ქალების ისტორიული როლი და გამოწვევები საომარი ვითარებისას

უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საუკუნეების განმავლობაში, საომარ ვითარებებში ქალების წვლილი მრავალგვარი, მაგრამ ყოველთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო - თუ ანტიკურ დროში ომიანობისას ქალის ძირითადი როლი კერის ცეცხლის შენარჩუნებაში ან სამეფოს დროებით მართვაში გამოიხატებოდა, მე-18 საუკუნეში ისინი სამხედრო სამსახურს ქვეყნის შიგნით წარმოების შენარჩუნებით ეხმარებოდნენ. ყირიმის ომის ფრონტის ხაზზე და ევროპის სანგრებში კი ექთნობას სწევდნენ.

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურებების ფაქტები იმაზე დაფიქრებასაც გვავალდებულებს, რომ ომის გამოწვევები და საფრთხეებიც არ არის გენდერულად ერთგავროვანი.

ამ ბლოგში რამდენიმე ისტორიული ფაქტის შეხსენებით, საომარ მოქმედებებში ქალების როლთან ერთად, სწორედ იმ სპეციფიკურ საფრთხეებზე გვინდა დისკუსიის წამოწყება, რომელიც უკრაინელი ქალების როლის დაფასებისა და მათი უსაფრთხოების დაცვისთვის მნიშვნელოვანია.

პირველი მსოფლიო ომი

ომში ქალების როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებით პირველი და მეორე მსოფლიო ომებისას გაიზარდა და გამოიკვეთა.

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ქალის როლი დაუფასებელი იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ცხადად გამოიკვეთა ის გამორჩეული და განსაკუთრებული ძალისხმევა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში ქალებმა გამოავლინეს.

პირველ მსოფლიო ომში ქალის ჩართულობის მთავარი ფორმა ექთნობა იყო - ახალგაზრდა დაუოჯახებელი ქალები მოხალისეთა რიგებში აქტიურად ეწერებოდნენ. ისინი ხშირად შოკისმომგვრელ გარემოებებში, მცირე ან არანაირი სამედიცინო აღჭურვილობით მკურნალობდნენ დაშავებულებს, დახმარებას სწევდნენ ამპუტაციის დროს ან სიცოცხლის ბოლო საათებს უმსუბუქებდნენ მომაკვდავ ჯარისკაცებს. ისეთ მთავარ ბრძოლებში, როგორიც, მაგალითად ზომე (Somme) იყო, სადაც ბრძოლის ველზე ათასობით ჯარისკაცი შავდებოდა, ექთნებს ხშირად შეტაკების ეპიცენტრში უწევდათ შესვლა, რომ დაშავებულები საველე ჰოსპიტალში დროულად მიეყვანათ.

 

ექთნები ბრძოლის ველზე (წყარო: youngjournalistacademy.com)

ქალები მართავდნენ დროებით სასწრაფო მანქანებსაც გაუვალ გზებზე, სიცოცხლის შესანარჩუნებელ პროცედურებს აბსოლუტურად არასათანადო პირობებში ატარებდნენ. თუმცა ქალების ომში ჩართულობა მხოლოდ საველე ჰოსპიტალებით არ შემოიფარგლებოდა.

