ეკა ქევანიშვილი თანასწორობის იდეის მნიშვნელობაზე ჟურნალისტების საქმიანობაში

ეკა ქევანიშვილმა, ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" სპეციალური ჯილდო მიიღო.

მას რამდენიმე კითხვა დავუსვით კონკურსისა და მის საქმიანობაში თანასწორობის იდეის მნიშვნელობის შესახებ:

რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ქალთა და სხვა ჩაგრულ ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხების ეთიკურად გაშუქება?

- ალბათ, პირველ რიგში იმიტომ,  რომ მეც ქალი ვარ. და იმიტომაც, რომ ჟურნალისტებს იმ ადამიანების ხმების საჭირო ადრესატებამდე მიტანა გვიწევს, ვისაც ეს თავად უჭირს ან არ შეუძლია. თუ ამ წესს დავარღვევთ, რასაც ეთიკური გაშუქება ჰქვია, ამ ადამიანებს ვატკენთ, ხოლო მიზანს, რომ მათი ცხოვრება ცოტათი მაინც შევცვალოთ, ვერ მივაღწევთ. მეორე მიზეზი მაგალითის ჩვენებაა - ჟურნალისტების ახალი თაობისთვის, რომ აი, ასე უნდა მოყვე ამ ადამიანებზე. ასე უნდა დაწერო თუ გადაიღო, რომ არ დააზიანო ისინი. კარგი მაგალითები ახალ კარგ მაგალითებს აჩენს და შანსიც მეტია, რომ ქართულ მედიაში მეტი თავისი საქმის ერთგული პროფესიონალი გამოჩნდეს. მე ჯერ კიდევ მჯერა ამის.

რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები ეთიკური გაშუქების წასახალისებლად?

- არ ვიცი, რამდენად ცვლის სურათს უკეთესობისკენ ეს, ამას ალბათ რაღაც კვლევა სჭირდება, მე მხოლოდ შემიძლია ჩემი ემოცია გაგიზიაროთ - მთელი წელი მუშაობ, ცხადია, არა ასეთი კონკურსებისთვის, არამედ შენთვის და ადამიანებისთვის და მერე ჩნდება შანსი, რომ შენი ნამუშევარი ვინმემ შეაფასოს. თუ გამოგარჩევენ და ჩათვლიან, რომ საუკეთესო იყავი, ეს გახარებს და ძალით გავსებს. ფიქრობ, რომ დაღლა ღირდა და ისევ აგრძელებ. ჟურნალისტიკას საქართველოში ძალიან მალე ტოვებენ, ეს არ არის ადვილი საქმე.

როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება თუ უფრო მეტი ჟურნალისტი იმუშავებს ეთიკურად გენდერული თანასწორობის საკითხებზე?

- რაც დასაწყისშიც ვთქვი - მედია იქნება საზომი. მედია არ  იქნება მხოლოდ კრიტიკის ობიექტი. მედია იქნება სანდო იმ ადამიანებისთვის,ვისაც დახმარება სჭირდება. მედიას მოუყვებიან მეტ ამბავს. ჩვენც, ვინც ძალიან ვცდილობთ ვიყოთ ეთიკურები, მეტი თანამოაზრე გვეყოლება. ბევრ ეთიკურ ჟურნალიტს კი ცვლილებების მოხდენა მართლა შეუძლია

კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022″ ჩატარდა ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.


ანიკი გელაშვილი თანასწორობის მნიშვნელობაზე ვიზუალური არტისტების საქმიანობაში

ანიკი გელაშვილი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი", პლატფორმა femea.ge-სთვის შექმნილი ილუსტრაციების სერიით „რას ნიშნავს, იყო ქალი საქართველოში?"

მას რამდენიმე კითხვა დავუსვით კონკურსისა და მის საქმიანობაში თანასწორობის იდეის მნიშვნელობის შესახებ:

რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი ქალთა და სხვა ჩაგრულ ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიზუალური ნამუშევრების შექმნა?

- მე ვარ გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი, ჩემი საქმე გულისხმობს პრობლემების პოვნას და მათ ვიზუალიზაციას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მიაღწიოს ინფორმაციამ. ამ შემთხვევაში ისეთ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რომლებიც არაერთ ქალთან ერთად ჩემი ყოველდღიურობის ნაწილიც არის. ქალებთან და სხვა ჩაგრულ ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის პერსონალური და მტკივნეული იქნება ჩემთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პროფესია გამოვიყენო და რთულად სათქმელი ამბები ოდნავ უფრო მარტივად გასაგები გავხადო.

როგორ ფიქრობ, რა შეიცვლება თუ უფრო მეტი ვიზუალური არტისტი შექმნის ნამუშევრებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე?

- ცხადია, ვიზუალურ თხრობას ყოველთვის უფრო მარტივად მიაქვს სათქმელი აუდიტორიამდე ვიდრე, მაგალითად, წერილობითს. ერთ დიდ პოსტერზე დალაგებული სტატისტიკა თავისი გრაფიკებით უფრო ადვილად აღიქმება, ვიდრე მიმდევრობით ჩამოწერილი იგივე რიცხვები. თუნდაც მაშინ, როცა შეგრძნებების გადმოცემა გვსურს, ვიზუალური თხრობა უნივერსალური ენაა, მძაფრად გვამახსოვრდება. ამიტომ მგონია, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვხატოთ და გადავიღოთ იმ საკითხებზე, რომლებზეც გვინდა გავაგებინოთ ვინმეს რამე. ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი უჭირავთ ხელში ვიზუალურ არტისტებს და რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ მას, მით უფრო სწრაფად გავავრცელებთ ინფორმაციას.

რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები ვიზუალური არტისტების წასახალისებლად, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშაონ?

- მოულოდნელი იყო, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ გამიჩნდა მეტი პასუხისმგებლობის განცდა. ცხადად დავინახე, რომ რასაც ვაკეთებ და რაც შემიძლია გავაკეთო, მუშაობს, ვიღაცამ მომისმინა. ეგ კი თავისთავად მოტივაცია არის. ალბათ ეგეც იყო ამ კონკურსის მიზანი.

კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022" ჩატარდა ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.

რატომ უნდა იყოს აბორტი ლეგალური? - 5 მთავარი მიზეზი

აბორტის ხელმისაწვდომობა ქალის ჯანმრთელობის აუცილებელი კომპონენტია. ქალის არჩევანი, როდის ჰყავდეს და ჰყავდეს თუ არა შვილი, პირდაპირაა კავშირში მის ეკონომიკურ განვითარებასთან, განათლებასთან და ზოგად ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან.

ამ არჩევნის მოწინააღმდეგეები, სამწუხაროდ, ხშირად იყენებენ ქალების ჯანმრთელობასა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს აბორტის აკრძალვის გამართლებად. თუმცა, აბორტი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროცედურაა, როცა ის სანიტარულ გარემოში ტარდება გამოცდილი პროფესიონალის მიერ.

2022 წლის ივნისში ამერიკაში გაუქმდა Roe v. Wade გადაწყვეტილება და აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ თითოეულ შტატს მისცა ინდივიდუალური თავისუფლება, შეზღუდოს ან სრულად გააუქმოს აბორტის უფლება. შედეგად, მილიონობით ქალის ცხოვრება შეიცვალა და ისინი ივნისიდან ცხოვრობენ შტატში, სადაც აბორტი სრულად ან ნაწილობრივ აკრძალულია.

ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რატომ არ აქვს გავლენა აბორტის აკრძალვას ჩატარებული პროცედურების რაოდენობაზე, რატომაა ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული და რა ტიპის საფრთხეებს უქმნის ის განსაკუთრებით დაბალი სოციალური კლასის, ფერადკანიან, თინეიჯერ ქალებსა და გოგოებს.

 

ადამიანები იკეთებენ აბორტს, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს კანონი

ორსულობის შეწყვეტა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადაწყვეტილებაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი იღებს - ყოველწლიურად ორსულობების მეოთხედი აბორტით მთავრდება. 

და მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს კანონი, ადამიანებს მაინც სჭირდებათ, ეძებენ და პოულობენ აბორტის სერვისს. გუთმახერის ინსტიტუტის (ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მუშაობს) მიხედვით, აბორტის მაჩვენებელი ყოველ 1000 ადამიანზე 37-ია ისეთ ქვეყნებში, სადაც აბორტი სრულად, ან ნაწილობრივაა აკრძალული. ხოლო ქვეყნებში, სადაც აბორტი ლეგალურია, ეს რიცხვი 34-ია.

როცა აბორტი გამოცდილი, პროფესიონალი ექიმის მიერ ტარდება, სანიტარულ პირობებში, ის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთო პროცედურაა, იმაზე უსაფრთხო, ვიდრე ორსულობა და მშობიარობა. 

მაგრამ როცა სახელმწიფო აბორტზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს, ადამიანები იძულებულნი ხდებიან მიმართონ აბორტის იატაკქვეშა, საფრთხის შემცველ გზებს. ეს ძირითადად ღარიბი მოსახლეობაა, რომელსაც არ აქვს საშუალება, ისეთ ქვეყანაში წავიდეს, სადაც აბორტი ლეგალურია. ამას კი შემდეგ საკითხამდე მივყავართ.

 

აბორტის კრიმინალიზება არ ამცირებს ჩატარებული პროცედურების რაოდენობას, ის აბორტს ნაკლებად უსაფრთხოდ აქცევს

ქალებისა და გოგოებისთვის აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ ისინი ამ სერვისს აღარ საჭიროებენ. სწორედ ამიტომ, აბორტის აკრძალვის ყოველი მცდელობა არაფერს აკეთებს ჩატარებული პროცედურების რაოდენობის შემცირებისთვის, ის უბრალოდ აიძულებს ადამიანებს რომ საფრთხის შემცველ მეთოდებსა და გარემოებებს მიმართონ.

საფრთხის შემცველ აბორტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ასე განმარტავს: „არასასურველი ორსულობის შეწყვეტის პროცედურა, რომელიც ტარდება არაკვალიფიციური ადამიანების მიერ ან ისეთ გარემოში, რომელიც არ აკმაყოფილებს მინიმალურ სამედიცინო სტანდარტსაც კი, ან ორივე."

