პროექტ SENSE-ის გენერალური ასამბლეა თბილისში

გასულ კვირას, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს“ ორგანიზებით, თბილისში პროექტ SENSE-ის გენერალური ასამბლეა გაიმართა.
5 დღის განმავლობაში, 17 წევრი ორგანიზაციისგან შემდგარმა კონსორციუმმა იმსჯელა პროექტის მიმდინარეობაზე, სამომავლო გეგმებსა და შესაძლებლობებზე. ასამბლეის წევრებმა ასევე მოინახულეს პროექტის ფარგლებში გახსნილი ლაბი ახმეტის ინოვაციების ცენტრში და ასევე, ეზიარნენ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.
როექტი SENSE მიზნად ისახავს გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი STEM საგნების სწავლების მეთოდებში ხელოვნების ელემენტის შეტანის გზით. პროექტს ახორციელებს Horizon Europe-ის მიერ დაფინანსებული ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის კონსორციუმი, რომელიც 17 წევრისგან შედგება და ევროპის 14 ქვეყანას აერთიანებს.
პროექტის წარმომადგენელი საქართველოში არის „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო“, ხოლო ლაბი ახმეტაში ააიპ კახეთთან და ახმეტის „ინოვაციების ცენტრთან პარტნიორობით“ გაიხსნა.
ადევნეთ თვალი პროექტს SENSE:

11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა!

გაეროს მიერ დაწესებული ეს დღე ხელს უწყობს ცნობიერებას ამაღლებას გენდერული უთანასწორობის შესახებ, რომელსაც გოგონები მთელ მსოფლიოში აწყდებიან. ეს უთანასწორობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა განათლების ხელმისაწვდომობა, თანაბარი უფლებები, სამედიცინო დახმარება და დაცვა დისკრიმინაციისგან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ბავშვთა იძულებითი ქორწინებისგან.


მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ქორწინება ქართული კანონმდებლობით აკრძალულია, ბოლოდროინდელი ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკების წინაშე ახალგაზრდა გოგოები ჯერაც დაუცველნი არიან. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზე, არამედ იზრუნოს კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების მორგებაზე არსებულ რეალობასთან და გამოწვევებთან.


„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გოგონებისათვის განათლების მიღების წახალისებაა, მათ შორის ისეთ სფეროებში, რომლებშიც ქალები ყველაზე ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. სწორედ ამის ნაწილია პროექტი SENSE, რომლის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი STEM საგნების სწავლების მეთოდებში ხელოვნების ელემენტის შეტანის გზით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკური საგნების სწავლასა და სწავლებაში ახალგაზრდა გოგოების ჩართვა, რომლებიც, საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გამო, ხშირად თავს იკავებენ ამ გადაწყვეტილებისგან.


განაცხადების მიღების ვადა კონკურსისთვის „მედია თანასწორობისთვის 2023“ გახანგრძლივდა

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს!

განაცხადების მიღების ვადა კონკურსისთვის „მედია თანასწორობისთვის 2023“ გახანგრძლივდა! განაცხადების შემოტანა შეგიძლიათ 31 ოქტომბრამდე. გამოგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და გახდით თანასწორობის ჩემპიონი!

გაიგეთ მეტი კონკურსის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ აპლიკაციის ფორმას.


SENSE Lab-ის გახსნა ახმეტის ინოვაციების ცენტრში

2023 წლის 25 სექტემბერს ახმეტის ინოვაციების ცენტრში „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის „SENSE“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სახელოვნებო დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ოფიციალურად გაიხსნა STEAM Lab, რომელიც პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს.
პროექტი მიზნად ისახავს გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი STEM საგნების სწავლების მეთოდებში ხელოვნების ელემენტის შეტანის გზით.
პროექტს ახორციელებს Horizon Europe-ის მიერ დაფინანსებული ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის კონსორციუმი, რომელიც 17 წევრისგან შედგება და ევროპის 14 ქვეყანას აერთიანებს.
პროექტის წარმომადგენელი საქართველოში არის „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო“, ხოლო ლაბი ახმეტაში ააიპ კახეთთან და ახმეტის „ინოვაციების ცენტრთან პარტნიორობით“ გაიხსნა.
ადევნეთ თვალი პროექტს SENSE:

სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ფემიციდის გაშუქების შესახებ

2023 წლის 15 სექტემბერს, ევროკავშირის პროექტის „ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს“ ორგანიზებითა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა მედიასთან. შეხვედრა ეხებოდა ფემიციდის გაშუქების გამოწვევებს და იმ ბარიერებს, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ამ თემაზე მუშაობისას აწყდებიან.
შეხვედრას უძღვებოდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ხატია ღოღობერიძე და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, რომლებმაც ფემიციდის ეთიკურად გაშუქების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრის მიზანი არაფორმალურ სივრცეში მედია ექსპერტების, ფსიქოლოგის, მედიის წარმომადგენლებისა და ქალთა უფლებადამცველების შეხვედრა, ფემიციდის გაშუქებასთან დაკავშირებით არსებული შეხედულებებისა და პრობლემების გაზიარება და გაშუქების სტანდარტის შემუშავება იყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სატელევიზიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც ღიად ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე და ზოგადად, მედიაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შემუშავდება ფემიციდის გაშუქების საერთო სტანდარტისა და მისი განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემცველი მემორანდუმი, რომელიც ღია იქნება ხელმოწერისთვის მედიის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის.

2023 წლიდან WECF საქართველოს თანამშრომლებს 4-თვიან დეკრეტულ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შრომის უნარის შეზღუდვით განპირობებულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს

დასაქმებულების ღირსეული დეკრეტული ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შრომის უნარის შეზღუდვით განპირობებული შვებულება ან არასაკმარისადაა უზრუნველყოფილი სახელმწიფო სერვისებით ან საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში.

საქართველოში დეკრეტულ და გრძელვადიან ავადმყოფობასთან დაკავშირებული შვებულებების თვალსაზრისით არსებული რეალობა ადამიანებს სიღარიბის, დაუცველობისა და  განგრძობითი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკის წინაშე აყენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ, ასეთ შემთხვევებში, როცა სახელმწიფო არასათანადოდ და არასამართლიანად არეგულირებს დასაქმებულების შრომით უფლებებს, დამსაქმებლები, როგორც სამოქალაქო, ისე - კერძო სექტორიდან, იჩენდნენ კეთილ ნებას და ქმნიდნენ ღირსეულ სამუშაო პირობებს თავიანთი თანამშრომლებისთვის.

ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მუდმივად ვცდილობთ ხმამაღლა ვისაუბროთ და ავამაღლოთ ცნობიერება იმ გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ, რომლებიც შრომითი უფლებების თვალსაზრისით ორსულ, მშობიარე და მეძუძურ ქალებსა და ახალბედა მშობლებს აქვთ.

სწორედ ამ მიზნით, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)“ საქართველოს ოფისმა, შეიმუშავა სოციალური უსაფრთხოების შიდა პოლიტიკა და მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას სარეზერვო ფონდი სოციალური უზრუნველყოფისთვის, რომელიც მოემსახურება ორგანიზაციის საქართველოს ოფისის თანამშრომლების შრომითი უფლებებისა და პირობების გაუმჯობესებას ზემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში.

2023 წლიდან WECF საქართველოს თანამშრომლებს: 

  • შეუძლიათ ისარგებლონ 4-თვიანი (16 კვირა) სრულად ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით;
  • სრულად აუნაზღაურდებათ ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული შრომის უნარის შეზღუდვა 16 კვირის განმავლობაში.

