ანიკი გელაშვილი თანასწორობის მნიშვნელობაზე ვიზუალური არტისტების საქმიანობაში

ანიკი გელაშვილი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი", პლატფორმა femea.ge-სთვის შექმნილი ილუსტრაციების სერიით „რას ნიშნავს, იყო ქალი საქართველოში?"

მას რამდენიმე კითხვა დავუსვით კონკურსისა და მის საქმიანობაში თანასწორობის იდეის მნიშვნელობის შესახებ:

რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი ქალთა და სხვა ჩაგრულ ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიზუალური ნამუშევრების შექმნა?

- მე ვარ გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი, ჩემი საქმე გულისხმობს პრობლემების პოვნას და მათ ვიზუალიზაციას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მიაღწიოს ინფორმაციამ. ამ შემთხვევაში ისეთ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რომლებიც არაერთ ქალთან ერთად ჩემი ყოველდღიურობის ნაწილიც არის. ქალებთან და სხვა ჩაგრულ ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის პერსონალური და მტკივნეული იქნება ჩემთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პროფესია გამოვიყენო და რთულად სათქმელი ამბები ოდნავ უფრო მარტივად გასაგები გავხადო.

როგორ ფიქრობ, რა შეიცვლება თუ უფრო მეტი ვიზუალური არტისტი შექმნის ნამუშევრებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე?

- ცხადია, ვიზუალურ თხრობას ყოველთვის უფრო მარტივად მიაქვს სათქმელი აუდიტორიამდე ვიდრე, მაგალითად, წერილობითს. ერთ დიდ პოსტერზე დალაგებული სტატისტიკა თავისი გრაფიკებით უფრო ადვილად აღიქმება, ვიდრე მიმდევრობით ჩამოწერილი იგივე რიცხვები. თუნდაც მაშინ, როცა შეგრძნებების გადმოცემა გვსურს, ვიზუალური თხრობა უნივერსალური ენაა, მძაფრად გვამახსოვრდება. ამიტომ მგონია, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვხატოთ და გადავიღოთ იმ საკითხებზე, რომლებზეც გვინდა გავაგებინოთ ვინმეს რამე. ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი უჭირავთ ხელში ვიზუალურ არტისტებს და რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ მას, მით უფრო სწრაფად გავავრცელებთ ინფორმაციას.

რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები ვიზუალური არტისტების წასახალისებლად, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშაონ?

- მოულოდნელი იყო, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ გამიჩნდა მეტი პასუხისმგებლობის განცდა. ცხადად დავინახე, რომ რასაც ვაკეთებ და რაც შემიძლია გავაკეთო, მუშაობს, ვიღაცამ მომისმინა. ეგ კი თავისთავად მოტივაცია არის. ალბათ ეგეც იყო ამ კონკურსის მიზანი.

კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022" ჩატარდა ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროკომისიას რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის გაზრდას სთხოვენ

ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს

ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის

დეკემბერი, 2022

2022 წლის 23-24 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამან მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესს. კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა 12 რეკომენდაციის შესრულებაა, რაც დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესზე. ამით მნიშვნელოვნად  დაიძლევა ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც სასამართლო დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას, ელიტურ კორუფციას, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, გენდერულ თანასწორობას უკავშირდება.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადენს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად. მიგვაჩნია, რომ მმართველ ძალას სრული პასუხისმგებლობა აკისრია რეკომენდაციების შესრულებაზე.

ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ის შეასრულებს წევრობის სტატუსის მიღებისთვის წინაპირობად წაყენებულ რეკომენდაციებს. მეორეს მხრივ, საზოგადოებაში დიდი მსჯელობის საგანია, საქართველოს მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები რეალურად მოუპოვებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რადგან ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან არ ჩანს სათანადო პოლიტიკური ნება და მზაობა სრულყოფილად შეასრულოს კანდიდატის სტატუსის წინაპირობად წარმოდგენილი 12 რეკომენდაცია.

