ქალ ამომრჩეველთა მანიფესტი
ჩვენ, ქალები საქართველოს მოსახლეობის და შესაბამისად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს წარმოვადგენთ. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენი ხმა არ ისმის საკმარისად ხმამაღლა. ჩვენი პრობლემები და გამოწვევები კი, ხშირ შემთხვევაში შეუსწავლელი და უგულებელყოფილია სახელმწიფოს, ოპოზიციური პარტიებისა თუ საზოგადოების მხრიდან.
ჩვენ, ქალები, საუკუნეების განმავლობაში ვიბრძვით არჩევნებში მონაწილეობის, განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების თუ სხვა ფუნდამენტური უფლებებისთვის და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, რადგან მათი შენარჩუნების გარანტიები არაა მყარი.
დღეს, ჩვენ, ქალები, ვიბრძვით:
- ეთნიკური/რელიგიური და სხვა უმცირესობის წარმომადგენელი ქალების თანაბარი მონაწილეობისთვის და იმ ბარიერების დასაძლევად, რომლებიც აფერხებენ ჩვენს სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში;
- ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობისთვის, აუნაზღაურებელი შრომის აღიარებისა და განაწილებისთვის, ჯანსაღი გარემოსა და ღირსეული სოციალური დაცვის სისტემის შესაქმნელად;
- “რუსული კანონის”, გენდერული კვოტის გაუქმების, “ლგბტ პროპაგანდის” და ყველა იმ ღირსების შემლახავი ცვლილების წინააღმდეგ, რომელიც სისტემურ ჩაგვრას, უთანასწორობასა და სხვადასხვა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციას ახალისებს;
- არადემოკრატიული მმართველობის ფორმების წინააღმდეგ.
ამ მანიფესტით, ჩვენ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ქალებს, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე 10 დღით ადრე გვსურს მოვითხოვოთ უსაფრთხოების, კეთილდღეობის, პოლიტიკური მონაწილეობის და ეკონომიკური სტაბილურობის ის გარანტიები, რომლებიც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული.
დღეს, ჩვენზე, ქალებზე, ყველა სივრცესა და მოცემულობაში ძალადობენ და ჩვენი ყოველდღიურობა არ არის უსაფრთხო, ამიტომ:
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქალებისა და გოგონების დაცვა ძალადობისგან, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია, მათზე დროული რეაგირება, დამნაშავეთა დასჯა და მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და მხარდაჭერა.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, და ჩვენს დასაცავად არსებობს პოლიცია, სასამართლო და სხვა სტრუქტურები და ყველა მოძალადე კანონის წინაშე პასუხს აგებს. გენდერული ნიშნით ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართული იყოს მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის ცვლილებისკენ და მსხვერპლის საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამების შეთავაზებებისკენ.
ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ დახმარებაზე.
ჩვენ, ქალები, ხშირად ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენს სხეულთან დაკავშირებით ან ხშირად, არც კი გვაქვს ინფორმაცია ჩვენს სხეულსა და უფლებებზე, ამიტომ:
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ სტრატეგიებსა და პროგრამებში, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებით.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ქალისთვის, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები, დაბალი შემოსავლის მქონე, შშმ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის.
უზრუნველყოფილ უნდა იქნას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, მათ შორის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოხდეს დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის დანერგვა. ეს პროგრამა უნდა მოიცავდეს: უფასო კონსულტაციებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, უფასო კონტრაცეფციის საშუალებებზე ხელმისაწვდომობას, ორსულობის პერიოდში უფასო სამედიცინო მეთვალყურეობას, უფასო მშობიარობას, პოსტნატალურ მოვლას, და სხვა.
უზრუნველყოფილ უნდა იქნას ქალთა უფლება, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სექსუალობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იძულების, დისკრიმინაციისა და ძალადობის გარეშე.
დაინერგოს ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება ადრეული და ზოგადი განათლების სისტემის სასწავლო პროგრამებში, რათა ბავშვებმა მიიღონ სათანადო ცოდნა საკუთარი უფლებებისა და ჯანმრთელობის შესახებ, მათი ასაკისთვის შესაფერისი ცოდნის მიწოდებით.
