ანიკი გელაშვილი თანასწორობის მნიშვნელობაზე ვიზუალური არტისტების საქმიანობაში
ანიკი გელაშვილი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022″ კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი”, პლატფორმა femea.ge-სთვის შექმნილი ილუსტრაციების სერიით „რას ნიშნავს, იყო ქალი საქართველოში?”
მას რამდენიმე კითხვა დავუსვით კონკურსისა და მის საქმიანობაში თანასწორობის იდეის მნიშვნელობის შესახებ:
რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი ქალთა და სხვა ჩაგრულ ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიზუალური ნამუშევრების შექმნა?
– მე ვარ გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი, ჩემი საქმე გულისხმობს პრობლემების პოვნას და მათ ვიზუალიზაციას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მიაღწიოს ინფორმაციამ. ამ შემთხვევაში ისეთ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რომლებიც არაერთ ქალთან ერთად ჩემი ყოველდღიურობის ნაწილიც არის. ქალებთან და სხვა ჩაგრულ ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის პერსონალური და მტკივნეული იქნება ჩემთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პროფესია გამოვიყენო და რთულად სათქმელი ამბები ოდნავ უფრო მარტივად გასაგები გავხადო.
როგორ ფიქრობ, რა შეიცვლება თუ უფრო მეტი ვიზუალური არტისტი შექმნის ნამუშევრებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე?
– ცხადია, ვიზუალურ თხრობას ყოველთვის უფრო მარტივად მიაქვს სათქმელი აუდიტორიამდე ვიდრე, მაგალითად, წერილობითს. ერთ დიდ პოსტერზე დალაგებული სტატისტიკა თავისი გრაფიკებით უფრო ადვილად აღიქმება, ვიდრე მიმდევრობით ჩამოწერილი იგივე რიცხვები. თუნდაც მაშინ, როცა შეგრძნებების გადმოცემა გვსურს, ვიზუალური თხრობა უნივერსალური ენაა, მძაფრად გვამახსოვრდება. ამიტომ მგონია, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვხატოთ და გადავიღოთ იმ საკითხებზე, რომლებზეც გვინდა გავაგებინოთ ვინმეს რამე. ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი უჭირავთ ხელში ვიზუალურ არტისტებს და რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ მას, მით უფრო სწრაფად გავავრცელებთ ინფორმაციას.
რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები ვიზუალური არტისტების წასახალისებლად, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშაონ?
– მოულოდნელი იყო, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ გამიჩნდა მეტი პასუხისმგებლობის განცდა. ცხადად დავინახე, რომ რასაც ვაკეთებ და რაც შემიძლია გავაკეთო, მუშაობს, ვიღაცამ მომისმინა. ეგ კი თავისთავად მოტივაცია არის. ალბათ ეგეც იყო ამ კონკურსის მიზანი.