რატომ უნდა იყოს აბორტი ლეგალური? – 5 მთავარი მიზეზი

აბორტის ხელმისაწვდომობა ქალის ჯანმრთელობის აუცილებელი კომპონენტია. ქალის არჩევანი, როდის ჰყავდეს და ჰყავდეს თუ არა შვილი, პირდაპირაა კავშირში მის ეკონომიკურ განვითარებასთან, განათლებასთან და ზოგად ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან.

ამ არჩევნის მოწინააღმდეგეები, სამწუხაროდ, ხშირად იყენებენ ქალების ჯანმრთელობასა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს აბორტის აკრძალვის გამართლებად. თუმცა, აბორტი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროცედურაა, როცა ის სანიტარულ გარემოში ტარდება გამოცდილი პროფესიონალის მიერ.

2022 წლის ივნისში ამერიკაში გაუქმდა Roe v. Wade გადაწყვეტილება და აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ თითოეულ შტატს მისცა ინდივიდუალური თავისუფლება, შეზღუდოს ან სრულად გააუქმოს აბორტის უფლება. შედეგად, მილიონობით ქალის ცხოვრება შეიცვალა და ისინი ივნისიდან ცხოვრობენ შტატში, სადაც აბორტი სრულად ან ნაწილობრივ აკრძალულია.

ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რატომ არ აქვს გავლენა აბორტის აკრძალვას ჩატარებული პროცედურების რაოდენობაზე, რატომაა ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული და რა ტიპის საფრთხეებს უქმნის ის განსაკუთრებით დაბალი სოციალური კლასის, ფერადკანიან, თინეიჯერ ქალებსა და გოგოებს.

 

ადამიანები იკეთებენ აბორტს, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს კანონი

ორსულობის შეწყვეტა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადაწყვეტილებაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი იღებს – ყოველწლიურად ორსულობების მეოთხედი აბორტით მთავრდება. 

და მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს კანონი, ადამიანებს მაინც სჭირდებათ, ეძებენ და პოულობენ აბორტის სერვისს. გუთმახერის ინსტიტუტის (ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მუშაობს) მიხედვით, აბორტის მაჩვენებელი ყოველ 1000 ადამიანზე 37-ია ისეთ ქვეყნებში, სადაც აბორტი სრულად, ან ნაწილობრივაა აკრძალული. ხოლო ქვეყნებში, სადაც აბორტი ლეგალურია, ეს რიცხვი 34-ია.

როცა აბორტი გამოცდილი, პროფესიონალი ექიმის მიერ ტარდება, სანიტარულ პირობებში, ის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთო პროცედურაა, იმაზე უსაფრთხო, ვიდრე ორსულობა და მშობიარობა. 

მაგრამ როცა სახელმწიფო აბორტზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს, ადამიანები იძულებულნი ხდებიან მიმართონ აბორტის იატაკქვეშა, საფრთხის შემცველ გზებს. ეს ძირითადად ღარიბი მოსახლეობაა, რომელსაც არ აქვს საშუალება, ისეთ ქვეყანაში წავიდეს, სადაც აბორტი ლეგალურია. ამას კი შემდეგ საკითხამდე მივყავართ.

 

აბორტის კრიმინალიზება არ ამცირებს ჩატარებული პროცედურების რაოდენობას, ის აბორტს ნაკლებად უსაფრთხოდ აქცევს

ქალებისა და გოგოებისთვის აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ ისინი ამ სერვისს აღარ საჭიროებენ. სწორედ ამიტომ, აბორტის აკრძალვის ყოველი მცდელობა არაფერს აკეთებს ჩატარებული პროცედურების რაოდენობის შემცირებისთვის, ის უბრალოდ აიძულებს ადამიანებს რომ საფრთხის შემცველ მეთოდებსა და გარემოებებს მიმართონ.

საფრთხის შემცველ აბორტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ასე განმარტავს: „არასასურველი ორსულობის შეწყვეტის პროცედურა, რომელიც ტარდება არაკვალიფიციური ადამიანების მიერ ან ისეთ გარემოში, რომელიც არ აკმაყოფილებს მინიმალურ სამედიცინო სტანდარტსაც კი, ან ორივე.”

WHO-ს მიხედვით, 25 მილიონი საფრთხის შემცველი აბორტის პროცედურა ტარდება, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებშია ჩატარებული.

ლეგალური, პროფესიონალი მედიკოსის მიერ ჩატარებული აბორტის პროცედურისგან განსხვავებით, საფრთხის შემცველი აბორტი შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ეს იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ საფრთხის შემცველი აბორტის პროდეცურა ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რიგით მესამე მიზეზია მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, WHO-ს მიხედვით, მილიონობით ადამიანს აყენებს, ძალიან ხშირად თავიდან არიდებადი, ფიზიკური შეზღუდვის წინაშე.