ზოგიერთ ქალს ფრონტის ხაზზე უნდოდა ბრძოლა თავისი ქვეყნისთვის და იყო შემთხვევებიც, როცა ქალები ამის გამო სქესს მალავდნენ და სამხედრო რიგებში კაცის სახელით ეწერებოდნენ. თუმცა ქალების უმრავლესობა იძულებული იყო სახლში დარჩენილიყო და ქვეყნის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საქმიანობები გადაებარებინა, სანამ კაცები ომობდნენ. ომში წასულ კაცთა წარმოუდგენლად დიდმა რაოდენობამ უფრო და უფრო მეტი გადამწყვეტი როლი დააკისრა ქალებს, მაგალითად: სარკინიგზო საქმიანობა, პოლიცია, ქარხნების მუშაობა, ფრონტის ხაზისთვის იარაღის წარმოება და მიწოდება. უფრო მაღალ სოციალურ კლასებში ქალები ომს უნიფორმების ქსოვით, თანხების აგროვებით, ჯარისკაცებისთვის მანუგეშებელი წერილების მიწერით უერთდებოდნენ.
ახლად აღმოჩენილი შესაძლებლობები და თავისუფლება ბევრი ქალისთვის ცვლილების შანსად იქცა და უფრო ფართო მასებშიც გამოიხატა: სუფრაჯეტების მოძრაობა 1914 წელს ვითარდებოდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ომმა ხელი შეუშალა, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ცვლილებების ძალად იქცა დიდ ბრიტანეთში. ცხადი ხდებოდა, ქალების ცხოვრება სულ მალე მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა.

მართლაც, ომის დროს ცვლილებების შესაძლებლობები ჩნდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მშვიდობიანი პერიოდის დადგომისთანავე ქალებს თავიდან უწევდათ ბრძოლა იმისთვის, რაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ - მათი თანაბარი უნარები და შესაძლებლობები ნებისმიერ, კაცებისგან დომინირებულ, სფეროში. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. უკრაინაში მიმდინარე ომსაც თუ ამ კუთხით შევხედავთ, აუცილებლად შევნიშნავთ, რომ დღესაც, 21-ე საუკუნეში, პირველი მსოფლიო ომიდან საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგაც კი, ისევ გვაოცებს ქალი სამხედროების არსებობა, ისევ გვაბნევს ტერმინოლოგია და ჩვენს კოლექტიურ გონებაში ქალი საომარი ვითარებისას ისევ მხოლოდ ექთნად, ჰუმანიტარული ტვირთისა თუ ფონდების მომძიებლად ან ლტოლვილად წარმოგვიდგება.

ეს დამოკიდებულება უცნაურია იმიტომაც, რომ ქალებს მათი ძალის მნიშვნელობა მხოლოდ პირველ მსოფლიო ომში არ უჩვენებიათ და ომისა და ქალების ურთიერთმიმართებაზე საუბრისას მეორე მსოფლიო ომის გარდამტეხ მომენტებსაც ვივიწყებთ.

მეორე მსოფლიო ომი

ქალთა როლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წელს მილიონობით ქალი მუშაობდა ჯარის თვითმფრინავებით, გემებითა და იარაღით მომარაგებაზე. ქალებს მოუწოდებნენ არა მარტო ფონდების მოძიებისკენ, ევაკუირებული ბავშვების შეფარებისკენ, საკუთარ ეზოში საკვების მოყვანისკენ ან ომზე მომუშავე ქარხნებში დასაქმებისკენ, არამედ უშუალოდ ბრძოლაში ჩართვისკენაც. იმ ქალთა 75%, რომლებიც ჯარს შეუერთდნენ, მოხალისეები იყვნენ. 

პირველი მსოფლიო ომის დროს ქალების უმრავლესობა ვერ აძლევდა ხმას, ვერ მსახურობდა ჯარში. სწორედ ამიტომ, ბევრმა მათგანმა ომი აღიქვა, როგორც შესაძლებლობა არამხოლოდ იმისა, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის, არამედ იმის შანსადაც, რომ მოეპოვებინათ მეტი უფლება და დამოუკიდებლობა. მილიონობით კაცის სახლიდან შორს ყოფნის ფონზე ქალებმა თითქმის სრულად ჩაანაცვლეს კაცები მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. სხვები ფრონტის ხაზზე მსახურობდნენ როგორც ექთნები, სასწრაფოს მანქანის მძღოლები, თარჯიმნები და იშვიათ შემთხვევებში, მეომრები.