მოცემულ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ევროკომისიის მხრიდან გაიზარდოს რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა, რაც მათ შორის ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული რეფორმებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის რეალური პრობლემის წინააღმდეგ მიმართვას მოითხოვს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოგმართავთ თხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების დაგეგმილი ანგარიშის გარდა, ასევე განიხილოთ შუალედური ანგარიშის 2023 წლის მარტისთვის მომზადების შესაძლებლობა. ამასთან ერთად, რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შუალედური ნიშნულებისა და ვადების შემოტანა, რაც თავის მხრივ, აამაღლებს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების ხარისხს და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

დემოკრატიის მცველები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი

კავშირი საფარი

ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო

მედიის განვითარების ფონდი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი


სამოქალაქო საზოგადოების განცხადება სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაგდებასთან დაკავშირებით

22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა დააგროვა. ასეთი შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განცხადეს, რომ ოპოზიციასთან რომელიმე კანდიდატზე შეთანხმება ვერ შედგა. ხმათა საჭირო რაოდენობა (90) ვერ მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმაც.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს უჭერდა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი და მმართველი გუნდის მხარდაჭერის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა ახალი სახალხო დამცველის არჩევა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ ამ კანდიდატებმა დაიმსახურეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის უმაღლესი შეფასება. კომისია დაკომპლექტებული იყო როგორც პროფესიული ჯგუფების, ისე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებით და კანდიდატებს აფასებდა, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის, პროფესიული უნარებისა და გამოცდილების მიხედვით. ამდენად, ამ პირთა მიმართ მმართველი ძალის პრეტენზია მხოლოდ პოლიტიკურია და ხელისუფლებისადმი პარტიული ლოიალობის ნაკლებობას უკავშირდება. შესაბამისად, პროცესის უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად საპარლამენტო უმრავლესობას ეკისრება. მიუხედავად დაპირებისა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენდა, კონკურსის შემდგომ ეტაპზე „ქართული ოცნება” შეეცადა ოპოზიციისთვის შეეთავაზებინა მისთვის სასურველი ხუთი კანდიდატი და კატეგორიული უარი განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი მაღალი კვალიფიკაციის, სანდოობისა და რეპუტაციის მქონე კანდიდატების მხარდაჭერაზე.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარტიულად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კომპეტენტური პირის არჩევა წარმოადგენს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო ერთ-ერთ წინაპირობას 12 რეკომენდაციიდან. სახალხო დამცველის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ადამიანის, მათ შორის დაუცველი ჯგუფების, უფლებებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად.

გარდა ზემოაღნიშნული კონკრეტული მე-12 პირობისა, სახალხო დამცველად დამოუკიდებელი პირის არჩევა ქვეყანას შესაძლებლობას მისცემდა შეემცირებინა პოლარიზაცია და ეჩვენებინა სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი, რითაც ნაწილობრივ შესრულებულად ჩაითვლებოდა ევროკავშირის დამატებით ორი რეკომენდაცია, რომლებიც გულისხმობს პოლარიზაციის აღმოფხვრას პარტიათა თანამშრომლობით (პირველი რეკომენდაცია) და ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში (მეათე რეკომენდაცია).

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შეშფოთებას გამოვთქვამთ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნის გამო, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველჰყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად თორმეტივე პირობის დროული შესრულება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საფარი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • სამოქალაქო იდეა;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • დემოკრატიის ინდექსი საქართველო;
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • უფლებები საქართველო;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • თბილისი პრაიდი;
  • დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი;
  • ფონდი “აურეს”;
  • სოლიდარობის მუზეუმი;
  • სოლიდარობის თემი;
  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი;
  • მოძრაობა “სირცხვილია”;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი;
  • პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT).

13 დეკემბერს რეგიონალური კონფერენცია „გენდერული დეზინფორმაცია და ეთიკური მედია გაშუქება" გაიმართა

„ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა" და  „მედიის განვითარების ფონდის (MDF)" ორგანიზებით, პროექტის „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში" ფარგლებში, 13 დეკემბერს რეგიონალური კონფერენცია: გენდერული დეზინფორმაცია და ეთიკური მედია გაშუქება გაიმართა.

კონფერენცია WECF-ის საერთაშორისო ოფისის დირექტორის, საშა გაბიზონისა და მედიის განვითარების ფონდის (MDF), აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის მისასალმებელი გამოსვლებით გაიხსნა.

