WECF-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს პოდკასტების შექმნის ტრენინგი ჩაუტარდათ

2022 წლის 26-27 ნოემბერს „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველომ” პოდკასტების შექმნის ტრენინგი ჩაატარა WECF-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების 8 წარმომადგენლისთვის.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს პოდკასტის შექმნის ტექნიკა, ამბის თხრობის სწორი ფორმის შერჩევა, ხმებისა და მუსიკის მნიშვნელობა და მისი სწორად შერჩევის გზები.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები შექმნიან პოდკასტებს ისეთ მრავალფეროვან თემებზე, როგორიცაა:

ქალის სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
ქალთა შრომითი უფლებები, გენდერი და მიგრაცია;
გენდერი და კლიმატი;
ფემინიზმის ისტორია საქართველოში;
გენდერული საკითხების ეთიკური გაშუქების სტანდარტები;
შშმ ქალები და გენდერი;
პოლიტიკური ჩართულობა და ამომრჩეველ ქალთა საარჩევნო ძალა;
რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები და ფემინიზმი;
ომის გენდერული ასპექტები.

მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა მიეცემათ პროექტში მონაწილეობა მენტორის სტატუსით გააგრძელონ. შერჩეული მენტორები ჩაუტარებენ ტრენინგს 20 ახალგაზრდას კახეთისა და გურიის რეგიონებში (10 ახალგაზრდა თითოეულ რეგიონში), ასწავლიან მათ პოდკასტების შექმნის ტექნიკას და დაეხმარებიან საკუთარი პოდკასტების მომზადებაში.

პროექტის განმავლობაში შეიქმნება 27 პოდკასტი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის იქნება გამიზნული და გამოქვეყნდება შემდეგ პლატფორმებზე: Spotify, iTunes, YouTube და Soundcloud. ასევე, გაზიარდება ორგანიზაციის ვებგვერდის wecf.ge და სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით. პოდკასტები იქნება მოკლე და ადვილად მოსასმენი და შეეხება ისეთ თემებს, რომლებიც საინტერესო და რელევანტურია ახალგაზრდებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის. პოდკასტები შეიქმნება ქართულ ენაზე.

პროექტი ხორციელდება „ქალები საერთო მომვალისთვის (WECF)” საერთაშორისო ოფისის მხარდაჭერით.