ამერიკის საავიაციო სამსახურის პილოტები, რომლებიც მართავდნენ ქარხნიდან ფრონტის ხაზთან მიმავალ თვითმფრინავს. (წყარო: Wikimedia Commons)

ომში ჩართულმა ერებმა პოპულაციის სრული მობილიზება დაიწყეს, რადგან კიდევ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ უპირატესობას ის მხარე მოიპოვებდა, რომელსაც მეტი იარაღის წარმოება და მეტი ადამიანური რესურსის მობილიზება შეეძლო. ამიტომ, ქალებმა ახალი როლი შეითვისეს - იქცნენ სამუშაო ძალად ომისთვის საჭირო წარმოებასა და სოფლის მეურნეობაში.

1914 წელს გერმანიის შეიარაღების მწარმოებელ კომპანიას თითქმის არც ერთი ქალი დასაქმებული არ ჰყავდა. 1917 წლისთვის ქალებმა იგივე კომპანიის 175 000-იანი სამუშაო ძალის 30% შეადგინეს და ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1.4 მილიონი ქალი შეუერთდა ომთან დაკავშირებულ სამუშაო ძალას. ბრიტანეთმაც გაზარდა მისი იარაღის წარმოება ქალი მუშა ხელის დასაქმების გზით. 1914 წლის ივლისში 3.3 მილიონი ქალი აკეთებდა ანაზღაურებად საქმეს ბრიტანეთში. ხოლო 1917 წლის ივლისისთვის იგივე რიცხვი 4.7 მილიონი იყო. ბრიტანელი ქალები მსახურობდნენ სამეფო საჰაერო და საზღვაო ძალებშიც.

„მიმსალმებელი გოგოები"

დასავლეთ ფრონტზე მოკავშირე ძალებს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, გენერალმა ჯონ პერშინგმა ქალ სატელეფონო ოპერატორთა ერთეულის შექმნის ბრძანება გასცა. ეს ერთეული ასაქმებდა ორენოვან, ინგლისურად და ფრანგულად მოსაუბრე, ქალებს დასავლეთის ფრონტზე სატელეფონო ოპერატორებად. 

ამ ერთეულის წევრმა ქალებმა ფიზიკური წვრთნა გაიარეს, ემორჩილებოდნენ მკაცრ სამხედრო პროტოკოლს, ატარებდნენ ვინაობის აღმნიშვნელ ბარათებს და ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს მუშაობდნენ. ამ ქალებს მეტსახელად „მიმსალმებელ გოგოებს“ (Hello Girls) ეძახდნენ (რაც ზოგიერთი მათგანისთვის მათი შრომისა და ძალისხმევის დაკნინებად აღიქმებოდა) და ცნობილები გახდნენ თავიანთი სიმამაცითა და სტრესის ქვეშ კონცენტრირების უნარით. 

 

მიმსალმებელი გოგოები (წყარო: Wikipedia)

მიუხედავად ამისა, ომის დასრულების შემდეგ ამერიკაში დაბრუნებულმა „მიმსალმებელმა გოგოებმა“ ვეტერანის სტატუსი და მასთან დაკავშირებული ბენეფიტები 1977 წლამდე ვერ მიიღეს. 1977 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გადარჩენილი სატელეფონო ოპერატორი ქალების მცირე ნაწილმა აღიარება და ვეტერანის სტატუსი მიიღო.

 

 

 

გაუპატიურება, როგორც ომის იარაღი

 