WHO-ს მიხედვით, 25 მილიონი საფრთხის შემცველი აბორტის პროცედურა ტარდება, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებშია ჩატარებული.

ლეგალური, პროფესიონალი მედიკოსის მიერ ჩატარებული აბორტის პროცედურისგან განსხვავებით, საფრთხის შემცველი აბორტი შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ეს იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ საფრთხის შემცველი აბორტის პროდეცურა ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რიგით მესამე მიზეზია მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, WHO-ს მიხედვით, მილიონობით ადამიანს აყენებს, ძალიან ხშირად თავიდან არიდებადი, ფიზიკური შეზღუდვის წინაშე.

აქვე, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ამერიკის მაგალითი Roe v. Wade-ის მიღების შემდეგ: 1973 წლიდან ორსულობასთან დაკავშირებულმა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო. აბორტის შედეგად სიკვდილის მაჩვენებელი ყოველ მილიონ ადამიანზე 40-დან (1970 წლის მაჩვენებელი) 8-ზე ჩამოვიდა (1976 წლის მაჩვენებელი). 1975 წელს სიკვდილიანობა ლეგალური აბორტის პროცედურის მიზეზით 100,000 ადამიანზე სამი იყო, ხოლო 1976 წელს იგივე მაჩვენებელი 1 გახდა.

 

აბორტის უფლების ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვა ხელს უშლის ექიმებს, რომ პაციენტს საბაზისო დახმარება გაუწიონ

აბორტის უფლების ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვა ხელს უშლის ექიმებს თავიანთი საქმის პროფესიონალურად შესრულებასა და თავიანთი პაციენტებისთვის საუკეთესო გამოსავლის შეთავაზებაში, რაც თავისთავად ზღუდავს მათ სამედიცინო საქმიანობას და პროფესიული ეთიკით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესრულების შესაძლებლობას. 

აბორტის კრიმინალიზება კიდევ ერთ საფრთხეს იწვევს: მედიცინის მუშაკებს შესაძლოა ზუსტად და სწორად არ ესმოდეთ კანონის საზღვრები, ან შესაძლოა შეზღუდვები დააწესონ იქ, სადაც ამას კანონი არ ითხოვს. ეს შესაძლოა რამდენიმე მიზეზით მოხდეს, მათ შორის, პირადი რწმენა-წარმოდგენები, აბორტთან დაკავშირებული სტიგმა, ქალებთან და გოგოებთან დაკავშირებული სტერეოტიპები, ან დანაშაულის ჩადენის შიში.

აბორტის აკრძალვა ავტომატურად კრძალავს აბორტის შემდგომ საჭირო სერვისების მიღების შესაძლებლობასაც, რაც ხშირად საჭიროა საფრთხის შემცველ გარემოებებში ჩატარებული აბორტის შემდეგ, გართულებების შემთხვევაში.

 

აბორტი მხოლოდ სისგენდერ ქალებსა და გოგოებს არ სჭირდებათ

აბორტი მხოლოდ სისგენდერ ქალებსა და გოგოებს (ქალები და გოგოები, რომლებსაც დაბადებისას მიენიჭათ მდედრობითი სქესი) არ სჭირდებათ. ამ პროცედურას ასევე საჭიროებენ ინტერსექსი ადამიანები, ტრანსგენდერი კაცები და ბიჭები და სხვა გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები, რომლებსაც დაორსულების რეპროდუქციული შესაძლებლობა აქვთ.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი ამ ადამიანებისთვის ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაა. თუმცა მათ, ვისაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელი მიუწვდებათ, უწევთ სტიგმასა და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან გამკლავება, ასევე იმ მოსაზრებებთან ბრძოლა, რომ მათ კონტრაცეპცია და აბორტთან დაკავშირებული ინფორმაცია და სერვისები არ სჭირდებათ.

 

აბორტის კრიმინალიზაცია დისკრიმინაციის ფორმაა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას

უპირველესად, უნდა გვესმოდეს, რომ ისეთი სამედიცინო და სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის შეზღუდვა, რომელიც კონკრეტული ნიშნის მქონე ინდივიდებს სჭირდებათ, დისკრიმინაციის ფორმაა. 

„გაერთიანებული ერების ქალთა მიმართ ყოველგვარი ძალადობის შემცირების კომისიამ (CEDAW)" არაერთხელ განაცხადა, რომ აბორტის ამკრძალავი კანონმდებლობა დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. ეს ეხება ყველა ქალს და ადამიანს, რომელსაც დაორსულება შეუძლია. 

მეორე, რაც ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს არის ის, რომ აბორტის ირგვლივ არსებული სტიგმა და გენდერული სტერეოტიპები მჭიდრო კავშირშია აბორტის კრიმინალიზაციასთან და სხვა შემზღუდავ კანონებსა და პოლიტიკასთან. 

გარემოს, სადაც აბორტი უკანონო და ამორალურია, მივყავართ ქალების სტიგმატიზაციასთან სამედიცინო პერსონალის, ოჯახის წევრების, სამართალდამცავი სისტემის მიერ. ასეთ გარემოში ქალები და გოგოები ეძებენ აბორტის ალტერნატიულ გზებს, რომლებიც ისევ დისკრიმინაციისა და შევიწროების რისკებს შეიცავს. ზოგიერთი ქალი აცხადებს, რომ ძალადობისა და დარცხვენის მსხვერპლი ყოფილა ექიმის მხრიდან, როცა აბორტის გასაკეთებლად ან აბორტის შემდგომ პროცედურებზე მივიდა. 

და ბოლოს, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როცა აბორტის უფლებაზე ვსაუბრობთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ:

  • აბორტი ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევაა. ის უსაფრთხოა, როცა ჩატარებულია WHO-ს მიერ რეკომენდებული მეთოდებით, ორსულობის ხანგრძლივობასთან შესაბამისად და ისეთი ადამიანის მიერ, რომელსაც მისი ჩატარებისთვის აუცილებელი უნარები და ცოდნა აქვს.
  • 10-დან 6 არასასურველი ორსულობა სრულდება აბორტით.
  • მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული აბორტის პროცედურების 45% საფრთხის შემცველია და მათი 97% ტარდება განვითარებად ქვეყნებში.
  • საფრთხის შემცველი აბორტი ხშირი - მაგრამ თავიდან არიდებადი - მიზეზია ორსულობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის. მას შეუძლია გამოიწვიოს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება და სოციალური და ფინანსური ტვირთი ქალებისთვის, საზოგადოებებისთვის და ჯანდაცვის სისტემებისთვის.
  • უსაფრთხო, დროული, ფინანსურად ხელმისაწვდომი და პაციენტის პატივისცემით ჩატარებული აბორტის პროცედურის უფლების შეზღუდვა არის კრიტიკული პრობლემა ადამიანების ჯანმრთელობისა და უფლებების თვალსაზრისით.

 

მთავარი ფოტო: https://www.plannedparenthoodaction.org/

გამოყენებული წყაროები:

https://www.americanprogress.org/article/limiting-abortion-access-contributes-poor-maternal-health-outcomes/

https://www.amnesty.org/en/what-we-do/sexual-and-reproductive-rights/abortion-facts/

https://www.reproductiverights.org/sites/default/files/documents/pub_bp_safeandlegal.pdf

https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/abortionhttps://

www.npr.org/2022/05/06/1096676197/7-persistent-claims-about-abortion-fact-checkedhttps://

www.cfr.org/article/abortion-law-global-comparisons

 


ქალების ისტორიული როლი და გამოწვევები საომარი ვითარებისას

უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საუკუნეების განმავლობაში, საომარ ვითარებებში ქალების წვლილი მრავალგვარი, მაგრამ ყოველთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო - თუ ანტიკურ დროში ომიანობისას ქალის ძირითადი როლი კერის ცეცხლის შენარჩუნებაში ან სამეფოს დროებით მართვაში გამოიხატებოდა, მე-18 საუკუნეში ისინი სამხედრო სამსახურს ქვეყნის შიგნით წარმოების შენარჩუნებით ეხმარებოდნენ. ყირიმის ომის ფრონტის ხაზზე და ევროპის სანგრებში კი ექთნობას სწევდნენ.

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურებების ფაქტები იმაზე დაფიქრებასაც გვავალდებულებს, რომ ომის გამოწვევები და საფრთხეებიც არ არის გენდერულად ერთგავროვანი.

ამ ბლოგში რამდენიმე ისტორიული ფაქტის შეხსენებით, საომარ მოქმედებებში ქალების როლთან ერთად, სწორედ იმ სპეციფიკურ საფრთხეებზე გვინდა დისკუსიის წამოწყება, რომელიც უკრაინელი ქალების როლის დაფასებისა და მათი უსაფრთხოების დაცვისთვის მნიშვნელოვანია.

პირველი მსოფლიო ომი

ომში ქალების როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებით პირველი და მეორე მსოფლიო ომებისას გაიზარდა და გამოიკვეთა.

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ქალის როლი დაუფასებელი იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ცხადად გამოიკვეთა ის გამორჩეული და განსაკუთრებული ძალისხმევა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში ქალებმა გამოავლინეს.

პირველ მსოფლიო ომში ქალის ჩართულობის მთავარი ფორმა ექთნობა იყო - ახალგაზრდა დაუოჯახებელი ქალები მოხალისეთა რიგებში აქტიურად ეწერებოდნენ. ისინი ხშირად შოკისმომგვრელ გარემოებებში, მცირე ან არანაირი სამედიცინო აღჭურვილობით მკურნალობდნენ დაშავებულებს, დახმარებას სწევდნენ ამპუტაციის დროს ან სიცოცხლის ბოლო საათებს უმსუბუქებდნენ მომაკვდავ ჯარისკაცებს. ისეთ მთავარ ბრძოლებში, როგორიც, მაგალითად ზომე (Somme) იყო, სადაც ბრძოლის ველზე ათასობით ჯარისკაცი შავდებოდა, ექთნებს ხშირად შეტაკების ეპიცენტრში უწევდათ შესვლა, რომ დაშავებულები საველე ჰოსპიტალში დროულად მიეყვანათ.