კონფერენცია სამი პანელისგან შედგებოდა, რომლებიც შეეხებოდა:

  1. ანტილიბერალურ დისკურსს და გენდერულ დეზინფორმაციას, როგორც შიდა პოლიტიკური კონფლიქტისა და რუსული/ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს;
  2. ქალი ჟურნალისტებისა და ქალი უფლებადამცველების შევიწროების შემთხვვებსა და გამოწვევებს ონლაინ/ოფლაინ სივრცეებში;
  3. გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებას – ეთიკისა და/ან განათლების პრობლემებს მედიაში.

კონფერენციას მოდერირება გაუწია მედია ექსპერტმა, ამალია ონგანჯანიანმა.

 

პროექტი „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში" ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა"  ფარგლებში.


12 დეკემბერს კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ევროკავშირისა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველომ" კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გამართა. ეს აქტივობა დღის წესრიგში აყენებს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობას ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.

წელს კონკურსს ორი პრიორიტეტული თემა ჰქონდა, ესენია:

  • ომი და მისი გენდერული ასპექტები;
  • ინკლუზიური საკითხების გაშუქება.

დაჯილდოების ცერემონია ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის კამპანიის დასასრულს გაიმართა და გაიხსნა ევროკავშირის დელეგაციისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებისა და WECF-ის საერთაშორისო ოფისის დირექტორის მისასალმებელი გამოსვლებით.

„გენდერული თანასწორობის მიღწევა მედიაში ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილია, როგორც ევროპაში, ისე - მის გარეთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქარველოში გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მედიას შეუძლია პოზიტიური და ტრანსფორმაციული როლის შესრულება. მთელი გულით ვულოცავ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულებს!“

- კატალინ ჰერმანი,

ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

 

 

 

„ქალების გაძლიერება ფუნდამენტურია ადამიანების განვითარებისთვის და ცენტრალური მნიშვნელობა აქვს გერმანია-საქართველოს თანამშრომლობაში. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტებს, რომლებიც პატივს სცემენ გენდერულად მგრძნობიარე და ეთიკური გაშუქების სტანდარტებს თავიანთი სამუშაოს შესრულებისას. ერთად ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის, თუ როგორ არიან ქალები წარმოჩენილნი და აღქმულნი ჩვენს საზოგადოებაში."

- სარა ზიელონკა,

ეკონომიკისა და პრესის დეპარტამენტის უფროსი გერმანიის საელჩოშ

 

 

„მინდა მთელი გულით მივულოცო წლევანდელ გამარჯვებულებს. WECF საქმიანობა სწორედ იმას ემსახურება, რომ წაახალისოს და მოუწოდოს ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებს, მედია პლატფორმებს, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებსა და მომავალ ჟურნალისტებს ეთიკური, ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ ეთიკური მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენდერული თანასწორობის იდეის გავრცელებაში, ფემინისტური დღის წესრიგის შექმნასა და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში."

- საშა გაბიზონ,

WECF-ის საერთაშორისო ოფისის დირექტორი

 

იდა ბახტურიძემ,

WECF საქართველოს თანადირექტორმა კი დაამატა, რომ:

„WECF საქართველო ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს ეთიკური გაშუქების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. ამ ჯილდოთი, ერთი მხრივ, გვსურს წავახალისოთ და დავაფასოთ მედიის იმ წარმომადგენლების შრომა, რომლებიც ეთიკური სტანდარტების დაცვით მუშაობენ, მეორე მხრივ, კი, გამარჯვებულინამუშევრებით, გვსურს ვაჩვენოთ, თუ როგორი უნდა იყოს ეთიკური მედია პროდუქტი."

 

ექვს სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულების დაჯილდოება ღონისძიების მთავარი ნაწილი იყო. პირველი ადგილზე გავიდნენ:

  • თორნიკე მანდარია კატეგორიაში „საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი"
  • ლელა დუმბაძე კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი"
  • ანიკი გელაშვილი კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი"
  • ქვიარი კატეგორიაში „საუკეთესო ციფრული პლატფორმა"
  • ნათია გულისაშვილი კატეგორიაში „საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში"
  • მარიამ კვარაცხელია კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური ნამუშევარი"

გამარჯვებულ ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.wecf.ge/winners-2022/

WECF-ისა და წლევანდელი ჟიურის საერთო გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზი გადაეცა ჟურნალისტ ეკა ქევანიშვილს ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

ღონისძიება ქართველი ქვიარ ფემინისტი არტისტის, რემეს კონცერტით დასრულდა, სადაც სხვა სიმღერებთან ერთად მან ქართული ფემინიზმის ჰიმნად მიჩნეული სიმღერაც „დაო, დითა ხარ ძლიერი" შეასრულა.