საომარი ვითარებისას ჯარისკაცების მიერ ქალების გაუპატიურების ფაქტები ისტორიაში არაერთხელ გამოკვეთილა. მართლაც, გაუპატიურება დიდ ხანს აღიქმებოდა ომის სამწუხარო, მაგრამ გარდაუვალ ნაწილად - როგორც სამხედროების ხანგრძლივად დაუკმაყოფილებელი სექსუალური სურვილებისა და არასაკმარისი სამხედრო დისციპლინის შედეგი. გაუპატიურების ომის იარაღად გამოყენება შემაძრწუნებლად გამოიკვეთა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ორივე მხარე - ე.წ. „მოკავშირეებისა“ და “აქსისის“ არმია აუპატიურებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას მტრის დატერორებისა და დემორალიზების მიზნით. ამ ტიპის დანაშაულის ორი ყველაზე შემაშფოთებელი მაგალითი იაპონიის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ქალების სექსუალურ მონებად ქცევა და გერმანელი ქალების რუსი ჯარისკაცების მიერ მასობრივი გაუპატიურებებია.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაუპატიურების შემთხვევები დაფიქსირებული იყო 20 მილიტარულ და პარამილიტარულ კონფლიქტში. 90-იანებში გაუპატიურება გამოყენებული იქნა, როგორც ეთნიკური წმენდის ინსტრუმენტი ყოფილ იუგოსლავიაში და როგორც გენოციდის იარაღი რუანდაში. იუგოსლავიის შემთხვევაში, დამორჩილებული ეთნიკური ჯგუფების წევრ ქალებს განზრახ აორსულებდნენ გაუპატიურების გზით მტრის ჯარისკაცები, ხოლო რუანდას შემთხვევაში ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წევრ ქალებს სისტემატიურად აუპატიურებდნენ ჰუტუს ტომის წევრებით დაკომპლექტებული მთავრობის მიერ შექმნილი აივ ინფიცირებული კაცების ჯგუფი. 

გვიან მე-20 საუკუნეში, ნაწილობრივ ბალკანეთის და რუანდის კონფლიქტების გავლენით, საერთაშორისო საზოგადოებამ დაიწყო გაუპატიურების იარაღად და ომის სტრატეგიად აღქმა და ჩაიდო ძალისხმევა იმაში, რომ მსგავსი დანაშაულები საერთაშორისო სამართლით დარეგულირებულიყო. პირველადი წესდება, ჟენევის კონვენციის 27-ე მუხლი „საომარი ვითარებისას მოქალაქეების დაცვის" თაობაზე (1949), უკვე მოიცავდა ქალების დაცვას „მათი ღირსების შელახვისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედებისგან, კონკრეტულად გაუპატიურებისგან, ძალდატანებითი პროსტიტუციისგან, ან ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან".

1993 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ (შემდგომში, 2006 წლიდან, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ) სისტემური გაუპატიურება და სექსუალური მონობა ქალთა უფლებების დარღვევის ფორმით კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად გამოაცხადა. 1995 წელს ქალებთან დაკავშირებულ გაეროს  მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე დაზუსტდა, რომ  საომარი ვითარებისას შეიარაღებული ძალების მხრიდან ქალების გაუპატიურება ომის კრიმინალია. საერთაშორისო ტრიბუნალის იურისდიქციამ იუგოსლავიასა და რუანდაში ჩადენილი დანაშაულები გაუპატიურების შემთხვევების ჩათვლით განიხილა, რაც პირველი საერთაშორისო პრეცედენტი იყო, როცა სექსუალური ძალადობა ომის კრიმინალის კვალიფიკაციით გასამართლდა. 1998 წლის ამ მნიშვნელოვან საქმეში რუანდის ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გენოციდის პროცესის ნაწილი იყო". 1998 წელს შექმნილ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ქალთა საკითხებთან მიმართებითაც მიენიჭა, მათ შორის გაუპატიურებასა და ძალდატანებით ორსულობაზე. 

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ 2008 წელს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ომის დანაშაულია და შესაძლოა გენოციდის შემადგენელი კომპონენტიც იყოს."

მიუხედავად იმისა, რომ ომი ყოველთვის იყო მსოფლიო ისტორიის განუყოფელი ნაწილი და ქალების გაუპატიურება მისი ერთ-ერთი ძლიერი იარაღი, მე-20 საუკუნის ბოლომდე სექსუალური ძალადობის ომის დანაშაულად კვალიფიცირება არ მომხდარა. ამის ძირითადი მიზეზები კი ქალის ისტორიულ აღქმაშია: ქალები მრავალი საუკუნის განმავლობაში არ ფლობდნენ საკუთარ სხეულს, არ ჰქონდათ არანაირი ავტონომია და ზოგიერთ ქვეყანაში ეს დღესაც ასეა. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ქალი, როგორც საკუთრება, „დასაპყრობ ობიექტთა" სიაში ყოველთვის იყო. მეტიც, მისი გაუპატიურება არათუ მისსავე, არამედ კაცის ღირსების საკითხად აღიქმებოდა. 

