აირინ დანკელმანის დაჯილდოების ცერემონია: მიმოხილვა და ჯილდოს მფლობელები


აირინ დენკელმანის ჯილდოს გამარჯვებულები (ნადილა მარცხნივ, დანიელა მარჯვნივ) და მხარდამჭერი გუნდი | ფოტო: დიეგო ფერნანდო ლოზადა სალაზარი

2024 წლის 22 ოქტომბერს, ორგანიზაციის “ქალების საერთო მომავლისთვის” საერთაშორისო ოფისის ორგანიზებით, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის (CBD) მე-16 კონფერენციის (COP16) ფარგლებში კალიში, კოლუმბიაში, აირინ დენკელმანის სახელობის ახალგაზრდა ეკოფემინისტური პრიზის პირველი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჯილდოს ინიციატორები არიან “ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF), ქალებთა გარემოსა და განვითარების ორგანიზაცია (WEDO), ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ნიდერლანდების ეროვნული კომიტეტი (IUCN NL) და Both ENDS. ჯილდოს მიზანია აღნიშნოს, გააძლიეროს და წაახალისოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახალგაზრდა ეკოფემინისტი ლიდერების ძალისხმევა შექმნან გენდერულად უფრო სამართლიანი და მდგრადი გარემო.

ჯილდო შთაგონებული იყო გარდაცვლილი აირინ დენკელმანის ცხოვრებითა და მოღვაწეობით — ის იყო პიონერი, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა ქალების გადამწყვეტი წარმმართველი როლის გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებში. მისი საქმიანობის და შთამაგონებელი მემკვიდრეობის შესახებ და მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია ინგლისურ ენაზე.

აირინი ყოველთვის უსვამდა ხაზს, რომ ქალები არ არიან უსამართლობის პასიური მსხვერპლნი, არამედ ცვლილების აგენტები, რომლებიც ფლობენ უზარმაზარ ცოდნასა და გამოცდილებას. მიუხედავად იმისა, რომ ქალები გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებისგან სხვადასხვანაირად ზარალდებიან, ისინი განაგრძობენ ბრძოლას უკეთესი სამყაროსთვის ყველასთვის. 2024 წლის აირინ დენკელმანის ჯილდოს ლაურეატები (ნადილა, დანიელა და მარი ქრისტინა) ამ პასუხისმგებლობის ცოცხალი მაგალითები არიან. მათი ერთგულება თემის მიერ მართული ინიციატივებისა და სხვადასხვა სფეროებში ქალთა წარმომადგენლობისადმი, მოტივაციას გვაძლევს მხარი დავუჭიროთ, გავუზიაროთ წვდომა რესურსებზე და გავაძლიეროთ მათი საქმიანობა, ისევე როგორც სხვა მსგავსი საქმიანობები.

დაჯილდოების ცერემონიალი: მიმოხილვა

ცერემონია გაიმართა „მწვანე ზონაში,“ რომელიც კოლუმბიის COP-ის მიერ მოხსენიებულია, როგორც „ხალხის COP.“ აუდიტორია სავსე იყო კალის ადგილობრივი ახალგაზრდებით და არა მხოლოდ გაეროს ოფიციალური აკრედიტაციის მქონე მონაწილეებით, რაც საშუალებას გვაძლევდა გაგვეზიარებინა გზავნილი უფრო ფართო აუდიტორიისთვის, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.

თითოეულმა ლაურეატმა მიიღო 5000 ევროს ოდენობის ფულადი ჯილდო, რითაც ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს მათ მნიშვნელოვან საქმიანობას, ასევე დაეხმარნენ მათი, როგორც გარემოსა და სოციალური სამართლიანობის დაცვის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების, ხილვადობის ზრდას. ცერემონიის დროს ლაურეატებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ. ნადილა და დანიელა ცერემონიას და ჯილდოს გადაცემას პირადად ესწრებოდნენ, ხოლო მარი ქრისტინამ ჯილდო ვირტუალურად მიიღო და წინასწარ მომზადებული მადლობის ვიდეოთი გამოეხმაურა. ამავე სტატიაში იხილეთ ინფორმაცია ლაურეატების შესახებ.

ცერემონიის მიმდინარეობისას, მარია-ნოელ ვაეზამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ამერიკისა და კარიბის რეგიონის დირექტორმა, ხაზი გაუსვა იმ ძალადობას, რომელსაც გარემოსდამცველები, განსაკუთრებით კი  ქალები, აწყდებიან. მან აღნიშნა, რომ COP16-ის მთავარი თემა იყო „მშვიდობა ბუნებასთან“, და შეგვახსენა, რომ ეს მშვიდობა უნდა მოიცავდეს ბრძოლის წინა ფრონტზე მყოფი გარემოსდამცველების ფიზიკურ უსაფრთხოებასაც — განსაკუთრებით კი მკვიდრი თემების, რომლებიც თავიანთ მიწას და მასზე არსებულ ბუნებრივ ეკოსისტემებს იცავენ. ამ საკითხზე ისაუბრა დანიელამაც, რომელმაც პატივი მიაგო თავისი თემის წევრებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში საკუთარი მიწის დაცვას ემსხვერპლნენ.