 

 

კონკურსიმედია თანასწორობისთვის 2022″ ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი  პროექტის – „ქალების ძალაეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობისპროგრამა) ფარგლებში.


WECF საქართველომ და რეგიონულმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს

2022 წლის 11 დეკემბერს „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” პარტნიორ ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებთანაც პროექტ „ქალების ძალა ინკლუზიისთვის” ფარგლებში ვთანამშრომლობთ.

პროექტი „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” 2020 წლიდან საქართველოს 4 რეგიონში – გურიაში, კახეთში, იმერეთსა და რაჭაში ხორციელდება და აღნიშნული შეხვედრა პროექტის მიმდინარეობის წლიურ შეფასებას ემსახურებოდა.

წლიური შეფასების პერსპექტივით განვიხილეთ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მათი ეფექტურობა საბოლოო მიზნებთან მიმართებით. ასევე, მოვისმინეთ პარტნიორების რეკომენდაციები და მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე.  გარდა ამისა, ვისაუბრეთ ქვეყანასა და რეგიონში არსებულ შიდა და გარე გამოწვევებზე, რომლებმაც პროექტის აქტივობებსა და გეგმებზე მოახდინეს გავლენა.

 

 

პროექტის ფარგლებში „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს: „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”, „რაჭის სათემო ორგანიზაცია”, „უხუცეს ქალთა საბჭო”, „ქალი და რეალობა” და „ქალთა ფონდი საქართველოში”.

 

პარტნიორთა შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.


WECF-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს პოდკასტების შექმნის ტრენინგი ჩაუტარდათ

2022 წლის 26-27 ნოემბერს „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველომ" პოდკასტების შექმნის ტრენინგი ჩაატარა WECF-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების 8 წარმომადგენლისთვის.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს პოდკასტის შექმნის ტექნიკა, ამბის თხრობის სწორი ფორმის შერჩევა, ხმებისა და მუსიკის მნიშვნელობა და მისი სწორად შერჩევის გზები.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები შექმნიან პოდკასტებს ისეთ მრავალფეროვან თემებზე, როგორიცაა:

ქალის სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
ქალთა შრომითი უფლებები, გენდერი და მიგრაცია;
გენდერი და კლიმატი;
ფემინიზმის ისტორია საქართველოში;
გენდერული საკითხების ეთიკური გაშუქების სტანდარტები;
შშმ ქალები და გენდერი;
პოლიტიკური ჩართულობა და ამომრჩეველ ქალთა საარჩევნო ძალა;
რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები და ფემინიზმი;
ომის გენდერული ასპექტები.

მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა მიეცემათ პროექტში მონაწილეობა მენტორის სტატუსით გააგრძელონ. შერჩეული მენტორები ჩაუტარებენ ტრენინგს 20 ახალგაზრდას კახეთისა და გურიის რეგიონებში (10 ახალგაზრდა თითოეულ რეგიონში), ასწავლიან მათ პოდკასტების შექმნის ტექნიკას და დაეხმარებიან საკუთარი პოდკასტების მომზადებაში.

პროექტის განმავლობაში შეიქმნება 27 პოდკასტი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის იქნება გამიზნული და გამოქვეყნდება შემდეგ პლატფორმებზე: Spotify, iTunes, YouTube და Soundcloud. ასევე, გაზიარდება ორგანიზაციის ვებგვერდის wecf.ge და სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით. პოდკასტები იქნება მოკლე და ადვილად მოსასმენი და შეეხება ისეთ თემებს, რომლებიც საინტერესო და რელევანტურია ახალგაზრდებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის. პოდკასტები შეიქმნება ქართულ ენაზე.

პროექტი ხორციელდება „ქალები საერთო მომვალისთვის (WECF)” საერთაშორისო ოფისის მხარდაჭერით.