ჩვენი, ქალების, მხრებზე გადაიარა ამ ქვეყანაში არაერთმა ომმა, არეულობამ და სიდუხჭირემ. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენი ინტერესების გათვალისწინება მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში, მხოლოდ სიმბოლურად თუ ხდება, ამიტომ:
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, უნდა მოიცავდეს, ქალების, როგორც მშვიდობის და უსაფრთხოების სფეროში ძირითადი აქტორების ხმას;
უნდა გაიზარდოს ქალთა არაფორმალური ინიციატივებისა და სახალხო დიპლომატიის პროექტების აქტიური მხარდაჭერა;
გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა კონფლიქტების გადაჭრის საკითხებსა და სამშვიდობო მისიებში/მოლაპარაკებებში;
სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს 2020 წლის საარჩევნო რეფორმით დაწყებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის ზრდას, მათ შორის, კანონმდებლობაში უნდა დაბრუნდეს გენდერული კვოტირების მექანიზმი;
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ არსებითი თანასწორობის მიღწევის პროცესს, არამედ, ეთნიკური უმცირესობების და ქალთა საჭიროებების გათვალისწინებას, მათ შორის ქალთა წარმომადგენლობის ზრდას;
ჩვენ, ქალები, ხშირად განვიცდით შრომით, კულტურულ-სოციალურ თუ სხვა სახის უთანასწორობას, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარების შესაძლებლობებზე აისახება, ამიტომ:
მნიშვნელოვანია შრომითი ურთიერთობის ყველა ეტაპზე დისკრიმინაციის აღმოფხვრა, მათ შორის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტური მექანიზმების შეთავაზება, როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო უწყებებში დასაქმებული პირებისთვის;
უზრუნველყოფილი იყოს ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე, მათ შორის სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე, ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ყურადღება უნდა დაეთმოს ეთნიკური უმცირესობების სპეციფიკურ საჭიროებებს;
უნდა გაუმჯობესდეს ჯანდაცვის სერვისებზე ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა ყველა ქალისთვის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორც ქალაქში, ისე – სოფლად.
ამ ყველაფრის მისაღწევად კი, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ქალი მონაწილეობდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა:
შეიმუშაონ, განავითარონ და დანერგონ შიდაპარტიული გენდერული პოლიტიკა;
შექმნან მკაფიო პოლიტიკა სექსუალურ შევიწროებასთან მიმართებით;
გაწერონ ქალ კანდიდატთა მოზიდვისა და დაწინაურების მკაფიო წესები;
შეიმუშაონ და დანერგონ პარტიის წევრთა პროფესიული განვითარების სისტემა;
გაწერონ მკაფიო და ნათელი წესები რესურსების გადანაწილებისათვის, როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში;
უზრუნველყონ ქალ წევრთა თანაბარი ხელმისაწვდომობა პარტიულ რესურსებზე.
უნდა გვახსოვდეს, რომ საერთო გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ, ქალები წარმოვადგენთ განსხვავებული გამოცდილებებისა და საჭიროებების მქონე ჯგუფების ერთობლიობას. ამიტომაც, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს არა ერთი და ზოგადი მიდგომა, არამედ გენდერულად ტრანსფორმაციული, ინკლუზიური და ინტერსექციური პოლიტიკის წარმოების პასუხისმგებლობა.
ჩვენი, ქალების საჭიროებები განსხვავებულია, რადგან ჩვენ ვართ: ქალაქსა და სოფლად მცხოვრები ქალები, შშმ ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, ქვიარ ქალები, ემიგრანტი ქალები, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქალები, რომლებიც ერთი საერთო მიზნისთვის ვიბრძვით – თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად. ქალების შეუწყვეტელი ბრძოლა ფუნდამენტური უფლებების მოსაპოვებლად და მათ შესანარჩუნებლად გამყარებულია ფემინიზმის მონაპოვარით, რაც ნიშანი უნდა იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით, ძალაუფლებითა და პრივილეგიებით მოსარგებლე ჯფუგებისთვის, რომ ქალები სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ბრძოლას არ შევწყვეტთ, რადგნ ჩვენი ბრძოლა გარდამტეხ ცვლილებებს უკავშირდება.
და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, ჩვენი ხმა – ჩვენი ძალაა. ჩვენი ხმა კი, აუცილებლად გაისმება ყველგან, ქალაქისა თუ სოფლების მოედნებზე, ბაზრებში, ქუჩებში, სამუშაო ადგილებზე, საარჩევნო უბნებსა თუ საქართველოს პარლამენტში.
მასალა მომზადდა ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოსა“ მიერ, პროექტის „ინკლუზიური მომავალი: ქალების, ახალგაზრდების და უმცირესობების გაძლიერება ცვლილებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
მასალაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოს” და არ უნდა აღიქმებოდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.