გენდერული თანასწორობის საზაფხულო სკოლა გურიაში, იმერეთში, კახეთსა და რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
,,ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2020 წლიდან ახორციელებს პროექტს ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში”, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისა და გოგოების მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარად მონაწილეობისა და პატრიარქალური ცნობიერების, თუ სტერეოტიპების შეცვლისთვის.
ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2023 წლის 27-30 ივლისს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ხელმძღვანელობით, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველომ”, „რაჭის სათემო ორგანიზაციამ” და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭომ” გურიაში, იმერეთში, კახეთსა და რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გენდერული თანასწორობის საზაფხულო სკოლა დააორგანიზა.
4 დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები მოზარდებს უზიარებდნენ ცოდნასა და გამოცდილებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ირგვლივ. თავად მოზარდებიც გვიყვებოდნენ თავიანთ გამოცდილებებსა და ხედვებზე და ეცნობოდნენ სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებისთვის არსებულ სპეციფიკურ რეალობას.
სკოლის ფარგლებში გამართული საგანმანათლებლო სესიები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები და გენდერული თანასწორობა („ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”);
- თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში (იდა ბახტურიძე, „WECF საქართველო“);
- აქტივიზმი ციფრულ სამყაროში: ფორმები და შესაძლებლობები (ვერო მელუა, „WECF საქართველო“);
- ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა, სახელმწიფო რეფერირების მექანიზმები და მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამები (ნათია გვრიტიშვილი, „საფარი“);
- გენდერი და შეზღუდული შესაძლებლობა (ანა ქათამაძე, „ქალი და რეალობა”);
- არაანაზაღაურებადი შრომა, შინ შრომა და დასაქმების შესაძლებლობები („ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”);
- ციფრული უსაფრთხოება, კიბერ ბულინგი და პრევენციის მეთოდები (ნინო გამისონია, ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი);
- სოფლის მაშენებელი ქალები (ლილი ფულარიანი, ქოფირაითერი და ციფრული ცოდნის გამავრცელებელი);
- სამოქალაქო აქტივიზმი და მოქალაქის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქსელური მუშაობის პრაქტიკები (თაზო ჯოჯუა, სათემო ფონდი „ერთიანობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“).
გარდა საგანმანათლებლო სესიებისა, საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება-განხილვა და პანელური დისკუსია, ახალგაზრდების მონაწილეობით, თემაზე „სამოქალაქო აქტივიზმი, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ახალგაზრდების როლი რეგიონალურ კონტექსტში”.
საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს ახალგაზრდული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა წარმატებული პრაქტიკები გურიაში, რაჭასა და კახეთში და პროექტის მონაწილე გურული ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფემინისტური სამაგიდო თამაშიც ითამაშეს.
საზაფხულო სკოლა ასევე დატვირთული იყო მრავალფეროვანი შემეცნებით-პრაქტიკული სავარჯიშოებით, სამუშაო სესიებითა და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოებისა და უკეთ გაცნობის ხელშემწყობი აქტივობებით.
პროექტის ფარგლებში „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს: „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”, „რაჭის სათემო ორგანიზაცია”, „უხუცეს ქალთა საბჭო”, „ქალი და რეალობა” და „ქალთა ფონდი საქართველოში”.
საზაფხულო სკოლა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” ფარგლებში.