ეთიკური მედია გაშუქების შესახებ ტრენინგების სერია დასრულდა

ეთიკური მედია გაშუქებისა და ციფრული უსაფრთხოების შესახებ ტრენინგების სერია, რომელიც 2022 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო, დასრულებულია. სერიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ.) 100-მდე სტუდენტს ტრენინგები ჩაუტარდათ ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • ფემიციდი და მისი ეთიკური გაშუქების სტანდარტი;
  • ლგბტქ თემის რეპრეზენტაცია მედიაში;
  • ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტი;
  • ძალადობის მსხვერპლთა რეპრეზენტაცია მედიაში და ამასთან დაკავშირებული გამოწვევები;
  • შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები და ამ თემების ეთიკური გაშუქების სტანდარტი.

აღნიშნულ საკითხებზე  სტუდენტებს ტრენერები და მედია ექსპერტები, გამოცემა „ქვიარის" მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე,და მედია ჰოლდინგ "კომერსანტის" დირექტორი, თეონა ცხომელიძე, ესაუბრნენ. ხოლო ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტრენინგი კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ნინო გამისონიამ ჩაატარა.

 

ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.

 

 

 


საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ეთიკურ მედია გაშუქებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში სხვადასხვა აკადემიური საფეხურის სტუდენტებისთვის „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველომ” ჩაატარა ტრენინგი გენდერული საკითხების ეთიკურ გაშუქებასთან დაკავშირებით.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

1. ფემიციდი და მისი ეთიკური გაშუქების სტანდარტი;
2. ლგბტქ თემის რეპრეზენტაცია მედიაში;
3. ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტი;
4. ძალადობის მსხვერპლთა რეპრეზენტაცია მედიაში და ამასთან დაკავშირებული გამოწვევები;
5. შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები და ამ თემების ეთიკური გაშუქების სტანდარტი.

აღნიშნულ საკითხებზე სტუდენტებს ტრენერი და მედია ექსპერტი თეონა ცხომელიძე ესაუბრა.

ამავე ტიპის ტრენინგი ჩაუტარდებათ „ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სტუდენტებს.

სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ონლაინ ტრენინგების ორდღიან სერიაში. დასწრების მსურველმა სტუდენტებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ მოცემულ ბმულზე

ტრენინგების სერიის განმავლობაში მომხსენებლები იქნებიან:

ხატია ღოღობერიძე – ტრენერი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, queer.ge-ს მთავარი რედაქტორი
თეონა ცხომელიძე – ტრენერი, მედია ექსპერტი
ნინო გამისონია – ტრენერი კიბერ უსაფრთხოების საკითხებში

ტრენინგები ტარდება ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.


გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს ეთიკურ მედია გაშუქებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2022 წლის 8 ნოემბერს გორში სხვადასხვა აკადემიური საფეხურის სტუდენტებისთვის „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველომ" ჩაატარა ტრენინგი გენდერული საკითხების ეთიკურ გაშუქებასთან დაკავშირებით. 

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ფემიციდი და მისი ეთიკური გაშუქების სტანდარტი;
  • ლგბტქ თემის რეპრეზენტაცია მედიაში;
  • ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტი;
  • ძალადობის მსხვერპლთა რეპრეზენტაცია მედიაში და ამასთან დაკავშირებული გამოწვევები;
  • შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები და ამ თემების ეთიკური გაშუქების სტანდარტი.

აღნიშნულ საკითხებზე  სტუდენტებს ტრენერი და მედია ექსპერტი თეონა ცხომელიძე ესაუბრა.

ამავე ტიპის ტრენინგი ჩაუტარდებათ „საქართველოს უნივერსიტეტის" და „ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტებს.

სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ონლაინ ტრენინგების ორდღიან სერიაში. დასწრების მსურველმა სტუდენტებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ  მოცემულ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=416271&fbclid=IwAR3KHtBLPux-5wvPN0IdzB1eNb31cjWmmfk1fNks5-xwiOXPTJqGU-ae9ok

ტრენინგების სერიის განმავლობაში მომხსენებლები იქნებიან:

  • ხატია ღოღობერიძე - ტრენერი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, queer.ge-ს მთავარი რედაქტორი
  • თეონა ცხომელიძე - ტრენერი, მედია ექსპერტი
  • ნინო გამისონია - ტრენერი კიბერ უსაფრთხოების საკითხებში

ტრენინგები ტარდება ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.