როცა სახელმწიფო გულგრილია მოქალაქეების შრომითი უფლებების, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და ძლიერი მხარდამჭერი სისტემების შექმნის კუთხით, მნიშვნელოვანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს გვესმოდეს ამ ყოველივეს მნიშვნელობა და ვიყენებდეთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა ამ გამოწვევებს ჩვენს სამუშაო გარემოში მაინც ვუპასუხოთ!

 


გენდერული თანასწორობის საზაფხულო სკოლა გურიაში, იმერეთში, კახეთსა და რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

,,ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2020 წლიდან ახორციელებს პროექტს  ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში”, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისა და გოგოების მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარად მონაწილეობისა და პატრიარქალური ცნობიერების, თუ სტერეოტიპების შეცვლისთვის.

ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2023 წლის 27-30 ივლისს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის”  ხელმძღვანელობით, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველომ”, „რაჭის სათემო ორგანიზაციამ” და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭომ” გურიაში, იმერეთში, კახეთსა და რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გენდერული თანასწორობის საზაფხულო სკოლა დააორგანიზა.

4 დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები მოზარდებს უზიარებდნენ ცოდნასა და გამოცდილებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ირგვლივ. თავად მოზარდებიც გვიყვებოდნენ თავიანთ გამოცდილებებსა და ხედვებზე და ეცნობოდნენ სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებისთვის არსებულ სპეციფიკურ რეალობას.

სკოლის ფარგლებში გამართული საგანმანათლებლო სესიები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები და გენდერული თანასწორობა („ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”);
  • თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში (იდა ბახტურიძე, „WECF საქართველო“);
  • აქტივიზმი ციფრულ სამყაროში: ფორმები და შესაძლებლობები (ვერო მელუა, „WECF საქართველო“);
  • ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა, სახელმწიფო რეფერირების მექანიზმები და მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამები (ნათია გვრიტიშვილი, „საფარი“);
  • გენდერი და შეზღუდული შესაძლებლობა (ანა ქათამაძე, „ქალი და რეალობა”);
  • არაანაზაღაურებადი შრომა, შინ შრომა და დასაქმების შესაძლებლობები („ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”);
  • ციფრული უსაფრთხოება, კიბერ ბულინგი და პრევენციის მეთოდები (ნინო გამისონია, ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი);
  • სოფლის მაშენებელი ქალები (ლილი ფულარიანი, ქოფირაითერი და ციფრული ცოდნის გამავრცელებელი);
  • სამოქალაქო აქტივიზმი და მოქალაქის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქსელური მუშაობის პრაქტიკები (თაზო ჯოჯუა, სათემო ფონდი „ერთიანობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“).

გარდა საგანმანათლებლო სესიებისა, საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება-განხილვა და პანელური დისკუსია, ახალგაზრდების მონაწილეობით, თემაზე „სამოქალაქო აქტივიზმი, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ახალგაზრდების როლი რეგიონალურ კონტექსტში”.

საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს ახალგაზრდული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა წარმატებული პრაქტიკები გურიაში, რაჭასა და კახეთში და პროექტის მონაწილე გურული ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფემინისტური სამაგიდო თამაშიც ითამაშეს. 

საზაფხულო სკოლა ასევე დატვირთული იყო მრავალფეროვანი შემეცნებით-პრაქტიკული სავარჯიშოებით, სამუშაო სესიებითა და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოებისა და უკეთ გაცნობის ხელშემწყობი აქტივობებით.

 

 

პროექტის ფარგლებში „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს: „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”, „რაჭის სათემო ორგანიზაცია”, „უხუცეს ქალთა საბჭო”, „ქალი და რეალობა” და „ქალთა ფონდი საქართველოში”.

საზაფხულო სკოლა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” ფარგლებში.


ახმეტის ინოვაციური ცენტრის ტექგოგოების ჯგუფს საჭიროებების განსაზღვრის ვორქშოფი ჩაუტარდათ

2023 წლის 20 ივნისს „ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ახმეტის ინოვაციური ცენტრის ტექგოგოების ჯგუფისთვის საჭიროებების განსაზღვრის ვორქშოფი ჩაატარა.