 

ექთნები ბრძოლის ველზე (წყარო: youngjournalistacademy.com)

ქალები მართავდნენ დროებით სასწრაფო მანქანებსაც გაუვალ გზებზე, სიცოცხლის შესანარჩუნებელ პროცედურებს აბსოლუტურად არასათანადო პირობებში ატარებდნენ. თუმცა ქალების ომში ჩართულობა მხოლოდ საველე ჰოსპიტალებით არ შემოიფარგლებოდა.

ზოგიერთ ქალს ფრონტის ხაზზე უნდოდა ბრძოლა თავისი ქვეყნისთვის და იყო შემთხვევებიც, როცა ქალები ამის გამო სქესს მალავდნენ და სამხედრო რიგებში კაცის სახელით ეწერებოდნენ. თუმცა ქალების უმრავლესობა იძულებული იყო სახლში დარჩენილიყო და ქვეყნის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საქმიანობები გადაებარებინა, სანამ კაცები ომობდნენ. ომში წასულ კაცთა წარმოუდგენლად დიდმა რაოდენობამ უფრო და უფრო მეტი გადამწყვეტი როლი დააკისრა ქალებს, მაგალითად: სარკინიგზო საქმიანობა, პოლიცია, ქარხნების მუშაობა, ფრონტის ხაზისთვის იარაღის წარმოება და მიწოდება. უფრო მაღალ სოციალურ კლასებში ქალები ომს უნიფორმების ქსოვით, თანხების აგროვებით, ჯარისკაცებისთვის მანუგეშებელი წერილების მიწერით უერთდებოდნენ.
ახლად აღმოჩენილი შესაძლებლობები და თავისუფლება ბევრი ქალისთვის ცვლილების შანსად იქცა და უფრო ფართო მასებშიც გამოიხატა: სუფრაჯეტების მოძრაობა 1914 წელს ვითარდებოდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ომმა ხელი შეუშალა, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ცვლილებების ძალად იქცა დიდ ბრიტანეთში. ცხადი ხდებოდა, ქალების ცხოვრება სულ მალე მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა.

მართლაც, ომის დროს ცვლილებების შესაძლებლობები ჩნდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მშვიდობიანი პერიოდის დადგომისთანავე ქალებს თავიდან უწევდათ ბრძოლა იმისთვის, რაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ - მათი თანაბარი უნარები და შესაძლებლობები ნებისმიერ, კაცებისგან დომინირებულ, სფეროში. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. უკრაინაში მიმდინარე ომსაც თუ ამ კუთხით შევხედავთ, აუცილებლად შევნიშნავთ, რომ დღესაც, 21-ე საუკუნეში, პირველი მსოფლიო ომიდან საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგაც კი, ისევ გვაოცებს ქალი სამხედროების არსებობა, ისევ გვაბნევს ტერმინოლოგია და ჩვენს კოლექტიურ გონებაში ქალი საომარი ვითარებისას ისევ მხოლოდ ექთნად, ჰუმანიტარული ტვირთისა თუ ფონდების მომძიებლად ან ლტოლვილად წარმოგვიდგება.

ეს დამოკიდებულება უცნაურია იმიტომაც, რომ ქალებს მათი ძალის მნიშვნელობა მხოლოდ პირველ მსოფლიო ომში არ უჩვენებიათ და ომისა და ქალების ურთიერთმიმართებაზე საუბრისას მეორე მსოფლიო ომის გარდამტეხ მომენტებსაც ვივიწყებთ.

მეორე მსოფლიო ომი

ქალთა როლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წელს მილიონობით ქალი მუშაობდა ჯარის თვითმფრინავებით, გემებითა და იარაღით მომარაგებაზე. ქალებს მოუწოდებნენ არა მარტო ფონდების მოძიებისკენ, ევაკუირებული ბავშვების შეფარებისკენ, საკუთარ ეზოში საკვების მოყვანისკენ ან ომზე მომუშავე ქარხნებში დასაქმებისკენ, არამედ უშუალოდ ბრძოლაში ჩართვისკენაც. იმ ქალთა 75%, რომლებიც ჯარს შეუერთდნენ, მოხალისეები იყვნენ. 

პირველი მსოფლიო ომის დროს ქალების უმრავლესობა ვერ აძლევდა ხმას, ვერ მსახურობდა ჯარში. სწორედ ამიტომ, ბევრმა მათგანმა ომი აღიქვა, როგორც შესაძლებლობა არამხოლოდ იმისა, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის, არამედ იმის შანსადაც, რომ მოეპოვებინათ მეტი უფლება და დამოუკიდებლობა. მილიონობით კაცის სახლიდან შორს ყოფნის ფონზე ქალებმა თითქმის სრულად ჩაანაცვლეს კაცები მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. სხვები ფრონტის ხაზზე მსახურობდნენ როგორც ექთნები, სასწრაფოს მანქანის მძღოლები, თარჯიმნები და იშვიათ შემთხვევებში, მეომრები.

ამერიკის საავიაციო სამსახურის პილოტები, რომლებიც მართავდნენ ქარხნიდან ფრონტის ხაზთან მიმავალ თვითმფრინავს. (წყარო: Wikimedia Commons)

ომში ჩართულმა ერებმა პოპულაციის სრული მობილიზება დაიწყეს, რადგან კიდევ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ უპირატესობას ის მხარე მოიპოვებდა, რომელსაც მეტი იარაღის წარმოება და მეტი ადამიანური რესურსის მობილიზება შეეძლო. ამიტომ, ქალებმა ახალი როლი შეითვისეს - იქცნენ სამუშაო ძალად ომისთვის საჭირო წარმოებასა და სოფლის მეურნეობაში.

1914 წელს გერმანიის შეიარაღების მწარმოებელ კომპანიას თითქმის არც ერთი ქალი დასაქმებული არ ჰყავდა. 1917 წლისთვის ქალებმა იგივე კომპანიის 175 000-იანი სამუშაო ძალის 30% შეადგინეს და ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1.4 მილიონი ქალი შეუერთდა ომთან დაკავშირებულ სამუშაო ძალას. ბრიტანეთმაც გაზარდა მისი იარაღის წარმოება ქალი მუშა ხელის დასაქმების გზით. 1914 წლის ივლისში 3.3 მილიონი ქალი აკეთებდა ანაზღაურებად საქმეს ბრიტანეთში. ხოლო 1917 წლის ივლისისთვის იგივე რიცხვი 4.7 მილიონი იყო. ბრიტანელი ქალები მსახურობდნენ სამეფო საჰაერო და საზღვაო ძალებშიც.

„მიმსალმებელი გოგოები"

დასავლეთ ფრონტზე მოკავშირე ძალებს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, გენერალმა ჯონ პერშინგმა ქალ სატელეფონო ოპერატორთა ერთეულის შექმნის ბრძანება გასცა. ეს ერთეული ასაქმებდა ორენოვან, ინგლისურად და ფრანგულად მოსაუბრე, ქალებს დასავლეთის ფრონტზე სატელეფონო ოპერატორებად. 

ამ ერთეულის წევრმა ქალებმა ფიზიკური წვრთნა გაიარეს, ემორჩილებოდნენ მკაცრ სამხედრო პროტოკოლს, ატარებდნენ ვინაობის აღმნიშვნელ ბარათებს და ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს მუშაობდნენ. ამ ქალებს მეტსახელად „მიმსალმებელ გოგოებს“ (Hello Girls) ეძახდნენ (რაც ზოგიერთი მათგანისთვის მათი შრომისა და ძალისხმევის დაკნინებად აღიქმებოდა) და ცნობილები გახდნენ თავიანთი სიმამაცითა და სტრესის ქვეშ კონცენტრირების უნარით. 

 

მიმსალმებელი გოგოები (წყარო: Wikipedia)

მიუხედავად ამისა, ომის დასრულების შემდეგ ამერიკაში დაბრუნებულმა „მიმსალმებელმა გოგოებმა“ ვეტერანის სტატუსი და მასთან დაკავშირებული ბენეფიტები 1977 წლამდე ვერ მიიღეს. 1977 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გადარჩენილი სატელეფონო ოპერატორი ქალების მცირე ნაწილმა აღიარება და ვეტერანის სტატუსი მიიღო.

 

 

 

გაუპატიურება, როგორც ომის იარაღი

 

საომარი ვითარებისას ჯარისკაცების მიერ ქალების გაუპატიურების ფაქტები ისტორიაში არაერთხელ გამოკვეთილა. მართლაც, გაუპატიურება დიდ ხანს აღიქმებოდა ომის სამწუხარო, მაგრამ გარდაუვალ ნაწილად - როგორც სამხედროების ხანგრძლივად დაუკმაყოფილებელი სექსუალური სურვილებისა და არასაკმარისი სამხედრო დისციპლინის შედეგი. გაუპატიურების ომის იარაღად გამოყენება შემაძრწუნებლად გამოიკვეთა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ორივე მხარე - ე.წ. „მოკავშირეებისა“ და “აქსისის“ არმია აუპატიურებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას მტრის დატერორებისა და დემორალიზების მიზნით. ამ ტიპის დანაშაულის ორი ყველაზე შემაშფოთებელი მაგალითი იაპონიის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ქალების სექსუალურ მონებად ქცევა და გერმანელი ქალების რუსი ჯარისკაცების მიერ მასობრივი გაუპატიურებებია.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაუპატიურების შემთხვევები დაფიქსირებული იყო 20 მილიტარულ და პარამილიტარულ კონფლიქტში. 90-იანებში გაუპატიურება გამოყენებული იქნა, როგორც ეთნიკური წმენდის ინსტრუმენტი ყოფილ იუგოსლავიაში და როგორც გენოციდის იარაღი რუანდაში. იუგოსლავიის შემთხვევაში, დამორჩილებული ეთნიკური ჯგუფების წევრ ქალებს განზრახ აორსულებდნენ გაუპატიურების გზით მტრის ჯარისკაცები, ხოლო რუანდას შემთხვევაში ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წევრ ქალებს სისტემატიურად აუპატიურებდნენ ჰუტუს ტომის წევრებით დაკომპლექტებული მთავრობის მიერ შექმნილი აივ ინფიცირებული კაცების ჯგუფი. 

