2023 წლიდან WECF საქართველოს თანამშრომლებს 4-თვიან დეკრეტულ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შრომის უნარის შეზღუდვით განპირობებულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს

დასაქმებულების ღირსეული დეკრეტული ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შრომის უნარის შეზღუდვით განპირობებული შვებულება ან არასაკმარისადაა უზრუნველყოფილი სახელმწიფო სერვისებით ან საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში.

საქართველოში დეკრეტულ და გრძელვადიან ავადმყოფობასთან დაკავშირებული შვებულებების თვალსაზრისით არსებული რეალობა ადამიანებს სიღარიბის, დაუცველობისა და  განგრძობითი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკის წინაშე აყენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ, ასეთ შემთხვევებში, როცა სახელმწიფო არასათანადოდ და არასამართლიანად არეგულირებს დასაქმებულების შრომით უფლებებს, დამსაქმებლები, როგორც სამოქალაქო, ისე – კერძო სექტორიდან, იჩენდნენ კეთილ ნებას და ქმნიდნენ ღირსეულ სამუშაო პირობებს თავიანთი თანამშრომლებისთვის.

ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მუდმივად ვცდილობთ ხმამაღლა ვისაუბროთ და ავამაღლოთ ცნობიერება იმ გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ, რომლებიც შრომითი უფლებების თვალსაზრისით ორსულ, მშობიარე და მეძუძურ ქალებსა და ახალბედა მშობლებს აქვთ.

სწორედ ამ მიზნით, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)“ საქართველოს ოფისმა, შეიმუშავა სოციალური უსაფრთხოების შიდა პოლიტიკა და მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას სარეზერვო ფონდი სოციალური უზრუნველყოფისთვის, რომელიც მოემსახურება ორგანიზაციის საქართველოს ოფისის თანამშრომლების შრომითი უფლებებისა და პირობების გაუმჯობესებას ზემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში.

2023 წლიდან WECF საქართველოს თანამშრომლებს: 

  • შეუძლიათ ისარგებლონ 4-თვიანი (16 კვირა) სრულად ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით;
  • სრულად აუნაზღაურდებათ ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული შრომის უნარის შეზღუდვა 16 კვირის განმავლობაში.

როცა სახელმწიფო გულგრილია მოქალაქეების შრომითი უფლებების, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და ძლიერი მხარდამჭერი სისტემების შექმნის კუთხით, მნიშვნელოვანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს გვესმოდეს ამ ყოველივეს მნიშვნელობა და ვიყენებდეთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა ამ გამოწვევებს ჩვენს სამუშაო გარემოში მაინც ვუპასუხოთ!