გენდერული დეზინფორმაცია – ბრძოლა ქალების წინააღმდეგ

 „შავი ჯავშნით გარშემორტყმული ვიდექით სხვა ქალების გარემოცვაში, 

                                  როგორც ერთი გაბრაზებული ორგანიზმი, რომელიც ამბობდა: ჩვენ

                              უბრძოლველად არ დავნებდებით”

 

გენდერული დეზინფორმაცია თანამედროვე ეპოქის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მისი სამიზნე კი ქალთა აქტივიზმია, რომელიც არაერთხელ გამხდარა პროგრესის, ცვლილებებისა და უდიდესი გარდაქმნების საფუძველი. აღნიშნული სტატის მთავარ   შთაგონებას კი  წარმოადგენს ე.წ. „შავი პროტესტი“, რომელიც 2016 წლის 3 ოქტომბერს პოლონეთში დაიწყო და ქალთა უპრეცენდენტო მასშტაბის მობილიზაციის მაგალითი შექმნა. მიტინგები, საჯარო გამოსვლები და პიკეტირებები  ეხმაურებოდა, პოლონეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში ანტიგენდერული კამპანიის მნიშვნელოვანი აქტორის, ორდო იურისის ინსტიტუტის მიერ აბორტის უფლების სრული აკრძალვის ინიციატივას. საქართველოში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოპულიზმის მატებამ და გენდერული იდენტობის საკითხებით საზოგადოებაზე მანიპულირების მცდელობებმა  ხელმეორედ განმიახლა 2016 წლის ოქტომბრის, წვიმიანი ვარშავის მოგონებები ე.წ. „შავი პროტესტის” გარშემო, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც თავად გახლდით. აღნიშნული პროტესტის მუხტი კარგად იგრძნობა ერთ-ერთი დემონსტრანტის სიტყვებში: „შავი ჯავშნით გარშემორტყმული ვიდექით სხვა ქალების გარემოცვაში, როგორც ერთი გაბრაზებული ორგანიზმი, რომელიც ამბობდა: ჩვენ უბრძოლველად არ დავნებდებით”. წარუშლელ შთაბეჭდილებად შემორჩა 2016 წლის 3 ოქტომბერი, პოლონელ ქალთა გაფიცვა სახელწოდებით “შავი ორშაბათი”, რომელიც აღსავსე იყო შავებში ჩაცმული ათასობით გაბრაზებული დემონსტრანტით, ქოლგებითა და ბანერებით.  პოლიტიკური დივიდენდების გარდა, ქალთა მოძრაობამ პოლონეთში „შავი ორშაბათის“ კვლადაკვალ მოიპოვა დიდი სახალხო მხარდაჭერაც. პროტესტმა გამოიწვია შთამბეჭდავი რეზონანსი და ქალებს დაუბრუნა რწმენა იმისა, რომ მობილიზაციას და ბრძოლას შეუძლია სასიკეთო საზოგადოებრივი ცვლილებების გამოწვევა.

ფოტო: ZUMA Press, Inc. / Verso Books

პოლონეთის მსგავსად საქართველოშიც, ანტიგენდერული რიტორიკის ძირითადი გამტარები ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფები არიან. საქართველოში ბოლო წლებში ქალები ხშირად ხდებიან ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ინტერსექციურობის ფონზე, ანტიგენდერულ დისკურსში შემოვიდა ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა – გენდერი, ეთნიკური წარმომავლობა, სტატუსი და საქმიანობა. გენდერული დეზინფორმაციის შემცველ კამპანიებში კი,   სექსისტური სიძულვილის ენა განსაკუთრებით თვალშისაცემი მაშინ ხდება, როდესაც ქალები სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურები და ხილვადები არიან. ამიტომ ანტიგენდერული, დეზინფორმაციული,  მადისკრედიტირებელი კამპანიები ძირითადად მიმართულია ქალი სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალიტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რასაც საფუძვლად გენდერული იდენტობა უდევს.