 

 

ვორქშოფი ჩატარდა პროექტ SESNE-ის ფარგლებში, რომლის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი, ხელოვნებისა და ესთეტიკის კომბინირების გზით STEAM განათლებაში, ასევე, შეცვალოს  STEAM საგნების სწავლების მეთოდები ევროპაში.

პროექტის ფარგლებში, 2023 წლის სექტემბერში დაფუძნდება STEAM ლაბორატორია ახმეტის ინოვაციურ ცენტრში, და ჩატარებული ვორქშოფი სწორედ ამ თანამშრომლობის დაწყებას ისახავდა მიზნად.


ქალთა უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ჩვენთვის, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.

მიგვაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერ იაზრებს პროფესიულ პასუხისმგებლობას, ბოროტად და არამართებულად იყენებს გენდერული თანასწორობის იდეას; ხოლო როცა თანასწორობის ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის პარტიულ დღის წესრიგთან, ნინო წილოსანი პარტიულ ინტერესებს უპირატესობას ანიჭებს. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა ქვემოთ მოყვანილ რამოდენიმე ფაქტს ახლო წარსულიდან:

ნინო წილოსანმა საჯაროდ მხარი დაუჭირა შალვა რამიშვილს, რომელიც რამდენიმე ქალმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარმოდგენით  სექსუალურ ძალადობაში ამხილა. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე დაამტკიცა რამიშვილის მიერ სექსუალურ შევიწროების ჩადენა.

ნინო წილოსანი არის 78 დეპუტატთაგან ერთ-ერთი, რომელმაც დაჩქარებული წესით  ხმა მისცა რუსული კანონის ანალოგს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომლის მთავარი მიზანიც არასამთავრობო სექტორის მარგინალიზაცია და დევნა იყო. 

გასული წლის მიწურულს მან მხარი დაუჭირა და წარმატებულ ინიციატივად შეაფასა „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია", რომელიც გენდერულად არამგრძნობიარე და არაინკლუზიური დოკუმენტია, უკიდურესად ვიწროდ განიხილავს გენდერს და აიგივებს სქესთან.

ამა წლის 27 ივნისს კი ნინო წილოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან თანაპარტიელ კაცებს დეპუტატი ანი წითლიძის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა, კერძოდ, მან განაცხადა: „ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს.” აქვე შეგახსენებთ ოდიშარიას ციტატას: „ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში”.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებული თავმჯდომარის პირობებში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ამოწურულია. შესაბამისად, ნინო წილოსანს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა

ამასთან, მივიჩნევთ, რომ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არსებითია მის ხელმძღვანელად დაინიშნოს ადამიანი, ვინც არა მხოლოდ დეკლარირებულად, არამედ საქმით ემსახურება თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის იდეებს. 

 

განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები:

 

ქალთა მოძრაობა

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო

ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის (ფემეა)

თბილისი პრაიდი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

თანასწორობის მოძრაობა 

ქალთა ფონდი საქართველოში

ქალები საქართველოდან

საფარი

რაჭის სათემო ორგანიზაცია

ახალგაზრდა ფემინისტები

GrlzWave

ფემინა

ღია სივრცე კავკასია

ქალი და განვითარება

ფემინისტური ინიციატივების ფონდი

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

უფლებები საქართველო


სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს და ევროპის მწვანეთა პარტიის წევრებს შეხვდნენ

2023 წლის 1 აპრილს, ქალთა და ლგბტქ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს“ თანადირექტორი, იდა ბახტურიძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონსა და ევროპის მწვანეთა პარტიის გენერალურ მდივან ბენედეტა დე მარტეს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საგანი საქართველოში ლგბტქი ადამიანებისა და ქალების უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მთავარი  გამოწვევები და კრიზისული სიტუაციის დაძლევის გზები იყო. ამასთან, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მოლოდინთან დაკავშირებით.