დღესაც, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან ყველაზე ნაკლებს გაუპატიურებაზე ვსაუბრობთ, იმის მიუხედავად, რომ ომის დაწყებიდან მალევე გახდა ცნობილი სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტის შესახებ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ისტორია არ დარჩეს მხოლოდ ამბად და ქალების ძალისხმევა, რომელმაც არაერთ ომში გარდამტეხი როლი ითამაშა, არ მიეცეს დავიწყებას. არც იმ ქალების ტანჯვა უნდა იქცეს სამწუხარო ისტორიებად, რომლებიც სწორედ ომში გაუპატიურების მიმღებლობის, ძალადობის ნორმალიზების და მასზე არლაპარაკის გამო ცხოვრების ხარისხის ფუნდამენტურად შემცვლელი ტრავმით ცხოვრობენ. ისტორიამ უნდა გვასწავლოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საომარი ვითარებისას გაუპატიურების შემთხვევებზე დროული საუბარი და რეაგირება და როგორ შეიძლება დავიცვათ ქალები ამ ტიპის ძალადობისგან. 

 

წყაროები:

https://www.theworldwar.org/learn/women#:~:text=With%20millions%20of%20men%20away,rare%20cases%2C%20on%20the%20battlefield.

https://www.thehistorypress.co.uk/women-s-history/women-and-war/

https://www.britannica.com/topic/rape-crime/Rape-as-a-weapon-of-war

https://www.dailysabah.com/opinion/op-ed/the-pain-of-systematic-rape-victims-in-bosnia-never-ends

https://www.jstor.org/stable/762769

https://www.un.org/en/preventgenocide/rwanda/assets/pdf/Backgrounder%20Sexual%20Violence%202014.pdf

 


ორმაგი სამუშაო დღე: ისვენებენ თუ არა ქალები?

სამსახურში იქნება ეს თუ სახლში, თანასწორობა ქალსა და კაცს შორის სასურველთან ახლოსაც კი არაა.

ამ ბლოგში არ ვისაუბრებთ ანაზღაურებებს შორის გენდერულ უთანსწორობაზე, რაზეც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო კვლევაც მიუთითებს, არამედ მოგითხრობთ ქალების ორმაგი შრომის, ოჯახებში მათი შრომის ექსპლუატაციისა მიზეზებსა და შედეგების შესახებ.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, ფრანგმა სოციოლოგმა მონიკ ეკომ დაამკვირდა ტერმინი და კონცეფცია, რომელიც ცნობილია როგორც ,,კოგნიტური დატვირთვა”. კონცეფცია, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ავტორისეულ კვლევას, ვრცელდება დაოჯახებულ ან/და წყვილში მყოფ ქალებზე, რომლებიც პროფესიულად აქტიურები არიან და, ამასთანავე, უწევთ საოჯახო საქმეების ორგანიზება ან/და კეთება. ზემოთხსენებული კვლევა ასახავს, თუ როგორ უწევთ ქალებს ანაზღაურებადი (სამსახურის) და აუნაზღაურებელი შრომის (საოჯახო საქმეების) შეთავსება, რაც, ფაქტობრივად, მათთვის ორმაგ სამუშაო დღეს გულისხმობს.

აქედან გამომდინარე, ქალებში მენტალურ დატვირთვას დიდწილად სწორედ ის გარემოებები იწვევს, რაც მათი პროფესიული და საოჯახო საქმეების შეთავსებასთან არის დაკავშირებული, რადგან ხშირად ერთს ვერ შორდებიან ბოლომდე, როცა მეორეს აკეთებენ. ალბათ, ხშირად გვინახავს ქალები, რომლებიც შვილების სკოლიდან გამოყვანას, მათ სხვადასხვა წრეებზე გაგზავნას თუ სახლის სხვა უამრავ საქმეს აორგანიზებენ სამსახურიდან. რამდენ კაცს იცნობთ შვილის ძიძას რომ არჩევდეს ან/და საოჯახო საქმეებში დამხმარეს? ძირითადად, მსგავსი ტიპის მოვალეობებიც მხოლოდ ქალების პასუხისმგებლობად რჩება.