გვიან მე-20 საუკუნეში, ნაწილობრივ ბალკანეთის და რუანდის კონფლიქტების გავლენით, საერთაშორისო საზოგადოებამ დაიწყო გაუპატიურების იარაღად და ომის სტრატეგიად აღქმა და ჩაიდო ძალისხმევა იმაში, რომ მსგავსი დანაშაულები საერთაშორისო სამართლით დარეგულირებულიყო. პირველადი წესდება, ჟენევის კონვენციის 27-ე მუხლი „საომარი ვითარებისას მოქალაქეების დაცვის" თაობაზე (1949), უკვე მოიცავდა ქალების დაცვას „მათი ღირსების შელახვისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედებისგან, კონკრეტულად გაუპატიურებისგან, ძალდატანებითი პროსტიტუციისგან, ან ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან".

1993 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ (შემდგომში, 2006 წლიდან, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ) სისტემური გაუპატიურება და სექსუალური მონობა ქალთა უფლებების დარღვევის ფორმით კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად გამოაცხადა. 1995 წელს ქალებთან დაკავშირებულ გაეროს  მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე დაზუსტდა, რომ  საომარი ვითარებისას შეიარაღებული ძალების მხრიდან ქალების გაუპატიურება ომის კრიმინალია. საერთაშორისო ტრიბუნალის იურისდიქციამ იუგოსლავიასა და რუანდაში ჩადენილი დანაშაულები გაუპატიურების შემთხვევების ჩათვლით განიხილა, რაც პირველი საერთაშორისო პრეცედენტი იყო, როცა სექსუალური ძალადობა ომის კრიმინალის კვალიფიკაციით გასამართლდა. 1998 წლის ამ მნიშვნელოვან საქმეში რუანდის ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გენოციდის პროცესის ნაწილი იყო". 1998 წელს შექმნილ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ქალთა საკითხებთან მიმართებითაც მიენიჭა, მათ შორის გაუპატიურებასა და ძალდატანებით ორსულობაზე. 

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ 2008 წელს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ომის დანაშაულია და შესაძლოა გენოციდის შემადგენელი კომპონენტიც იყოს."

მიუხედავად იმისა, რომ ომი ყოველთვის იყო მსოფლიო ისტორიის განუყოფელი ნაწილი და ქალების გაუპატიურება მისი ერთ-ერთი ძლიერი იარაღი, მე-20 საუკუნის ბოლომდე სექსუალური ძალადობის ომის დანაშაულად კვალიფიცირება არ მომხდარა. ამის ძირითადი მიზეზები კი ქალის ისტორიულ აღქმაშია: ქალები მრავალი საუკუნის განმავლობაში არ ფლობდნენ საკუთარ სხეულს, არ ჰქონდათ არანაირი ავტონომია და ზოგიერთ ქვეყანაში ეს დღესაც ასეა. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ქალი, როგორც საკუთრება, „დასაპყრობ ობიექტთა" სიაში ყოველთვის იყო. მეტიც, მისი გაუპატიურება არათუ მისსავე, არამედ კაცის ღირსების საკითხად აღიქმებოდა. 

დღესაც, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან ყველაზე ნაკლებს გაუპატიურებაზე ვსაუბრობთ, იმის მიუხედავად, რომ ომის დაწყებიდან მალევე გახდა ცნობილი სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტის შესახებ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ისტორია არ დარჩეს მხოლოდ ამბად და ქალების ძალისხმევა, რომელმაც არაერთ ომში გარდამტეხი როლი ითამაშა, არ მიეცეს დავიწყებას. არც იმ ქალების ტანჯვა უნდა იქცეს სამწუხარო ისტორიებად, რომლებიც სწორედ ომში გაუპატიურების მიმღებლობის, ძალადობის ნორმალიზების და მასზე არლაპარაკის გამო ცხოვრების ხარისხის ფუნდამენტურად შემცვლელი ტრავმით ცხოვრობენ. ისტორიამ უნდა გვასწავლოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საომარი ვითარებისას გაუპატიურების შემთხვევებზე დროული საუბარი და რეაგირება და როგორ შეიძლება დავიცვათ ქალები ამ ტიპის ძალადობისგან. 

 

წყაროები:

https://www.theworldwar.org/learn/women#:~:text=With%20millions%20of%20men%20away,rare%20cases%2C%20on%20the%20battlefield.

https://www.thehistorypress.co.uk/women-s-history/women-and-war/

https://www.britannica.com/topic/rape-crime/Rape-as-a-weapon-of-war

https://www.dailysabah.com/opinion/op-ed/the-pain-of-systematic-rape-victims-in-bosnia-never-ends

https://www.jstor.org/stable/762769

https://www.un.org/en/preventgenocide/rwanda/assets/pdf/Backgrounder%20Sexual%20Violence%202014.pdf

 


ორმაგი სამუშაო დღე: ისვენებენ თუ არა ქალები?

სამსახურში იქნება ეს თუ სახლში, თანასწორობა ქალსა და კაცს შორის სასურველთან ახლოსაც კი არაა.

ამ ბლოგში არ ვისაუბრებთ ანაზღაურებებს შორის გენდერულ უთანსწორობაზე, რაზეც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო კვლევაც მიუთითებს, არამედ მოგითხრობთ ქალების ორმაგი შრომის, ოჯახებში მათი შრომის ექსპლუატაციისა მიზეზებსა და შედეგების შესახებ.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, ფრანგმა სოციოლოგმა მონიკ ეკომ დაამკვირდა ტერმინი და კონცეფცია, რომელიც ცნობილია როგორც ,,კოგნიტური დატვირთვა”. კონცეფცია, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ავტორისეულ კვლევას, ვრცელდება დაოჯახებულ ან/და წყვილში მყოფ ქალებზე, რომლებიც პროფესიულად აქტიურები არიან და, ამასთანავე, უწევთ საოჯახო საქმეების ორგანიზება ან/და კეთება. ზემოთხსენებული კვლევა ასახავს, თუ როგორ უწევთ ქალებს ანაზღაურებადი (სამსახურის) და აუნაზღაურებელი შრომის (საოჯახო საქმეების) შეთავსება, რაც, ფაქტობრივად, მათთვის ორმაგ სამუშაო დღეს გულისხმობს.

აქედან გამომდინარე, ქალებში მენტალურ დატვირთვას დიდწილად სწორედ ის გარემოებები იწვევს, რაც მათი პროფესიული და საოჯახო საქმეების შეთავსებასთან არის დაკავშირებული, რადგან ხშირად ერთს ვერ შორდებიან ბოლომდე, როცა მეორეს აკეთებენ. ალბათ, ხშირად გვინახავს ქალები, რომლებიც შვილების სკოლიდან გამოყვანას, მათ სხვადასხვა წრეებზე გაგზავნას თუ სახლის სხვა უამრავ საქმეს აორგანიზებენ სამსახურიდან. რამდენ კაცს იცნობთ შვილის ძიძას რომ არჩევდეს ან/და საოჯახო საქმეებში დამხმარეს? ძირითადად, მსგავსი ტიპის მოვალეობებიც მხოლოდ ქალების პასუხისმგებლობად რჩება.

მენტალური ტვირთი ქალებს აიძულებს იჟონგლიორონ ყოველდღიურ საქმეებსა და სამსახურებრივ პასუხსიმგებლობებს შორის, რაც მოითხოვს დამატებით გონებრივი და ფიზიკური რესურსების მობილიზებას. ეს ყველაფერი კი საბოლოდ მათ ჯანმრთელობაზეც აისახება უარყოფითად, რადგან ქალებს თითქმის არ რჩებათ დრო დასვენებისა და თუ საკუთარი თავისთვის.

ქალებისგან განსხვავებით, კაცებს თითქმის არასდროს, ან ძალიან იშვიათად, აქვთ მენტალური დატვირთვის პრობლემა შინ საქმის გამო, რადგან ისინი საოჯახო საქმეებში არათანაბრად, ან საერთოდ არ არიან ჩართულები. კაცები ოჯახებში გვევლინებიან, როგორც ,,დამხმარე” და არა თანაბარ პასუხისმგებლობებისა და მოავლეობების მქონე ზრდასრულ ადამიანებად. ამას ადასტურების გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვით ქალები სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ შინ შრომაზე, ვიდრე - კაცები. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში, ქალთა მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან მათ არაანაზღაურებად შრომას ახალი პასუხისმგებლობები და მოვალეობები დაემატა.

საოჯახო საქმეებში კაცების არათანაბარი ჩართულობა, შრომის სქესობრივ დაყოფასთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ჰორიზონტალურ სეგრეგაციასთან, რის შედეგადაც სოციუმში არსებობს ტერმინები “კაცის საქმეს” და “ქალის საქმეს”. Რეალურად, ვინმეს საქმე, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს გამოგონილია საზოგადოების და უმეტესწილად პატრიარქალური წესრიგის მიერ, რაც რეალურად ქალების, როგორც ჯგუფის, სუბორდინაციას და მათი შრომის გაუფასურებას ემსახურება. მსგავი “წესრიგის” გამოა, რომ ქალებმა უნდა აკეთონ სახლის საქმე, რადგან შინ შრომა არის უხილავი, აუღიარებელი, დაუფასებელი და, რაც მთავარია, აუნაზღაურებელი.

ქალისთვის გაორმაგებული აუნაზღაურებელი შრომა, განსაკუთრებით, ძლიერდება სადღესასწაულო პერიოდებსა თუ არდადეგების დროს, როდესაც ქალებს ერთდროულად რამდენიმე საქმის დაგეგმვა და რეალიზება უწევთ, ისე, რომ ისინი ვერც კი ახერხებენ ამ დროის განმავლობაში სიამოვნების მიღებასა და განტვირთვას, როგორც ეს ხდება კაცების შემთხვევაში. ქართულ კონტექსტში, თან, მაგალითად, „ორი ახალი წლის“ ტრადიციას თუ გავიხსენებთ, რა დროსაც, თითქმის, მთელი თვით წყვეტს ყველა და ყველაფერი მუშაობას, ქართველი ქალების უმრავლესობისთვის კი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და დამღლელი პერიოდია.

