ეკა ქევანიშვილი თანასწორობის იდეის მნიშვნელობაზე ჟურნალისტების საქმიანობაში
ეკა ქევანიშვილმა, ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022″ სპეციალური ჯილდო მიიღო.
მას რამდენიმე კითხვა დავუსვით კონკურსისა და მის საქმიანობაში თანასწორობის იდეის მნიშვნელობის შესახებ:
რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ქალთა და სხვა ჩაგრულ ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხების ეთიკურად გაშუქება?
– ალბათ, პირველ რიგში იმიტომ, რომ მეც ქალი ვარ. და იმიტომაც, რომ ჟურნალისტებს იმ ადამიანების ხმების საჭირო ადრესატებამდე მიტანა გვიწევს, ვისაც ეს თავად უჭირს ან არ შეუძლია. თუ ამ წესს დავარღვევთ, რასაც ეთიკური გაშუქება ჰქვია, ამ ადამიანებს ვატკენთ, ხოლო მიზანს, რომ მათი ცხოვრება ცოტათი მაინც შევცვალოთ, ვერ მივაღწევთ. მეორე მიზეზი მაგალითის ჩვენებაა – ჟურნალისტების ახალი თაობისთვის, რომ აი, ასე უნდა მოყვე ამ ადამიანებზე. ასე უნდა დაწერო თუ გადაიღო, რომ არ დააზიანო ისინი. კარგი მაგალითები ახალ კარგ მაგალითებს აჩენს და შანსიც მეტია, რომ ქართულ მედიაში მეტი თავისი საქმის ერთგული პროფესიონალი გამოჩნდეს. მე ჯერ კიდევ მჯერა ამის.
რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები ეთიკური გაშუქების წასახალისებლად?
– არ ვიცი, რამდენად ცვლის სურათს უკეთესობისკენ ეს, ამას ალბათ რაღაც კვლევა სჭირდება, მე მხოლოდ შემიძლია ჩემი ემოცია გაგიზიაროთ – მთელი წელი მუშაობ, ცხადია, არა ასეთი კონკურსებისთვის, არამედ შენთვის და ადამიანებისთვის და მერე ჩნდება შანსი, რომ შენი ნამუშევარი ვინმემ შეაფასოს. თუ გამოგარჩევენ და ჩათვლიან, რომ საუკეთესო იყავი, ეს გახარებს და ძალით გავსებს. ფიქრობ, რომ დაღლა ღირდა და ისევ აგრძელებ. ჟურნალისტიკას საქართველოში ძალიან მალე ტოვებენ, ეს არ არის ადვილი საქმე.
როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება თუ უფრო მეტი ჟურნალისტი იმუშავებს ეთიკურად გენდერული თანასწორობის საკითხებზე?
– რაც დასაწყისშიც ვთქვი – მედია იქნება საზომი. მედია არ იქნება მხოლოდ კრიტიკის ობიექტი. მედია იქნება სანდო იმ ადამიანებისთვის,ვისაც დახმარება სჭირდება. მედიას მოუყვებიან მეტ ამბავს. ჩვენც, ვინც ძალიან ვცდილობთ ვიყოთ ეთიკურები, მეტი თანამოაზრე გვეყოლება. ბევრ ეთიკურ ჟურნალიტს კი ცვლილებების მოხდენა მართლა შეუძლია
კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022″ ჩატარდა ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.