უმცირესობები წინასაარჩევნო კამპანიებში

წინამდებარე სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე რეიტინგული პარტიებისა და ფრაქციების კამპანიებში სხვადასხვა ნიშნით ჩაგრული ჯგუფების მიმართ (არ)არსებულ პოლიტიკას. დასაწყისისთვის, მოკლედ აღვწერ წინასაარჩევნო კონტექსტს და შემდეგ განვიხილავ როგორ არიან ან არ არიან წარმოდგენილი უმცირესობები ოთხი  საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო პროგრამებსა და კამპანიებში. ესენია: 1. ქართული ოცნება + ქართული ძალა; 2. გახარია საქართველოსთვის, 3. ერთიანობა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი),  4. ძლიერი საქართველო (ლელო, მოქალაქეები, ხალხისთვის); 

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ზემოხსენებულ  სიაში ასევე უნდა ყოფილიყო  „კოალიცია ცვლილებებისთვის”   (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), თუმცა  კოალიციას არ გააჩნია  რაიმე პროგრამა ან საჯარო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მათი პოლიტიკის შეფასებას შევძლებდით. 

უმცირესობებისა და ჩაგრული ჯგუფების მდგომარეობა ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოს ზოგადი პოლიტიკის გასაგებად და აღსაწერად. როგორც ევროინტეგრაციის საგარეო მიზნები, ისე ქვეყნის შიდა პოლიტიკა მოქალაქეებს იმთავითვე მძიმე სოციო-ეკონომიკურ სიტუაციაში აყენებს, სხვადასხვა ჯგუფების შემთხვევაში, ამას ემატება რასიზმი, ჰომოფობია, ტრანსფობია, ეიბლიზმი, სექსიზმი და სხვადასხვა სახის სტიგმა და ძალადობა. ამიტომ მათ მიმართ სპეციფიკური პოლიტიკის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ ნიშნით ჩაგრულად გვევლინება.

 


ფოტო: გურამ მურადოვი/civil.ge

 

კონტექსტი

არჩევნებს მძიმე და დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია უძღვის წინ. ამა წლის მარტის თვიდან ქართულმა ოცნებამ რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა, მათ შორის ე.წ. “გამჭვირვალობის კანონი” და კანონი ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის” შესახებ, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონების მსგავსია და პარტიის პრო-რუსული და ანტიევროპული მიმართულების სიმბოლოდ იქცა. ოპოზიციური პარტიების და საზოგადოების მხრიდან პროტესტი მასიურ და ინდივიდუალურ ფიზიკურ თავდასხმებში ითარგმნა პრო-სახელისუფლებო ჯგუფების და პოლიციის მხრიდან. 

მიუხედავად იმისა,  რომ ამ კონტექსტში კიდევ უფრო გამოჩნდა ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკის საფრთხეები, წინასაარჩევნო კამპანიები მაინც ქაოსური და ფრაგმენტული დარჩა. რთულია ვისაუბროთ გეგმებზე, კონკრეტულ დაპირებებსა და თანმიმდევრულ გზავნილებზე. პარტიების უმრავლესობას არც საარჩევნო პროგრამა აქვს და არც კონკრეტული გეგმა, რომელიც მათ პოლიტიკას გააცნობდა ამომრჩევლებს. ერთადერთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც პოლიტიკის დოკუმენტები გააჩნიათ, ძლიერი საქართველო, გახარია საქართველოსთვის და “სტრატეგია აღმაშენებელი” წარმოადგენენ, დანარჩენ პარტიების პოლიტიკაზე მხოლოდ სოციალურ მედიაში გავრცელებულ “ქარდებსა” და ვიდეო მასალაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ახალი პრობლემა არაა, საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნების მაგალითებს არც წინა არჩევნებზე ვხვდებით, საარჩევნო კამპანიების დროს ასევე იშვიათად გვხვდებოდა უმცირესობების საკითხები. 