გამოსავალი ამ რთული და კომპლექსური პრობლემიდან მარტივი არაა, თუმცა შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ მენტალიტეტი და სტერეოტიპული აზროვნება შევცვალოთ, რომ ქალებმა საოჯახო საქმეების დელეგირება შეძლონ, კაცებმა კი გაიაზრონ და მიიღონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობები. გარდა ამისა, პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს გამართული სახელმწიფო სერვისების ქონას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ქალების მიერ საოჯახო საქმეებზე ყოველკვირეულად დახარჯულ 45 საათს და, შესაბამისად, მათ მენტალურ დატვირთვას.


გენდერული კვოტების კანონის გავლენა ქართულ არჩევნებზე

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც კვოტორების სისტემა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. კვოტა, როგორც მექანიზმი, საშუალებას აძლევს ქალებს ხელი მიუწვდებოდეს ძალაუფლებრივ პოზიციებზე, რომელზეც, უმრავლეს შემთხვევაში, კაცები არიან წარმოდგენილები.

კვოტირების ეფექტურობის შესახებ ხშირად ჩნდება კითხვები, ამიტომ უმჯობესია ავხსნათ რა არის კვოტირების, როგორც მექანიზმის მიზანი. ამ ინიციატივის და უკვე საკანონმდებლო ცვლილების მიზანია აჩვენოს, რომ თანაბარი წარმომადგენლობა საკანმომდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში არის მნიშვნელოვანი, აუცილებელი და სავალდებულოც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გენდერული თანასწორობა არის ღირებულება და ამ ღირებულების საკნონმდებლო დონეზე აღიარება ხდება კვოტირების მეშვეობით.

არავინ დავობს, რომ კვოტა არის ხელოვნური ჩარევა (როგორც ყველა სხვა კანონი), მაგრამ, ამასთანავე, ეს არის შესაძლებლობა, რომ პატრიარქალური წესრიგის (უფრო უწესრიგობის) და ძალაუფლების არაპრპორციული გადანაწილება შერყევა მოხდეს. ეს არის შანსი ქალებისთვის, გაარღვიონ პატრიარქალური სისტემების ჩაკეტილი წრე და შეაღწიონ იქ, სადაც მათ არავინ ეპატიჟებათ. რაც მთავარია, კვოტა იძლევა შესაძლებლობას ქალებისთვის მართონ, ჰქონდეთ ძალაუფლება და ჯავშნით აღჭურვილები შევიდნენ პატრიარქატით დანაღმულ ტერიტორიაზე. ილაპარაკონ და იმოქმედონ იქ, სადაც მათი მოხვედრა კვოტირების გარეშე წარმოუდგენელი და ხშირად არარეალურიც კია.

კვოტა, როგორც ინსტრუმენტი, საჭიროა იქ, სადაც ქალებს თანაბარი პირობები, გარემოებები, კონკურენციის შესაძლებლობა და თავის გამოვლენის საშუალება აპრიორი არ გააჩნიათ, სწორედაც რომ ასე მოჭარბებული ანდროცენტრიზმის გამო.

ქართულ პოლიტიკაში კვოტირების სისტემამდე და შემდგომ სურათს თუ შევადარებთ, მშრალი სტატისტიკაც კი ნათლად აჩვენებს პროგრესს. მაგალითად, 2020 წელს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შედეგად, არჩევნებში მონაწილე პარტიებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პარტიული სიები წარდგენა ყოველ ოთხეულში, მინიმუმ, ერთი განსხვავებული სქესის წარდგენით დაევალათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო სიას არ დაამტკიცებს და პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კანონით ეს სავალდებულო ნორმა, მხოლოდ, პროპორციულ სიებზე ვრცელდება და შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა ქართულ პარლამენტში 14%-დან 20%-მდე გაიზარდა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც წარმომადგენლობით ორგანოებში სრულ პარიტეტს, ან, მინიმუმ, ქალთა „კრიტიკული მასის“ (30%) არსებობას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტში ქალთა ჩართულობა კვლავ არასათანადოა. თუმცა, ბოლო წლების გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმალური პროგრესიც კი, სრულად გენდერული კვოტების სავალდებულო ნორმის დამსახურებაა.

მიუხედავად იმ ცვლილებისა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ თავდაპირველად განსაზღვრული ყოველი მეორე განსხვავებული სქესი პროპორციულ სიაში, ყოველ სამეულში განსხვავებული სქესით შეცვალა, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მუნიციპალურ დონეზე ქალთა წარმომადგენლობის ისტორიული პროგრესი გვაქვს. დღეს პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატების 31%-მდე ქალია, 2017 წელს არჩეული საკრებულოს წევრებიდან კი, მხოლოდ, 13% იყო ქალი. ასეთივე ოპტიმისტური სურათი, სამწუხაროდ, არ გვაქვს მაჟორიტარი საკრებულოს წევრებში - 664 მაჟორიტარი საკრებულოს წევრიდან 45 ქალია, ხოლო - 64 მერიდან მხოლოდ 3 ქალია. ეს კი დამატებითი არგუმენტია გენდერული კვოტების სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ კვოტების ვალდებულება არ ეხება მაჟორიტარულ სისტემას და შედეგიც სახეზეა, პროპორციული სიების მიღმა ქალთა წარმომადგენლობა კვლავ დაბალი რჩება.

კვოტირება გენდერული თანასწორობის მყისიერ გადაწყვეტას არ წარმოადგენს და ის არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც ერთადერთი გამოსავალი. კვოტირების სისტემა არის ინსტრუმენტი, მექანიზმი, რომელზეც გადაჭარბებული მოლოდინების დამყარება არახელსაყრელია. მისგან უნდა ველოდოთ ზუსტად იმას, რასაც გვთავაზობს, რაც გულისხმობს კონკრეტული მიზნის მიღწევს, ანუ ძალაუფლების თანაბარ გადანაწილებას. კვოტა პოლიტიკაში გვაძლევს მეტ-ნაკლებად ქალთა პროპორციის ზრდას, რომლის სიმბოლური ეფექტები არანაკლებ ძლიერი და დიდი მნიშვნელობის მატარებელია გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის საქმეში.


გენდერის ინტეგრირება საქართველოს კლიმატის პოლიტიკაში

WECF საქართველოს გუნდის წევრები, ანნა სამველ და ანი მურადაშვილი განმარტავენ, რატომ და როგორ უნდა მოხდეს გენდერის ინტეგრირება საქართველოს კლიმატის პოლიტიკაში. Სტატია გამოქვეყნებულია კავკასიის ანალიტიკური დაიჯესტის (Caucasus Analytical Digest) სპეციალურ გამოცემაში, რომელიც საქართველოს კლიმატის პოლიტიკაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასა და მონაწილეობას ეძღვნება.

Ეს სტატია ეხება გენდერული პასუხისმგებლობის ნაკლებობას და ხაზს უსვამს ქალთა ჩართულობის აუცილებლობას საქართველოს კლიმატის პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. Გენდერის ინტეგრირების აუცილებლობა კლიმატის პოლიტიკაში აღიარებული და წახალისებულია საერთაშორისო კვლევებისა და სააგენტოების მიერ. Მიუხედავად იმისა, რომ, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საკანონმდებლო თანასწორობის კუთხით, გენდერი ჯერ კიდევ არ არის ინტეგრირებული საქართველოს კლიმატისა და ენერგიის პოლიტიკაში, გარდა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა (NDC). Კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული არსებული დოკუმეტებისა და პოლიტიკის ანალიზზე დაყრდნობით, ეს ნაშრომი გვთავაზობს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა განავითაროს გენდერულად მგრძნობიარე კლიმატის პოლიტიკა ინტერსექციური მიდგომით, განავითაროს შესაძლებლობები გენდერული მეინსტიმინგისა შესაბამის სექტორებში, გააუმჯობესოს არსებული საუკეთესო პრაქტიკები, დანერგილი სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ეროვნული ექსპერტების მიერ, და აწარმოოს ღრმა გენდერული ანალიზი, როგორც ეს გათვალისწინებულია NDC-ს მიერ.

სრული სტატია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.


ყველა ვეგანი ფემინისტია: საუბრები @Toptheshaker-თან

მსოფლიო ვეგანური დღის პარალელურად, ნოემბრის პირველი კვირა ეთმობა COP26 ღონისძიებას ქალაქ გლაზგოში, სადაც მფოსლიო ლიდერები იკრიბებიან, რათა ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური კატასტროფის აცილების გზები განიხილონ. Სულ რამდენიმე დღის წინ კი, მენიუს გამოქვეყნების შემდეგ, COP26-ის ორგანიზატორები არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკრიტიკა, რადგან მასში ხორც-პროდუქტები და თევზეულობა არის შეტანილი. ინდუსტრიულ ფერმერობას და თევზჭერას კი ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებაზე. ირონიულია მართლაც, რომ  COP26 ორგანიზებულია გაეროს მიერ და რამდენიმე თვის წინ, სწორედ გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში თევზჭერისა და ზოგადად, ფერმების კატასტროფული გავლენის შესახებ პლანეტაზე, და ხალხს ვეგანობისკენაც მოუწოდა.

