ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ KutaisiToday.ge-ის მიერ მე-7 პრინციპის დარღვევა დაადგინა

2022 წლის 23 ივლისს და 2022 წლის 2 აგვისტოს KutaisiToday.ge-მ გამოაქვეყნა პოსტები, რომელთა შესახებაც „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველომ” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. WECF მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებამ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტებით ხელი შეუწყო მიზოგინიის და გენდერულად სტერეოტიპული აზროვნების ტირაჟირებას. დისკრიმინაციული კონტენტის დამაზიანებელ ეფექტზე პოსტებზე დაწერილი კომენტარებიც მეტყველებდა. შესაბამისად, მედიასაშუალების საქმიანობა სრულად ეწინააღდეგება თანასწორობის პრინციპებს, უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს და არ იცავს ეთიკური გაშუქების სტანდარტებს.

ქარტიამ მიმართვის საფუძველზე მე-7 პრინციპის დარღვევა დაადგინა, რაც გულისხმობს: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

დეტალურ ინფორმაციას გადაწყვეტილების შესახებ გაეცანით ბმულზე.