2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კი, პოლიტიკური კამპანიები მთლიანად გადაეწყო  ქვეყნის საგარეო კურსის და ავტორიტარიზმთან ბრძოლის ირგვლივ. სწორედ ამ იდეების გარშემო რამდენიმე ოპოზიციური პარტია ფრაქციებად და კოალიციებად გაერთიანდა. თუმცა “ქართული ოცნების” ანტიგენდერული და პრორუსული ინიციატივების ფონზე დემოკრატიის სოციალურ და კულტურულ ასპექტებზე, უმცირესობების მიმართ პოლიტიკებზე საუბარი არათუ დაიწყო, უფრო მეტად შემცირდა. ასევე, უმცირესობის ცნებას ნაკლებად იყენებენ კამპანიებში, მას მხოლოდ ვაშაძის და გახარიას პროგრამებში ვხვდებით, თუმცა სხვადასხვა ნიშნით ჩაგრული  ჯგუფები (მაგალითად, ქალები) და უმცირესობები (ეთნიკური, რელიგიური, შშმ ადამიანები და ა.შ.) ცალკე სახელობითად არიან მოხსენიებული ძლიერი საქართველოს პროგრამაში. თითოეული პოლიტიკური სუბიექტის მიხედვით უმცირესობების მიმართ პოლიტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

ქართულ ოცნებას არ გააჩნია რაიმე ფორმის მანიფესტი ან პროგრამა რომელიც შეფასების საშუალებას მოგვცემდა. პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ მოიცავს დაპირებებს ან უმცირესობათა რაიმე სახით მხარდაჭერას. პირიქით, მათი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად არის აგებული ლგბტ თემის დისკრიმინაციასა და ჩაგვრაზე. სულ ახლახან საქართველოს პარლამენტში მიღებული კანონი ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ” პირდაპირ კრძალავს გენდერულ ტრანზიციას, უკრძალავს თვით-გამოხატვას ტრანსგენდერ ადამიანებს, აჩენს დისკრიმინაციის საფრთხეს სამუშაო ადგილებზე და აწესებს ცენზურას კულტურის ნაწარმოებებზე. 

ქალებთან მიმართებაში, პარტიამ გააუქმა კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გენდერული კვოტები პარლამენტში და ანტი-ლგბტ კანონის განხილვისას, დააანონსა აბორტის და მარტოხელა დედების უფლებების შეზღუდვა.

“გახარია საქართველოსთვის” 

პარტიის გაზეთის სახით გავრცელებულ პროგრამაში მოხსენიებული არიან: ბავშვები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, ემიგრანტები, ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქალები, მაღალმთიან რეგიონებში და სოფლად მცხოვრები ადამიანები, უმუშევრები ნარკო- და თამაშდამოკიდებულები, დევნილები. 

ძირითადი აქცენტები დასმულია ამ ჯგუფების სოციო-ეკონომიკურ გაძლიერებაზე, ფემიციდთან ბრძოლაზე, სოციალური სერვისების გაუმჯობესება-გაფართოებაზე, დასაქმებაზე, სოციალური დახმარების და პენსიის გაზრდაზე. აღსანიშნავია, რომ გახარია საქართველოსთვის ყველაზე უფრო სოციალურად მგრძნობიარე პროგრამას სთავაზობს ამომრჩეველს, თუმცა ჩაგვრის კულტურულ ასპექტებზე დუმს, ან უარესი, მხარს უჭერს კიდეც. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიამ სურვილი გამოთქვა მხარი დაეჭირა ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონის იმ ნაწილისთვის, რომელიც ბაღებსა და სკოლებში პროპაგანდის აკრძალვას მოიცავს, თუმცა მთლიან პაკეტს პარტიამ მხარი არ დაუჭირა.

“ერთიანობა” – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი

კოალიციას არ აქვს გაცხადებული ერთიანი პროგრამა ან კამპანია, თუმცა შეგვიძლია ცალ-ცალკე შევაფასოთ  ენმ-ს და სტრატეგია აღმაშენებელი-ს კამპანიები: 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ს არ აქვს საარჩევნო პროგრამა, თუმცა მათი კამპანია კონკრეტული გზავნილებით და დაპირებებით გამოირჩევა. კამპანიაში გამოყოფილია შემდეგი ჯგუფები: ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები. ამ ჯგუფებისთვის შემოთავაზებულია არა ზოგადი ხედვა, არამედ კონკრეტული პროექტები: უფასო კვება სკოლებში; მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; პენსიონერების დახმარება, სტუდენტური საცხოვრებლის აშენება და სხვ. გარდა ამ დაპირებებისა, პარტიას უმცირესობების მიმართ რაიმე ერთიანი ან კონკრეტული პოლიტიკის ხედვა არ აქვს. 