იცოდით თუ არა, რომ კლიმატის ცვლილებასა და ეკოლოგიურ კატასტროფებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი, სწორედ, ხორცისა და რძის პროდუქტების ინდუსტრიას მიუძღვის? ამასთან ერთად, გარდა ცხოველების უფლებებისა, ფერმების ინდუსტრია ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს იქ მომუშავე ადამიანების არა მხოლოდ ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. Შესაბამისად, ფერმების ინდუსტრია ადამიანთა უფლებების საკითხიც არის. ყველაზე მეტად კი ადგილობრივი ქალები ზარალდებიან კლიმატის ცვლილებით და ტყის მასობრივი ხანძრებით. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს 2019 წლის ამაზონის ჯუნგლების ტრაგიკული გადაწვის ამბავიც, რის შედეგადაც, უკვე 2021 წელს ამაზონის ტყეები იმაზე მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს, ვიდრე გადაამუშავებს. სოციალურ მედიაში აქტიურად მიმდინარეობდა ამაზონის გადარჩენის კამპანია და ათასობით ადამიანი ჩაერთო მისი ფინანსური დახმარების ინიციატივაშიც. თუმცა, ცოტამ თუ გაანალიზა, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. რეალობა კი ის არის, რომ მსოფლიოს გარშემო არაერთი ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა ტყეებში, სწორედ ფერმებისთვის მეტი მიწის გადაცემის გამო. ყველაზე გახმაურებული სტატია CNN-მა დაწერა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რომ ამაზონის ჯუნგლების 80%-ის გადაწვაში წვლილი, სწორედ, ინდუსტრიულ ფერმერობას მიუძღვის. ფერმერების მიზანს წარმოადგენდა მიწის ,,გასუფთავება”, მათივე ფერმის ცხოველებისა და საკვებისთვის. შესაძლოა ფოქრობდეთ, რომ ბრაზილია საქართველოსგან იმდენად შორს არის, რა შუაში უნდა იყოს ამაზონის ტყის ხანძარი საქართველოსთან. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვიურად არაერთი პროდუქტია იმპორტირებული ბრაზილიიდან, დაწყებული სოიოს მარცვლებით - დამთავრებული ხორცის ნაწარმით. Შესაბამისად, მსოფლიოს ტყის მასიური განადგურება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური პრობლემაა.

რაც შეეხება უშუალოდ ფემინიზმსა და ვეგანიზმს, 2021 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ცხოველების დაცვის ორგანიზაციამ - ,,პეტა” - სტატია გამოაქვეყნა, რომელმაც ბევრი ფემინისტი დააფიქრა. სტატია სახელწოდებით - ,,რატომ არ შეიძლება იყოთ ყველის მჭამელი ფემინისტი” - მოგვითხრობს, თუ როგორ ეფუძნება რძის პროდუქტების მთელი ინდუსტრია, მდედრობითი სქესის ცხოველების ექსპლუატაციას. სტატიაში აღწერილია ის სრული ტრაგიკული ციკლი, რასაც დედალი ცხოველი გადის ფერმაში მოხვედრის დღიდან - სიცოცხლის ბოლომდე.

Სიახლე არ არის, რომ ვეგანები მსოფლიოს მასშტაბით  ძალიან უარყოფითი კომენტარებისა და დისკუსიების მსხვერპლნი არიან, მაშინ როდესაც ვეგანიზმის იდეა ძალიან მარტივია: არ მოვკლათ, არ ვაწამოთ, არ შევჭამოთ და არ გავატყაოთ ცოცხალი არსება. წესით ასეთ მარტივ იდეოლოგიას ამდენი ნეგატიური დამოკიდებულება არ უნდა მოჰყვებოდეს. თუმცა, ისტორიის მანძილზე  არაერთხელ გვინახავს, რომ ის ადამიანები ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არსებულ ნორმებსა თუ წეს-ჩვეულებებს და ცდილობენ უკეთესობისკენ ცვლილებას, ხშირად ხდებიან თავდასხმის სამიზნეები. ეს თავდასხმები განსაკუთრებით ნეგატიურია, თუ აქტივისტები საზოგადოებაში გაბატონებულ პატრიარქალურ კულტურას ან კაპიტალიზმს აკრიტიკებენ და  ხაზგასმით საუბრობენ მათ ზიანზე როგორც გარემოს დაცვის, ასევე ქალთა უფლებების განხრით.


ჯერ კიდევ 1997 წელს სტივ ჯობსმა, მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოსვლაში, სადაც მარკეტინგზე საუბრობდა, ახსენა: ,,რძის პროდუქტების ინდუსტრია 20 წლის განმავლობაში ცდილობდა თქვენს დარწმუნებას რომ რძე სასარგებლოა, რაც სრული სიცრუეა, თუმცა მათ მაინც სცადეს.” რეალობა არის ის, რომ რძის პროდუქტების მასობრივი პროდუქცია და პოპულარიზაცია სწორედ კაპიტალიზმის შედეგია. დღესდღეობით კი ისეთი დიდი კომპანია, როგორიცაა ნეტფლიქსი, არაერთ რესურსს დებს საკუთარი მაყურებლის განათლებასა და განვითარებაში. შედეგად, მათი დოკუმენტური ფილმების ნუსხას დაემატა ისეთი ფილმები, როგორიცაა Seaspiracy, Cowspiracy, What the Health, The Game Changers. ქართველ ვეგანების  დიდი დამსახურებაა , რომ ამ ფილმების ნაწილი უკვე ნათარგმნი და ხელმოსაწვდომია ქართულ ენაზე!

ახლა კი უშუალოდ საქართველოში რომ დავბრუნდეთ, ჯერ კიდევ ყველას კარგად გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ კივი კაფეს დარბევის სამარცხვინო ისტორია, თუმცა მას შემდეგ საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. ადრე თუ მხოლოდ ერთი ვეგანური კაფე არსებობდა თბილისში, ახლა ეს სია ბევრად უფრო მრავალფეროვანია. ასევე გამოჩნდნენ სოციალური მედიის ინფლუენსერები, რომლებიც 100% ვეგანურ კონტენტს ქმნიან და ხალხის ცნობიერების ამაღლებასაც ცდილობენ.

ჩვენ, მსოფლიო ვეგანურ დღესთან დაკავშირებით, მოვიწვიეთ ერთ-ერთი წარმატებული ვეგანი კონტენტ კრეატორი და ახლად შექმნილი ვეგანური ბარის პრინზ თბილისის მენიუს ავტორი - ანა თოფურია, იგივე Toptheshaker, რომელიც საინტერესო შეკითხვებზე გვიპასუხებს:

Რა არის თქვენთვის ფემინიზმი?

ფემინიზმი თანასწორობაა. თუმცა ჩემთვის განმარტება განმარტებად რჩება, ცხოვრება ლექსიკონი ხომ არაა? ფემინიზმი ჩემთვის მოქმედებისკენ მოწოდებაა, მოქმედებისკენ რომელიც მოითხოვს ყველა სქესს თავისი უფლებამოსილება დაანახოს. Მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალმა ისწავლოს თავისი შესაძლებლობები. მიხვდეს რომ ის განსაკუთრებული, სრულფასოვანი და ყოვლისშემძლეა.

Საიდან გაჩნდა მოსაზრება რომ ყველა ვეგანი ფემინისტია?

ლოგიკური აზროვნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვეგანიზმის და ფემინიზმის გადაკვეთა გავიაზროთ. შესაძლოა ზოგი ფიქრობდეს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამ კუთხით საუბარი ოდნავ ადრეა, რადგან ბევრი არც იყოს მზად, რომ ვეგანიზმი და ფემინიზმი ერთად გაიაზროს. თუმცა, მე ვფიქრობ ადრე არასდროსაა,  როცა საქმე ეთიკურ ცხოვრებასა და სიცოცხლის გადარჩენას ეხება. იმისთვის, რომ ეს ოქროს კვეთა დავაფიქსიროთ, აუცილებელია ორივე იდეოლოგია შესისხლხორცებული გვქონდეს. აქაც ვფიქრობ, რომ ლექსიკონის ან ენციკლოპედიის ცოდნა არაფერს მოიტანს. ორივე მიმდინარეობა არის ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი, რომელსაც გათვიცნობიერებული, ეთიკურად მცხოვრები ადამიანი ბუნებრივად ირჩევს. ჩემს შემთხვევაში ვეგანიზმი უფრო ადრე მოვიდა, სადღაც 19 წლიდან დავიწყე მიზნისკენ სვლა და დღეს უკვე ჩემი ვეგანიზმი 7 წელს ითვლის, ზუსტად იმიტომ ვამაყობ ამ ცხოვრების სტილით, რომ მასწავლა როგორ ვიყო მაქსიმალურად ეთიკური, ტოლერანტული და გამგები.

ჩემთვის ყველა თანასწორია - იქნება ეს ადამიანი თუ ცხოველი. მე ვიცი, რომ ყველა არსებას სურს უდარდელი სიცოცხლე. სამწუხაროდ, რძის პროდუქტების და კვერცხის ინდუსტრია ყველაზე დიდი მონსტრია, რომელსაც ყველაზე მეტი მდედრი ცხოველი ეწირება რძის, რძის პროდუქტების და კვერცხის გამო. ,,დედალი" ცხოველები პროდუქტის მწარმოებელ მანქანებად არიან ქცეულნი. მოგვიანებით კი, როდესაც ენერგიისგან იცლებიან, ან უბრალოდ მეტს ვეღარ უძლებენ, სასაკლაოში აგზავნიან, რათა მათი ხორცი არ დაიკარგოს. ასეთი ყოფა დღეში ათასობით, ხოლო წელიწადში მილიონობით უდანაშაულო ცხოველს აქვს.

Რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც უგულებელყოფენ რძის და ხორცის პროდუქტების ინდუსტრიის ნეგატიურ გავლენას დედამიწაზე და კონკრეტულად კლიმატის ცვლილებაზე?

მე არ მჯერა, რომ არსებობს დედამიწაზე მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც იმის პოტენციალი არ აქვს გაიაზროს  რამხელა მონსტრია მეცხოველეობა. ყველა ვინც ამ თემას უღრმავდება, საწყისებიდანაც კი გრძნობს იმ სისასტიკეს,  რასაც რძის და სასაკლაო ფერმები ემსახურებიან. ელემენტარულია ის, რომ გლობალური პრობლემებისა უმეტესობა, ხორცის თუ რძის ინდუსტრიებთანაა კავშირში. მსოფლიო შიმშილი ერთ-ერთი მათთაგანია, რომელიც საკვები რესურსის არასწორ გადანაწილებას მოიცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ გარემოს დაბინძურებასა და გლობალური დათბობის პროვოცირებაზე. ეს რეალობაა და ამას ადამიანი ან ხედავს, ან, უბრალოდ, არ უნდა რომ დაინახოს.

Რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ეშინიათ რომ ვეგანიზმით რაიმე სახის კვებით ღირებულებებს დაკარგავენ

პირველ რიგში, საკუთარ კვებით ღირებულებებზე ფიქრი მას შემდეგ, როცა ვიაზრებთ, რომ ეს სხვა არსების სიცოცხლის ფასად ხდება, ცოტა დაფიქრებას საჭიროებს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მცენარეულ კვებაში იმაზე ბევრად მეტი ცილა და კვებითი ღირებულებებია, ვიდრე ცხოველურ პროდუქტებში: ოსპი, მუხუდო, ლობიო, და ა.შ.

აქვე იმას დავამატებდი, რომ ვეგანური ცხოვრების სტილი უჯანსაღესია. ჩემს შემხვევაში, ყველაზე ჯანსაღი არჩევანია, რაც ოდესმე გამიკეთებია - არა მხოლოდ სხეულის გაბედნიერება, არამედ სულის და გონების გათავისუფლებაა, როცა იცი  არავის სთხოვ დათმოს თავისი სიცხოხლე იმისთვის, რომ შენ იარსებო.


Რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ეკო-მეგობრულები?

ეკოლოგიასთან მეგობრობა იწყება ბუნების სიყვარულით, ცხოველების, ადამიანების  თუ საკუთარი თავის პატივისცემით. ეს არაა მოდა, ტენდენცია ან დიეტა. ესაა გადარჩენის ერთადერთი გზა იმ ჯუნგლებში, რომელსაც დიდი კორპორაციები ხელოვნურად გვიწყობენ. ეკომეგობრულობა გამოიხატება ,,მომხმარებლობის" დონით: რამდენად მსხვილია ჩემი კვალი პლანეტაზე? რამდენად ვაბინძურებ გარემოს ან მოვიხმარ იმას, რაც არაა ეთიკურად მოწოდებული? რამდენად დიდი და რთული გზა აქვს  გამოვლილი კონკრეტულ პროდუქტს, სანამ ჩემამდე მოვიდოდა? აი, მაგალითად, შევადაროთ ჩემს ეზოში მოწყვეტილი ვაშლი და ინდონეთიდან იმპორტული ქოქოსის კარაქი. რაც უფრო მოვუკლებთ მსგავსი პროდუქტების ქონას ყოველდღოურობაში, მით უფრო ნაკლები იქნება ჩვენი ცუდი კვალი პლანეტაზე. ასევე, საკმაოდ რთულია საუბარი ერთდროულად ეკომეგობრულობასა და ხორცის/რძის ნაწარმის მიღებაზე. ჩემი აზრით, ეს პირველი ნაბიჯია, რაც ადამიანმა დედამიწისთვის უნდა გადადგას.

Რა ცვლილებებს ატყობთ საკუთარ თავს მას შემდეგ, რაც გახდით ვეგანი?

ცვლილება ჩემთვის ყოველთვის სასიკეთო ნაბიჯებთან ასოცირდება. ჩემი ცხოვრება ბევრად მრავალფეროვანი გახდა, ისევე როგორც დღის რაციონი. გავიცანი უამრავი ადამიანი. ვისწავლე ბევრი ხრიკი, თუ როგორ ავიცილო თავიდან ადამიანური ცდუნებები და როგორ დავრჩე ერთგული ჩემს თავთან და პლანეტასთან. არანაირი ნეგატიური გავლენა ვეგანიზმს ჩემზე არ ჰქონია. მე თავიდანვე გააზრებულად გადავედი ამ ცხოვრების სტილზე და დღეს ეს ჩვეულებრივი რუტინაა, რომელსაც ყურადღებას არც კი ვაქცევ. ისევე მიყვარს ჩაცმა, ჭამა თუ მოგზაურობა, როგორც ადრე, თუმცა დღეს ბევრად უფრო გააზრებულად და დაბალანსებულად ვაკეთებ ამ ყველაფერს.

Რატომ ვეგანიზმი?

ვფიქრობ ვეგანიზმი არის ერთადერთი სწორი გზა. ჩემთვის ამას წყალი არ გაუვა. ესაა ჰარმონიაში ყოფნა პლანეტასთან და საკუთარ თავთან ისე, რომ სინდისმა არ შემაწუხოს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტს ვსწავლობ და უფრო მეტად ვცდილობ ავუწყო ფეხი ამ მიმდინარეობას.

________

ჩვენი რჩევა:

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ მსოფლიოში ყველა ადამიანი ერთ დღეში ან თუნდაც ერთ წელში გახდება ვეგანი. თუმცა, ბევრი სხვა მიდგომა არსებობს იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ეკომეგობრულები და კეთილები როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. მაგალითად, არაერთი ინიციატივა არსებობს მსოფლიოს ვეგანური ორგანიზაციებისგან, რომ ხელი შეუწყოს როგორც თქვენს, ასევე პლანეტის ჯანმრთელობას. ერთ-ერთი მსგავსი ინიციატივაა Veganuary ანუ ვეგანური იანვარი, სადაც ნუტრიციონისტების მიერ გაზიარებულია სრულიად ჯანსაღი და ვეგანური კერძები, რომელიც შეგიძლიათ მთელი თვის განმავლობაში მოამზადოთ.

მსგავსი ინიციატივის ავტორი საქართველოში ჩვენი ბლოგის სტუმარი - ანა თოფურიაა, რომელმაც უხორცო ორშაბათი (Meatless Mondays) წამოიწყო იმ მიზნით, რომ თუნდაც კვირაში ერთი დღე სრულად მცენარეული კერძები მივირთვათ და ამით შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი პლანეტის გადარჩენაში.

Სასარგებლო ბმულები:

Earthling Ed: You Will Never Look at Your Life in the Same Way Again | Eye-Opening Speech!

Ed Winters: The hidden costs of our food choices

UN Report: We Only Have 5 Years to Halt Climate Change

Greta Thunberg Speech at COP25

Greta Thunberg TED Talks 

Moby x TED Talks, Why I’m Vegan


Რატომ არის მენტალური ჯანმრთელობა ფემინისტური საკითხი

21-ე საუკუნეში ადამიანები უკვე ხშირად, ღიად და თამამად საუბრობენ მენტალურ ჯანმრთელობაზე, თუმცა დღემდე ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფემინიზმისა და მენტალური ჯანმრთელობის კავშირს. ჯერ კიდევ ბელ ჰუკსმა - ფემინიზმის თეორიტიკოსმა და აქტივისტმა ფემინიზმის შემდეგნაირი განმარტება დაამკვიდრა: ,,ფემინიზმი არის მოძრაობა სექსიზმის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.” 

ფემინისტური მოძრაობა საუკუნეების განმავლობაში მუშაობდა ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მოპოვებაზე, მათი განათლებისა და კარიერული უნარების განვითარებაზე და ასევე მათი რეპროდუქციული უფლებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ვნახოთ თუ სად ჯდება მენტალური ჯანმრთელობა ფემინისტურ დღის წესრიგში.

ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება, შფოთვა, გავლენას ახდენს ყოველწლიურად 40 მილიონზე მეტ ზრდასრულ ადამიანზე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. შფოთვითი აშლილობები, როგორიცაა პანიკური შეტევები და პოსტ-ტრავმული აშლილობა PTSD ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. რატომ? გაუპატიურება არის PTSD-ის მთავარი მიზეზი რადგან ზრდასრულ მსხვერპლთა 90% და არასრულწლოვანთა 82% ქალია. მსოფლიოში 300 მილიონი დეპრესიაში მცხოვრები ადამიანიდან, ქალები ორჯერ უფრო მეტნი არიან, ვიდრე კაცები.

ასევე, შოუ-ბიზნესის და მოდის ინდუსტრიას დიდი ნეგატიური გავლენა აქვთ ქალების კვებაზე, რაც შედეგად მენტალურ პრობლემებს იწვევს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 30 მილიონი ადამიანი განიცდის კვების დარღვევას, აქედან 20 მილიონი ქალია. 1930 წლიდან ყოველ ათწლეულში აღინიშნება ანორექსიის ზრდა 15-დან 19 წლამდე ახალგაზრდა ქალებში. 

ამ ყველა ფაქტს თუ ლოგიკურად დავაკავშირებთ მივხვდებით, რომ მენტალური ჯანმრთელობა ნამდვილად ფემინისტური საკითხია და ტყუილად არ იბრძვის ათასობით აქტივისტი მსოფლიოს გარშემო ქალების უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის. Ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ სალომე ჩარკვიანი - ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, რომელიც გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გარკვეულ რჩევებსაც მოგვცემს.

Სალომე, Რა არის თქვენთვის ფემინიზმი?

ფემინიზმი არის კუნთების სიძლიერეზე დამყარებულ ყოველდღიურობაში იმ ადამიანების ხმა, რომელთაც ფიზიოლოგია არ აძლევს თავდაცვის საშუალებას და ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ ქალები. ფემინიზმი არის ყველასი, ვისაც ევოლუციის დროს ჩამოყალიბებული პატრიარქალური კულტურული ნორმები თავისუფლებას და ბედნიერებას უზღუდავს.

თვლით თუ არა რომ მენტალური ჯანმრთელობა ფემინისტური საკითხია?

თუ მენტალურ ჯანმრთელობას განვიხილავთ როგორც დეტალს, რომელიც მზრუნველ და ინკლუზიურ გარემოში აძლიერებს ადამიანს და მის გარემოცვას, ხოლო ჩაგვრის და ფიზიკური სიძლიერის დემონსტრირებისას დამანგრეველ შედეგებს გამოიღებს, მაშინ ნამდვილად ფემინისტური საკითხი გამოდის.  მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ყველაზე მეტად იმ საზოგადოებების პრობლემაა, სადაც სისუსტის გამოვლენა სირცხვილად ითვლება.

Რას ნიშნავს მენტალური ჯანმრთელობა?

მენტალური ჯანმრთელობა ნიშნავს ჰარმონიულად ყოფნას საკუთარ აზრებთან და ემოციებთან. ეს არ არის აბსტრაქტული მდგომარეობა. სტრესი, დეპრესია თუ სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობები კავშირშია ტვინში მიმდინარე ქიმიურ პროცესებთან, რაც პირველ რიგში ადამიანის და მისი გარემოს ცხოვრების ხარისხს ცვლის და შემდეგ მის ფიზიკურ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ტვინი ვახსენე იმიტომ, რომ რატომღაც ადამიანები მუცლის ან ფეხის ტკივილს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ხოლმე, ვიდრე ტვინიდან წამოსულ დისკომფორტს.