მენტალური ტვირთი ქალებს აიძულებს იჟონგლიორონ ყოველდღიურ საქმეებსა და სამსახურებრივ პასუხსიმგებლობებს შორის, რაც მოითხოვს დამატებით გონებრივი და ფიზიკური რესურსების მობილიზებას. ეს ყველაფერი კი საბოლოდ მათ ჯანმრთელობაზეც აისახება უარყოფითად, რადგან ქალებს თითქმის არ რჩებათ დრო დასვენებისა და თუ საკუთარი თავისთვის.

ქალებისგან განსხვავებით, კაცებს თითქმის არასდროს, ან ძალიან იშვიათად, აქვთ მენტალური დატვირთვის პრობლემა შინ საქმის გამო, რადგან ისინი საოჯახო საქმეებში არათანაბრად, ან საერთოდ არ არიან ჩართულები. კაცები ოჯახებში გვევლინებიან, როგორც ,,დამხმარე” და არა თანაბარ პასუხისმგებლობებისა და მოავლეობების მქონე ზრდასრულ ადამიანებად. ამას ადასტურების გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვით ქალები სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ შინ შრომაზე, ვიდრე - კაცები. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში, ქალთა მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან მათ არაანაზღაურებად შრომას ახალი პასუხისმგებლობები და მოვალეობები დაემატა.

საოჯახო საქმეებში კაცების არათანაბარი ჩართულობა, შრომის სქესობრივ დაყოფასთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ჰორიზონტალურ სეგრეგაციასთან, რის შედეგადაც სოციუმში არსებობს ტერმინები “კაცის საქმეს” და “ქალის საქმეს”. Რეალურად, ვინმეს საქმე, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს გამოგონილია საზოგადოების და უმეტესწილად პატრიარქალური წესრიგის მიერ, რაც რეალურად ქალების, როგორც ჯგუფის, სუბორდინაციას და მათი შრომის გაუფასურებას ემსახურება. მსგავი “წესრიგის” გამოა, რომ ქალებმა უნდა აკეთონ სახლის საქმე, რადგან შინ შრომა არის უხილავი, აუღიარებელი, დაუფასებელი და, რაც მთავარია, აუნაზღაურებელი.

ქალისთვის გაორმაგებული აუნაზღაურებელი შრომა, განსაკუთრებით, ძლიერდება სადღესასწაულო პერიოდებსა თუ არდადეგების დროს, როდესაც ქალებს ერთდროულად რამდენიმე საქმის დაგეგმვა და რეალიზება უწევთ, ისე, რომ ისინი ვერც კი ახერხებენ ამ დროის განმავლობაში სიამოვნების მიღებასა და განტვირთვას, როგორც ეს ხდება კაცების შემთხვევაში. ქართულ კონტექსტში, თან, მაგალითად, „ორი ახალი წლის“ ტრადიციას თუ გავიხსენებთ, რა დროსაც, თითქმის, მთელი თვით წყვეტს ყველა და ყველაფერი მუშაობას, ქართველი ქალების უმრავლესობისთვის კი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და დამღლელი პერიოდია.

გამოსავალი ამ რთული და კომპლექსური პრობლემიდან მარტივი არაა, თუმცა შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ მენტალიტეტი და სტერეოტიპული აზროვნება შევცვალოთ, რომ ქალებმა საოჯახო საქმეების დელეგირება შეძლონ, კაცებმა კი გაიაზრონ და მიიღონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობები. გარდა ამისა, პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს გამართული სახელმწიფო სერვისების ქონას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ქალების მიერ საოჯახო საქმეებზე ყოველკვირეულად დახარჯულ 45 საათს და, შესაბამისად, მათ მენტალურ დატვირთვას.