სტრატეგია აღმაშენებელი 

სტრატეგია აღმაშენებელს დეტალური საარჩევნო პროგრამა აქვს, რომელიც ძირითადად მოიცავს პარტიის ხედვასა და გეგმებს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ “უმცირესობები” პროგრამაში ცალკე თავად არის გამოყოფილი, ის მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით არის გაშლილი და მოიცავს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, ეკონომიკური თანასწორობის, განათლების, ქართული ენის სწავლების საკითხებს. ზოგადი სახით მოხსენიებულია გენდერულ მეინსტრიმინგიც და ეს მოიცავს  ძალადობისგან დაცვას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორ მონაწილეობას

“ძლიერი საქართველო” – ლელო, მოქალაქეები, ხალხისთვის

კოალიციას “ძლიერი საქართველო” აქვს დეტალური პოლიტიკური პროგრამა უმცირესობების მიმართულებით. პროგრამის ვრცელ ვერსიაში მოხსენიებულია: 

  1. ახალგაზრდების დასაქმება და პენსიის ზრდა; 
  2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოსაზღვრედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, “მეტის შეთავაზება ვიდრე რუსეთი სთავაზობთ”;
  3. ეკონომიკური და პოლიტიკური თანასწორობა, პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვა, სახელფასო სხვაობის აღმოფხვრა, გენდერული ძალადობისგან დაცვა;
  4. დევნილების დასაქმება და საცხოვრისით უზრუნველყოფა;
  5. ემიგრანტების დაბრუნება;
  6.  შშმ პირების დასაქმება და ჯანდაცვის გაუმჯობესება;
  7. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სადამსჯელო პოლიტიკის  ზრუნვის მოდელით ჩანაცვლება;
  8. ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ გაძლიერება, ენის სწავლება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა არის ყველაზე კარგად დასაბუთებული და განვრცობილი უმცირესობების საკითხების თვალსაზრისით, ფარავს ჩაგრული ჯგუფების უდიდეს ნაწილს და ეყრდნობა რეალური პრობლემების და საჭიროებების ცოდნას. თუმცა, ეს დეტალები ნაკლებად გვხვდება კამპანიის მედიაში უფრო ხილვად ნაწილში, სადაც ძირითადად დასაქმებასა და პენსიის ზრდაზეა საუბარი. 

 

დასკვნა

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების რიტორიკა ყველაზე გაცხადებულად არის მიმართული უმცირესობების უფლებების შეზღუდვასა და ჩაგვრის კვლავწარმოებაზე, მაშინ, როცა დანარჩენი პარტიებისთვის ეს ჯგუფები ან უხილავია ან მხოლოდ ფორმალურად ჩნდება საარჩევნო კამპანიებში. დაპირებები და პოლიტიკა ყველაზე ხშირად მიემართება ასაკის მიხედვით ჩაგრულ ჯგუფებს – ბავშვებსა და მოხუცებს. ცხადია, ოპოზიციური პარტიები თავიანთ პოტენციურ ამომრჩევლად სწორედ მშობლებს და პენსიონერებს წამოიდგენენ, ფრაგმენტულად, წამოწეულია ახალგაზრდების და სტუდენტების სოციო-ეკონომიკური საკითხებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ “ანტი-ლგბტ კანონზე” ყველა ოპოზიციური პარტია დუმილს ამჯობინებს, რაც მათ პოპულისტურ ხედვაზე მიუთითებს: საზოგადოებაში ლგბტ თემის უფლებებზე საუბარი პოპულარული არ არის და მოსახლეობის დიდ ნაწილში მიმღებლობით არ გამოირჩევა, შესაბამისად, პარტიებს წინასაარჩევნოდ ამ საკითხთან  ასოცირება, თუნდაც ძალადობასა და სიძულვილის პასუხად, არ აწყობთ. ასეთი დუმილი სახიფათოა არა მხოლოდ ლგბტ თემისთვის, არამედ მომავალში ნებისმიერი უმცირესობისთვის, რომელიც მმართველი პარტიის სამიზნე შეიძლება აღმოჩნდეს და რომლის საჭიროებებისკენ მიმართული პოლიტიკური ხედვა, როგორც ვხედავთ, არცერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია. 

ავტორი: ნუკრი ტაბიძე

პუბლიკაცია მომზადდა ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოსა“ და ავტორის მიერ, პროექტის „ინკლუზიური მომავალი: ქალების, ახალგაზრდების და უმცირესობების გაძლიერება ცვლილებისთვის“ ფარგლებში, USAID- ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. 

სტატიაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოს” და სტატიის ავტორს და არ უნდა აღიქმებოდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.