სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ფემიციდის გაშუქების შესახებ

2023 წლის 15 სექტემბერს, ევროკავშირის პროექტის „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს“ ორგანიზებითა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა მედიასთან. შეხვედრა ეხებოდა ფემიციდის გაშუქების გამოწვევებს და იმ ბარიერებს, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ამ თემაზე მუშაობისას აწყდებიან.
შეხვედრას უძღვებოდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ხატია ღოღობერიძე და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, რომლებმაც ფემიციდის ეთიკურად გაშუქების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრის მიზანი არაფორმალურ სივრცეში მედია ექსპერტების, ფსიქოლოგის, მედიის წარმომადგენლებისა და ქალთა უფლებადამცველების შეხვედრა, ფემიციდის გაშუქებასთან დაკავშირებით არსებული შეხედულებებისა და პრობლემების გაზიარება და გაშუქების სტანდარტის შემუშავება იყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სატელევიზიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც ღიად ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე და ზოგადად, მედიაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შემუშავდება ფემიციდის გაშუქების საერთო სტანდარტისა და მისი განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემცველი მემორანდუმი, რომელიც ღია იქნება ხელმოწერისთვის მედიის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის.