გენდერული კვოტების კანონის გავლენა ქართულ არჩევნებზე

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც კვოტორების სისტემა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. კვოტა, როგორც მექანიზმი, საშუალებას აძლევს ქალებს ხელი მიუწვდებოდეს ძალაუფლებრივ პოზიციებზე, რომელზეც, უმრავლეს შემთხვევაში, კაცები არიან წარმოდგენილები.

კვოტირების ეფექტურობის შესახებ ხშირად ჩნდება კითხვები, ამიტომ უმჯობესია ავხსნათ რა არის კვოტირების, როგორც მექანიზმის მიზანი. ამ ინიციატივის და უკვე საკანონმდებლო ცვლილების მიზანია აჩვენოს, რომ თანაბარი წარმომადგენლობა საკანმომდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში არის მნიშვნელოვანი, აუცილებელი და სავალდებულოც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გენდერული თანასწორობა არის ღირებულება და ამ ღირებულების საკნონმდებლო დონეზე აღიარება ხდება კვოტირების მეშვეობით.

არავინ დავობს, რომ კვოტა არის ხელოვნური ჩარევა (როგორც ყველა სხვა კანონი), მაგრამ, ამასთანავე, ეს არის შესაძლებლობა, რომ პატრიარქალური წესრიგის (უფრო უწესრიგობის) და ძალაუფლების არაპრპორციული გადანაწილება შერყევა მოხდეს. ეს არის შანსი ქალებისთვის, გაარღვიონ პატრიარქალური სისტემების ჩაკეტილი წრე და შეაღწიონ იქ, სადაც მათ არავინ ეპატიჟებათ. რაც მთავარია, კვოტა იძლევა შესაძლებლობას ქალებისთვის მართონ, ჰქონდეთ ძალაუფლება და ჯავშნით აღჭურვილები შევიდნენ პატრიარქატით დანაღმულ ტერიტორიაზე. ილაპარაკონ და იმოქმედონ იქ, სადაც მათი მოხვედრა კვოტირების გარეშე წარმოუდგენელი და ხშირად არარეალურიც კია.

კვოტა, როგორც ინსტრუმენტი, საჭიროა იქ, სადაც ქალებს თანაბარი პირობები, გარემოებები, კონკურენციის შესაძლებლობა და თავის გამოვლენის საშუალება აპრიორი არ გააჩნიათ, სწორედაც რომ ასე მოჭარბებული ანდროცენტრიზმის გამო.

ქართულ პოლიტიკაში კვოტირების სისტემამდე და შემდგომ სურათს თუ შევადარებთ, მშრალი სტატისტიკაც კი ნათლად აჩვენებს პროგრესს. მაგალითად, 2020 წელს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შედეგად, არჩევნებში მონაწილე პარტიებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პარტიული სიები წარდგენა ყოველ ოთხეულში, მინიმუმ, ერთი განსხვავებული სქესის წარდგენით დაევალათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო სიას არ დაამტკიცებს და პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კანონით ეს სავალდებულო ნორმა, მხოლოდ, პროპორციულ სიებზე ვრცელდება და შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა ქართულ პარლამენტში 14%-დან 20%-მდე გაიზარდა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც წარმომადგენლობით ორგანოებში სრულ პარიტეტს, ან, მინიმუმ, ქალთა „კრიტიკული მასის“ (30%) არსებობას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტში ქალთა ჩართულობა კვლავ არასათანადოა. თუმცა, ბოლო წლების გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმალური პროგრესიც კი, სრულად გენდერული კვოტების სავალდებულო ნორმის დამსახურებაა.

მიუხედავად იმ ცვლილებისა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ თავდაპირველად განსაზღვრული ყოველი მეორე განსხვავებული სქესი პროპორციულ სიაში, ყოველ სამეულში განსხვავებული სქესით შეცვალა, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მუნიციპალურ დონეზე ქალთა წარმომადგენლობის ისტორიული პროგრესი გვაქვს. დღეს პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატების 31%-მდე ქალია, 2017 წელს არჩეული საკრებულოს წევრებიდან კი, მხოლოდ, 13% იყო ქალი. ასეთივე ოპტიმისტური სურათი, სამწუხაროდ, არ გვაქვს მაჟორიტარი საკრებულოს წევრებში - 664 მაჟორიტარი საკრებულოს წევრიდან 45 ქალია, ხოლო - 64 მერიდან მხოლოდ 3 ქალია. ეს კი დამატებითი არგუმენტია გენდერული კვოტების სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ კვოტების ვალდებულება არ ეხება მაჟორიტარულ სისტემას და შედეგიც სახეზეა, პროპორციული სიების მიღმა ქალთა წარმომადგენლობა კვლავ დაბალი რჩება.

კვოტირება გენდერული თანასწორობის მყისიერ გადაწყვეტას არ წარმოადგენს და ის არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც ერთადერთი გამოსავალი. კვოტირების სისტემა არის ინსტრუმენტი, მექანიზმი, რომელზეც გადაჭარბებული მოლოდინების დამყარება არახელსაყრელია. მისგან უნდა ველოდოთ ზუსტად იმას, რასაც გვთავაზობს, რაც გულისხმობს კონკრეტული მიზნის მიღწევს, ანუ ძალაუფლების თანაბარ გადანაწილებას. კვოტა პოლიტიკაში გვაძლევს მეტ-ნაკლებად ქალთა პროპორციის ზრდას, რომლის სიმბოლური ეფექტები არანაკლებ ძლიერი და დიდი მნიშვნელობის მატარებელია გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის საქმეში.