ანტიგენდერული დისკურსი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი  ნაწილი გახდა. მემარჯვენე პოპულიზმის წიაღში აღმოცენებული ეს ძალადობრივი, დეზინფორმაციული რიტორიკა კი ბოლო წლებში მძლავრ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა  და, შესაბამისად, ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ უმთავრეს შესაძლებლობას წარმოადგენს. მასშტაბურია გენდერული დეზინფორმაციის გავრცელების საინფორმაციო ველიც. სექსისტური სიძულვილის ენის მაგალითებს სხვადასხვა ფორმით ვხდებით როგორც სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიაში, ასევე, ტრადიციულ სატელევიზიო არხებსა და ბეჭდურ მედიაში. 

ქალთა დისკრედიტაციის მიზნით, გენდერული დეზინფორმაციის  გამავრცელებელი აქტორები, მათ ტრადიციულ გენდერულ როლთან შეუსაბამო ობიექტებად წარმოჩენას ცდილობენ: აქილიკებენ მათ ჩაცმულობას, პირად ცხოვრებას, გარეგნულ მახასიათებლებს. დისკრედიტაციის აღნიშნული მეთოდები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ველზე აქტიური ქალების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და საქმიანობისთვის ღირებულებებისა და მნიშვნელობის შემცირების მცდელობას  წარმოადგენს. გენდერული  ნიშნით დეზინფორმაციული კამპანიები მიზნად ისახავს აქტიური ქალების გარიყვას სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებიდან და შესაბამისად, ცდილობს ხელი შეუშალოს მათ კარიერულ დაწინაურებასა თუ სოციალურ მობილობას. 

საქართველოში ბოლო წლებში გახშირებული ქალთა მადისკრედიტირებელი კამპანიების ფონზე, რომელიც განსაკუთრებით აგრესიულ ფორმებს იღებს ქალი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, მიზანშეწონილად მივიჩნიე სიღრმისეული ინტერვიუების გზით მეკვლია სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნე პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ქალების გამოცდილებები. შესაბამისად,  მიმდინარე სტატიაში, გაგიზიარებთ იმ თეორიულ თუ ემპირიულ დაკვირვებებს, რაც გამოიკვეთა რესპონდენტების პირადი გამოცდილებებიდან. აღსანიშნავია, რომ  რესპონდენტთა უმრავლესობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, პანკისის ხეობიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.  სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები ხშირად ხდებიან ორმაგი დისკრიმინაციის სამიზნე და მათ უწევთ გაუმკლავდნენ როგორც გენდერულ სტერეოტიპებს, ასევე ეთნიკურ ნიადაგზე არსებულ ქსენოფობიურ განწყობებს, რაც ერთიორად ართულებს მათ ბრძოლასა თუ აქტივიზმს.

ინტერვიუების პროცესში გამოიკვეთა, რომ ქალებისთვის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება წინააღმდეგობებით სავსე პროცესია. ქალ პოლიტიკოსებს არა მხოლოდ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტიგმებისა და სტერეოტიპების, არამედ იმ მადისკრედიტირებელი კამპანიების წინააღმდეგაც უწევთ ბრძოლა, რომლებიც უშუალოდ მათ წინააღმდეგ არის მიმართული. ხუთივე ქალმა პოლიტიკოსმა, რომელთანაც ჩაიწერა ინტერვიუები აღნიშნა, რომ თავისი პოლიტიკური საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე გამხდარა მსგავსი კამპანიის მსხვერპლი. „არაერთხელ გავმხდარვარ გენდერული ნიშნით მადისკრედიტირებელი  კამპანიების სამიზნე, ამ თორმეტი წლის განმავლობაში. ეს თანმხლები პროცესია ჩემი საქმიანობის. ბევრჯერ უთქვამთ, ქალი ხარ და ბევრი არ უნდა ილაპარაკო, ქალი ხარ და როგორ იქცევი, რას გავხარ.“

ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, კი ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მთავარ იარაღად მათ პირად და სექსუალურ ცხოვრებას იყენებენ: „ქალის სექსუალობა არის მის წინააღმდეგ გამოსაყენებელი იარაღი. რაც არ ხდება კაცების წინააღმდეგ პოლიტიკაში. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ქალის პირადი ცხოვრება არის ყველას განხილვის თემა. ქალი კარგად თუ გამოიყურება, ესეც განხილვის თემაა. რა თქმა უნდა, მსგავსი პრობლემები არ აქვთ კაც პოლიტიკოსებს“.

ქალთა გარიყვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან გენდერული დეზინფორმაციის მთავარ მოტივად დაასახელეს იმ აქტივისტებმაც, რომლებიც წლებია საკუთარი საქმიანობით ცვლიან ქალთა ყოველდღიურობას საკუთარ თემში. მათ გენდერული დეზინფორმაციის კვალდაკვალ, მნიშვნელოვან დამაზიანებელ ფაქტორად დაასახელეს გენდერული კვოტირების გაუქმებაც,  რომელიც მათივე შეფასებით, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში: „საზოგადოებრივი სტერეოტიპების გამო, რომელიც ჩვენს თემში კიდევ უფრო მეტად თვალსაჩიონოა, ქალები ისედაც ხშირად იკავებენ თავს პოლიტიკაში ჩართვისგან, არსებულ სიტუაციას კი კიდევ უფრო მეტად ართულებს ის ფაქტი,რომ გენდერული კვოტირება გაუქმებულია, ეს კი მძიმედ აისახება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე“.  ერთ-ერთმა რესპონდენტმა კი, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადეგენლი ჟურნალისტია, განაცხადა რომ თავადაც არაერთხელ გამხადარა გენდერული დეზინფორმაციის სამიზნე: „ასეთი ლამაზი გოგო და ჟურნალისტი? რა ქალის საქმეა ეს“-ასე, შემაფასა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ჩემი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას“. მეორე რესპონდეტმა, კი, რომელიც ასევე ჟურნალისტია განაცხადა, რომ  ხშირად გამხდარა არმენოფობიური განცხადებების მსხვერპლი: „ეს სომეხი ქალები, წადით ერევანში და იქ გააშუქეთ თქვენი პრობლემები, ან რა ქალების საქმეა ჟურნალისტობა“.

საქართველოში შემაშფოთებელ ტენდენციად იქცა, რელიგიურ და ეროვნულ მოტივებზე დამყარებული ანტიგენდერული რიტორიკა, რომელიც სულ უფრო და უფრო საზიანო და სახიფათოა ქალებისთვის. მასშტაბური ანტიგენდერული კამპანია კი ამყარებს საზოგადოებაში ცრუ წარმოდგენებს, რომლის თანახმადაც, გენდერული თანასწორობა წარმოჩენილია ეროვნულ ღირებულებებთან შეუთავსებელ ცნებად. მსგავსი დისკუსია კი, რომელსაც საფუძვლად უდევს გენდერის მნიშვნელობის, არსისა და ცნების ბუნდოვანება, მოითხოვს აქტიურ საინფორმაციო კამპანიებს საზოგადოების ფართო წრეებისთვის, რათა მეტად ხილული გახდეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა საზოგადოების ფართო წრეებისთვის. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია, მოხდეს ქალთა მოძრაობის მობილიზება, რათა პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურად დადგეს გენდერული და სოციალური ინკლუზიის საკითხები.  პოლონეთის ამოცდილებაზე დაყრდნობით კი, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების ბრძოლას და ძალთა მობილიზაციას  ნამდვილად შეუძლია გარდამტეხი ცვლილებების მოტანა. 

ავტორი: ქეთი მურღულია

პუბლიკაცია მომზადდა ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოსა“ და ავტორის მიერ, პროექტის „ინკლუზიური მომავალი: ქალების, ახალგაზრდების და უმცირესობების გაძლიერება ცვლილებისთვის“ ფარგლებში, USAID- ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. 

სტატიაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოს” და სტატიის ავტორს და არ უნდა აღიქმებოდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.