Რა რჩევები გექნებათ მათთვის, ვინც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდის?

ამ ადამიანებს ვურჩევდი, რომ ვერ მორჩებით იქამდე, სანამ არ ითხოვთ დახმარებას. სანამ არ აღიარებთ, რომ პრობლემა გაქვთ და უგულებელყოფის გრძნობას ჩაანაცვლებთ კარგად გახდომის სურვილით, რომელიც დაგანახებთ მისი მოგვარების რაციონალურ გზებს. ფსიქიატრთან ვიზიტი სირცხვილი არ არის, სირცხვილი არის ცხოვრების ისეთ ტანჯვაში გალევა, რომლის აცილებაც დიდი ალბათობით შეგეძლოთ. 

თუ თვლით, რომ თქვენი ემოციური მდგომარეობა ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს გიშლით, ნუ დააიგნორებთ, ნუ მისცემთ გამწვავების საშუალებას. მოიძიეთ ინფორმაცია, ხშირად პრევენციული საშუალებები -  ჯანსაღი ცხოვრების წესი, პრობლემაზე საუბარი, დასვენება, ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის მიღება ბევრად მარტივია, ვიდრე გამწვავებული მდგომარეობის შემოტრიალება. ვინც უგულებელყოფის ეტაპს გასცდა და შეუდგა ფსიქიკური გამოჯანმრთელების გაწელილ და რთულ გზას, მათ ვეტყოდი, რომ არასდროს დაყარონ ფარ-ხმალი, სანამ ისევ არ იგრძნობენ სიმშვიდეს და უბოდიშოდ გაეცალონ გარემოს, რომელიც ხელს შეუშლის მათ კომფორტულ და მშვიდ მდგომარეობას.

Როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა 21-ე საუკუნეში მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით და როგორ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე?

21-ე საუკუნის გამოწვევად მიმაჩნია, რომ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით გვიწევს ცხოვრება კაპიტალიზმის სტრესულ გარემოში. ჩვენი სამსახური ყოველთვის ვერ გველოდება როდის გავხდებით კარგად, უსამსახუროდ კი ფინანსური პრობლემების წინაშე ვდგებით, რომელიც ასევე დამღუპველია ჯანმრთელობისთვის. ესაა მანკიერი წრე, საიდანაც გამოსავალი ყოველთვის არ არის ხოლმე. ერთადერთი, შეიძლება ვთხოვოთ დამსაქმებლებს, რომ მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი თანამშრომლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლაში. მათი გაჯანსაღება და ერთგულების დამსახურება ბიზნესს შეიძლება მეტად წაადგეს, ვიდრე ახალი კადრის მოძებნა.

_____

Სალომე ინკლუზიური განათლების სპეციალისტია. Მან ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში მიიღო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიიღო ნორვეგიაში, ოსლოს უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს სალომე მუშაობდა საგანმანათლებლო სფეროში სააერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციებში.

 


რა არის ეკოფემინიზმი?

ჩვენ ცალ-ცალკე ყველას გვსმენია გარემოს დაცვისა და ფემინიზმის შესახებ, თუმცა ნაკლებად ცნობილია ამ ორი იდეოლოგიის გამაერთიანებელი კონცეფცია, რომელსაც ეკოფემინიზმი ეწოდება. ეკოფემინიზმი, იგივე ეკოლოგიური ფემინიზმი, არის ფემინიზმის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც იკვლევს კავშირებს ქალსა და ბუნებას შორის.

ეკოფემინიზმი არის იდეოლოგია, რომელიც უფრო ფართო სპექტრში განიხილავს ისეთ პრობლემებს როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, გენდერული თანასწორობა და სოციალური უსამართლობა. ის ასევე განიხილავს ამ პრობლემების კავშირს საზოგადოებაში გაბატონებულ პატრიარქალურ კულტურასთან მიმართებაში. 

გაეროს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილების შედეგად იძულებით გადაადგილებული ადამიანების 80% არის ქალი. ასევე ის ფაქტორიც, რომ ქალები მთელს მსოფლიოში, როგორც წესი, ნაკლებ ფულს გამოიმუშავებენ და უფრო მეტად არიან დამოკიდებულები ბუნებრივ გარემოზე, ისინი უფრო მეტად გადაადგილდებიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად. გადაადგილების მიზეზი ბევრია, მათ შორის ისიც რომ ქალებმა მოიპოვონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთი რესურსები, როგორიცაა თუნდაც წყალი. 2016 წელს გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ შესაძლოა ზოგიერთ მამაკაცს გარემოს დაცვის პრობლემა ნაკლებად ადარდებდეს, რადგან მას ეს პრობლემა და მოძრაობა ფემინური ჰგონია. 

ეკოფემინიზმის რამდენიმე ქვეგანშტოება არსებობს, მათ შორის ვეგეტარიანული ეკოფემინიზმი, სულიერი ეკოფემინიზმი და მატერიალისტური ეკოფემინიზმი. მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებთ ის, რომ პატრიარქალურმა დომინირებამ გამოიწვია ბუნებასა და კულტურას შორის კავშირის დაკარგვა, რამაც უარყოფითად იმოქმედა არა მხოლოდ მარგინალიზებულ ჯგუფებზე, ასევე თავად ბუნებასა და ეკოლოგიაზე.

ეკოფემინიზმის საწყისები

ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაიზარდა კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება და აქტივიზმი. შესაბამისად ფემინისტურმა მოძრაობებმა დაიწყეს გენდერული თანასწორობისა და გარემოს დაცვის საერთო გზების იდენტიფიცირება.

ტერმინი ,,ეკოფემინიზმი” შემოიღო ფრანგმა ფემინისტმა ფრანსუაზ დ’ეუბონმა 1974 წელს. მისი თქმით, ქალების, ფერადკანიანი ადამიანების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების შეზღუდვა და ჩაგვრა არსებითად უკავშირდება ბუნებრივი სამყაროს დეგრადაციას, რომელიც პატრიარქალური ბატონობის შედეგია. ეკოფემინიზმს მალევე ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა მსოფლიოს გარშემო.

თითქმის უკვე 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტერმინი ,,ეკოფემინიზმი” ოფიციალურად დაინერგა. დღესდღეობით, მიუხედავად იმისა რომ პირდაპირ სიტყვა არ გამოიყენება, ეკოფემინიზმის პრინციპები შერეულია თანამედროვე კლიმატის ცვლილებების მოძრაობაში და ასევე იმ ორგანიზაციების აქტივიზმშიც, ვინც მხარს უჭერს ადამიანებისა და გარემოს უფლებების დაცვას.

 

ორი პრინციპი რაც დაგეხმარება გახდე უფრო ეკოფემინისტი:

1. მარგინალიზებული ჯგუფების ჩაგვრა და კლიმატის ცვლილებები დაკავშირებულია საერთო მიზეზით:

პატრიარქალურმა დომინირებამ, რომელსაც მიაჩნია, რომ მასკულინური თვისებები უფრო ღირებულია ვიდრე ფემინური, გამოიწვია ბუნების დეგრადაცია (მიწა და ცხოველები), ჯგუფების მარგინალიზაციასთან ერთად, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ფერადკანიანი ადამიანების ჩათვლით. კაპიტალიზმი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ჩაგვრას, რადგან ის აფასებს მხოლოდ პროდუქტიულობას  და შემოსავალს ნებისმიერი საშუალებით და შემდგომში არ აფასებს იმ სხვა გარემოებებს ან თვისებებს რასაც ფემინურად მიიჩნევს, რომელთა სიაში ბუნებაც დიდ როლს იკავებს. ეგრეთ წოდებული overproduction (გადამეტებული წარმოება) და  overconsumption (გადამეტებული მოხმარება) სწორედ კაპიტალიზმის შედეგია, და ეს ყველაფერი კლიმატის ცვილებას და ბუნების განადგურებას უწყობს ხელს.

2. ამ ურთიერთკავშირის გაგება და გათავისება აუცილებელია სამართლიანი ცვლილებებისთვის:

იმისათვის, რომ რეალური, პოზიტიური გავლენა მოახდინოს როგორც გარემოს დეგრადაციის, ისე მარგინალიზებული ჯგუფების ჩაგვრის შემთხვევებში, ეკოფემინიზმი ამბობს, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი კავშირები პატრიარქალურ საზოგადოებასთან. ფემინიზმმა უნდა გაითვალისწინოს ეკოლოგიური პრობლემები და პირიქით.

___________

რადგანაც ეკოფემინისტები ზრუნავენ ინკლუზიური გარემოს შექმნაზე, ასევე აუცილებელია მოძრაობის წინა პლანზე მრავალფეროვანი ღირებულებების შექმნის მნიშვნელობა. კერძოდ, ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულნი არიან გარემოს განადგურებით – ქალები, არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ არიან აღჭურვილნი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომ, ეკოფემინისტები მოუწოდებენ ყველა ქალს, რომ გაერთიანდნენ ბუნების და შესაბამისად ჩვენი პლანეტის გადარჩენისთვის.

კარგი სიახლე არის ის, რომ 21-ე საუკუნეში ეკოფემინიზმი კიდევ უფრო ფარტომასშტაბიანი ხდება. დღესდღეობით არსებობს არაერთი საერთაშორისო მოძრაობა და ორგანიზაცია, რომლებიც ეკოფემინიზმის პოპულარიზაციას ახდენენ და მათ ყველაზე დიდ ნაწილს ახალგაზრდები შეადგენენ, რაც იმედის მომცემ მომავალს გვპირდება. ასეთი მოძრაობებია Fridays For Future, Break Free From Plastic, და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკოფემინისტური მოძრაობების დამფუძნებლები ქალები არიან, თუმცა რათქმა უნდა მსგავსი ტიპის კამპანიებში ახალგაზრდა მამაკაცებიც აქტიურად არიან ჩართულები, რადგან ფემინიზმის იდეა არის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თანასწორობა, რომელსაც ყველა სქესის ადამიანი თანაბრად იზიარებს.