ნადილა (ლაურეატი) იღებს აირინ დენკელმანის ჯილდოს მარია-ნოელ ვაეზასგან (გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი) | ფოტო: დიეგო ფერნანდო ლოზადა სალაზარი

დასკვნითი სიტყვის დროს, მვანაჰამისი სინგანომ (მიში), WEDO-ს პოლიტიკის დირექტორმა, შეგვახსენა, რომ „როდესაც გლობალური ბიომრავალფეროვნების სამოქმედო ჩარჩოს წარმატებულ განხორციელებაზე ვმსჯელობთ, ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმებში (NBSAP) აუცილებლად უნდა იქნეს აღიარებული ადგილობრივად მართული და გენდერულად სამართლიანი ძალისხმევების წვლილი, რასაც ლაურეატების მოღვაწეობა ადასტურებს”. მან ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის — განსაკუთრებით მონაწილე მხარეებისთვის — ავიღოთ ვალდებულება გენდერული სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და CBD პროცესის მიზნების, 22 და 23 პუნქტების, განვითარებაზე.

აირინ დენკელმანის პრიზის დაჯილოების ცერემონიაზე დელეგაციის სხვა წევრებს შორის იყვნენ ჩვენი ორგანიზაციის, WECF-ის აღმასრულებელი დირექტორი, საშა გაბიზონი, რომელმაც ისაუბრა აირინ დენკელმანის მემკვიდრეობაზე, და ნიდერლანდების ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ეროვნული კომიტეტის (IUCN NL) დირექტორი, კოენრად კრაიგერი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა აირინ დენკელმანის ახალგაზრდა ეკოფემინისტების ჯილდოს მნიშვნელობა, როგორც შესაძლებლობა აღვნიშნოთ და დავაფასოთ იმ ახალგაზრდა ეკოფემინისტების შთამაგონებელი საქმე, რომლებიც გარემოს დაცვისა და გენდერული სამართლიანობის ფრონტზე დგანან.

 

2024 წლის აირინ დეკელმანის ჯილდოს მფლობელები


აპრიანტი ნადილა სელვანუსი

აპრიანტი ნადილა სელვანუსი (ნადილა), ცხოვრობს და მუშაობს ინდონეზიაში, ეკოფემინისტური ძალისხმევის საშუალებით, წლებია იბრძვის ადგილობრივი/რეგიონალური პოლიტიკის განვითარებისთვის, 500 სოფლის მოსახლეობის საარსებო გარემოს გასაუმჯობესებლად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული საფრთხეებით დაზარალებულ ქალთა ხმის გაჟღერებაში თავის სოფლის საბჭოში. ნადილას მუშაობამ ხელი შეუწყო ადგილობრივი წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, თევზის სახეობათა კონსერვაციის მცდელობებს და ქალებისა და გოგონების საზოგადოების აქტივიზმში მონაწილეობას. ნადილაზე მეტის წაკითხვა ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ აქ. ნადილა საკუთარ თავს მოიხსენეიბს აქტივისტ დიასახლისად და არის ბადან პერვაკილან დესას (BPD) სოფლის საბჭოს მთავარი წევრი დასავლეთ კალიმანტანში.



 

მარი ქრისტინა კოლო

მარი ქრისტინა კოლო ცხოვრობს მადაგასკარში, დააარსა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკოფემინისტური ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს ქალებს და ახალგაზრდებს. ამ ინიციატივებში შედის Ecofeminism Madagascar — ონლაინ პლატფორმა, რომელიც ეხება გენდერული ძალადობისა და კლიმატის ცვლილების კავშირს, Green n Kool — ეკოლოგიურად სუფთა სოციალური საწარმო, რომელიც ახალგაზრდა ადამიანების გააქტიურებას და კლიმატური და გენდერული პრობლემების გადაჭრას უწყობს ხელს, და Women Break the Silence — ინიციატივა, რომელიც მიმართულია გაუპატიურების კულტურის წინააღმდეგ ბრძოლის და survivorship-ის მხარდაჭერისკენ. მარი ქრისტინამ ასევე შექმნა ეკოფემინისტური ჰაბი, საზოგადოებრივი სივრცე აქტივისტებისთვის, მკვლევარებისთვისა და თემის წევრებისთვის მადაგასკარში.

 

 დანიელა სოტო პიტო

დანიელა სოტო პიტო არის კოლუმბიაში მცხოვრები, ნასას თემის წარმომადგენელი ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის აქტივისტი. დანიელა ჩართულია მი სანგრე ფონდის (Mi Sangre Foundation) ახალგაზრდა სამშვიდობო დამცველების ქსელში და მოაწყვილებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალგაზრდული პროექტს. ის ასევე არის კაუკას რეგიონალური მკვიდრი საბჭო (CRIC) ქალთა პროგრამის წევრი, სადაც ახალგაზრდულ პროგრამას ხელმძღვანელობს. ამჟამად ის მხარს უჭერს CRIC-ის პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც მიზნად ისახავს სიცოცხლისა და მიწის დაცვას, და მისი საზოგადოების ტრადიციული მმართველია (ნე’ჯვესქი).

ჟიური

აირინ დენკელმანის ჯილდოსთვის სამ ლაურეატის შერჩევის პასუხისმგებლობა შეიძლება დაკისრებოდათ იმ გლობალურ ეკოფემინისტ ლიდერებს, რომლებმაც ნამდვილად იციან, თუ რა არის საჭირო და რა უზარმაზარი ძალისხმევა უნდა იქნეს გაწეული გენდერული თანასწორობისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობის ბრძოლის წინა ხაზზე. პრემიის სამი ლაურეატი გამოვლინდა ჟიურის მიერ, რომელიც შედგებოდა ექვს წევრისგან:

  • ანნა პლოტნიკოვა
  • ფატუმატა კინე ნიანგ მბოჯი
  • მარიელ მეტცგერი
  • მარტა ესბერი
  • ნადა ელბოჰი
  • ვალენტინა ფიგერა მარტინესი