობას  და შემოსავალს ნებისმიერი საშუალებით და შემდგომში არ აფასებს იმ სხვა გარემოებებს ან თვისებებს რასაც ფემინურად მიიჩნევს, რომელთა სიაში ბუნებაც დიდ როლს იკავებს. ეგრეთ წოდებული overproduction (გადამეტებული წარმოება) და  overconsumption (გადამეტებული მოხმარება) სწორედ კაპიტალიზმის შედეგია, და ეს ყველაფერი კლიმატის ცვილებას და ბუნების განადგურებას უწყობს ხელს.

2. ამ ურთიერთკავშირის გაგება და გათავისება აუცილებელია სამართლიანი ცვლილებებისთვის:

იმისათვის, რომ რეალური, პოზიტიური გავლენა მოახდინოს როგორც გარემოს დეგრადაციის, ისე მარგინალიზებული ჯგუფების ჩაგვრის შემთხვევებში, ეკოფემინიზმი ამბობს, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი კავშირები პატრიარქალურ საზოგადოებასთან. ფემინიზმმა უნდა გაითვალისწინოს ეკოლოგიური პრობლემები და პირიქით.

___________

რადგანაც ეკოფემინისტები ზრუნავენ ინკლუზიური გარემოს შექმნაზე, ასევე აუცილებელია მოძრაობის წინა პლანზე მრავალფეროვანი ღირებულებების შექმნის მნიშვნელობა. კერძოდ, ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულნი არიან გარემოს განადგურებით – ქალები, არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ არიან აღჭურვილნი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომ, ეკოფემინისტები მოუწოდებენ ყველა ქალს, რომ გაერთიანდნენ ბუნების და შესაბამისად ჩვენი პლანეტის გადარჩენისთვის.

კარგი სიახლე არის ის, რომ 21-ე საუკუნეში ეკოფემინიზმი კიდევ უფრო ფარტომასშტაბიანი ხდება. დღესდღეობით არსებობს არაერთი საერთაშორისო მოძრაობა და ორგანიზაცია, რომლებიც ეკოფემინიზმის პოპულარიზაციას ახდენენ და მათ ყველაზე დიდ ნაწილს ახალგაზრდები შეადგენენ, რაც იმედის მომცემ მომავალს გვპირდება. ასეთი მოძრაობებია Fridays For Future, Break Free From Plastic, და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკოფემინისტური მოძრაობების დამფუძნებლები ქალები არიან, თუმცა რათქმა უნდა მსგავსი ტიპის კამპანიებში ახალგაზრდა მამაკაცებიც აქტიურად არიან ჩართულები, რადგან ფემინიზმის იდეა არის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თანასწორობა, რომელსაც ყველა სქესის ადამიანი თანაბრად იზიარებს.