პროექტი „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”
„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” მედიის განვითარების ფონდთან (საქართველო) და კვლევით – საკონსულტაციო ორგანიზაციასთან – „სოციოსკოპი” (სომხეთი) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა.
პროექტი მიზანად ისახავს, მხარი დაუჭიროს კავკასიის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლას პლურალიზმისთვის , რაც მდგარდი განვითარების მე-5 და მე-16 პუნქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს. კავკასიის რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მჭიდრო თანამშრომლობის განსაკუთრებული საჭიროებაა მედიასთან, გენდერულ ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოებებთან. პროექტის მთავარი მიზანია გააძლიეროს თანამშრომლობა გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და მედიებს შორის, კავკასიის რეგიონსა და გერმანიაში, რომ ერთობლივად დაუპირისპირდნენ ანტიგენდერულ დეზინფორმაციას და მოძებნონ მათი თავიდან აცილების გზები.
კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში მზარდი საინფორმაციო ომებისა და ამჟამინდელი სოციალურ-პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტიის მიზანია გავაზიაროთ საინფორმაციო ინსტრუმენტები, ეთიკური მედიაგაშუქების პრაქტიკები და შევიმუშავოთ სტრატეგიები ყალბი ამბების, ანტიგენდერული კამპანიებისა და მოწყვლადი ჯგუფებისადმი მიზანმიმართული ონლაინ თავდასხმების წინააღმდეგ.
პროექტის ფარგლებში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები გაივლიან ტრენინგს ეთიკური, ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე მედია გაშუქების, ფაქტების შემოწმებისა და წყაროს გადამოწმების მნიშვნელობაზე. (მომავალი) ჟურნალისტებისთვის შეიქმნება ეთიკური გაშუქების გზამკვლევი, რომელიც აღწერს თუ როგორ გააშუქონ ქალების, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების საკითხები. გარდა ამისა, ჟურნალისტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის მომზადდება საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლებიც გაიზიარებენ ეთიკური გაშუქების ძირითად სტანდარტებს.
პარტნიორები, „სოციოსკოპი” და „მედიის განვითარების ფონდი”, განახორციელებენ კვლევასა და მედია მონიტორინგს ეთიკური გაშუქების შესახებ საქართველოსა და სომხეთში. შედეგები იქნება წარმოდგენილი და გაანალიზებული რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც უმასპინძლებს რეგიონული მედიის მენეჯერებს, ადგილობრივ და რეგიონულ ორგანიზაციებს, რათა გაცვალონ სტრატეგიები და ხედვები პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სხვადასხვა მედია პლატფორმებისა და ორგანიზაციების წახალისება, ასევე მათი ეთიკური და გენდერულად მგრძნობიარე მედია პროდუქტების მხარდაჭერა. ამიტომ, „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო”, უკვე მეორედ მოაწყობს მედია დაჯილდოებას #მედიათანასწორობისთვის 2022, რათა ხელი შეუწყოს და წაახალისოს გენდერულად მგრძნობიარე, ინკლუზიური და ეთიკური მედია გაშუქება ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებს, მედია პლატფორმებს, სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელებსა და მომავალ ჟურნალისტებს შორის.
პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი – დეკემბერი 2022
პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.