აქვე, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ამერიკის მაგალითი Roe v. Wade-ის მიღების შემდეგ: 1973 წლიდან ორსულობასთან დაკავშირებულმა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო. აბორტის შედეგად სიკვდილის მაჩვენებელი ყოველ მილიონ ადამიანზე 40-დან (1970 წლის მაჩვენებელი) 8-ზე ჩამოვიდა (1976 წლის მაჩვენებელი). 1975 წელს სიკვდილიანობა ლეგალური აბორტის პროცედურის მიზეზით 100,000 ადამიანზე სამი იყო, ხოლო 1976 წელს იგივე მაჩვენებელი 1 გახდა.

 

აბორტის უფლების ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვა ხელს უშლის ექიმებს, რომ პაციენტს საბაზისო დახმარება გაუწიონ

აბორტის უფლების ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვა ხელს უშლის ექიმებს თავიანთი საქმის პროფესიონალურად შესრულებასა და თავიანთი პაციენტებისთვის საუკეთესო გამოსავლის შეთავაზებაში, რაც თავისთავად ზღუდავს მათ სამედიცინო საქმიანობას და პროფესიული ეთიკით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესრულების შესაძლებლობას. 

აბორტის კრიმინალიზება კიდევ ერთ საფრთხეს იწვევს: მედიცინის მუშაკებს შესაძლოა ზუსტად და სწორად არ ესმოდეთ კანონის საზღვრები, ან შესაძლოა შეზღუდვები დააწესონ იქ, სადაც ამას კანონი არ ითხოვს. ეს შესაძლოა რამდენიმე მიზეზით მოხდეს, მათ შორის, პირადი რწმენა-წარმოდგენები, აბორტთან დაკავშირებული სტიგმა, ქალებთან და გოგოებთან დაკავშირებული სტერეოტიპები, ან დანაშაულის ჩადენის შიში.

აბორტის აკრძალვა ავტომატურად კრძალავს აბორტის შემდგომ საჭირო სერვისების მიღების შესაძლებლობასაც, რაც ხშირად საჭიროა საფრთხის შემცველ გარემოებებში ჩატარებული აბორტის შემდეგ, გართულებების შემთხვევაში.

 

აბორტი მხოლოდ სისგენდერ ქალებსა და გოგოებს არ სჭირდებათ

აბორტი მხოლოდ სისგენდერ ქალებსა და გოგოებს (ქალები და გოგოები, რომლებსაც დაბადებისას მიენიჭათ მდედრობითი სქესი) არ სჭირდებათ. ამ პროცედურას ასევე საჭიროებენ ინტერსექსი ადამიანები, ტრანსგენდერი კაცები და ბიჭები და სხვა გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები, რომლებსაც დაორსულების რეპროდუქციული შესაძლებლობა აქვთ.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი ამ ადამიანებისთვის ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაა. თუმცა მათ, ვისაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელი მიუწვდებათ, უწევთ სტიგმასა და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან გამკლავება, ასევე იმ მოსაზრებებთან ბრძოლა, რომ მათ კონტრაცეპცია და აბორტთან დაკავშირებული ინფორმაცია და სერვისები არ სჭირდებათ.

 

აბორტის კრიმინალიზაცია დისკრიმინაციის ფორმაა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას

უპირველესად, უნდა გვესმოდეს, რომ ისეთი სამედიცინო და სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის შეზღუდვა, რომელიც კონკრეტული ნიშნის მქონე ინდივიდებს სჭირდებათ, დისკრიმინაციის ფორმაა. 

„გაერთიანებული ერების ქალთა მიმართ ყოველგვარი ძალადობის შემცირების კომისიამ (CEDAW)” არაერთხელ განაცხადა, რომ აბორტის ამკრძალავი კანონმდებლობა დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. ეს ეხება ყველა ქალს და ადამიანს, რომელსაც დაორსულება შეუძლია. 

მეორე, რაც ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს არის ის, რომ აბორტის ირგვლივ არსებული სტიგმა და გენდერული სტერეოტიპები მჭიდრო კავშირშია აბორტის კრიმინალიზაციასთან და სხვა შემზღუდავ კანონებსა და პოლიტიკასთან. 

გარემოს, სადაც აბორტი უკანონო და ამორალურია, მივყავართ ქალების სტიგმატიზაციასთან სამედიცინო პერსონალის, ოჯახის წევრების, სამართალდამცავი სისტემის მიერ. ასეთ გარემოში ქალები და გოგოები ეძებენ აბორტის ალტერნატიულ გზებს, რომლებიც ისევ დისკრიმინაციისა და შევიწროების რისკებს შეიცავს. ზოგიერთი ქალი აცხადებს, რომ ძალადობისა და დარცხვენის მსხვერპლი ყოფილა ექიმის მხრიდან, როცა აბორტის გასაკეთებლად ან აბორტის შემდგომ პროცედურებზე მივიდა. 

და ბოლოს, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როცა აბორტის უფლებაზე ვსაუბრობთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ:

  • აბორტი ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევაა. ის უსაფრთხოა, როცა ჩატარებულია WHO-ს მიერ რეკომენდებული მეთოდებით, ორსულობის ხანგრძლივობასთან შესაბამისად და ისეთი ადამიანის მიერ, რომელსაც მისი ჩატარებისთვის აუცილებელი უნარები და ცოდნა აქვს.
  • 10-დან 6 არასასურველი ორსულობა სრულდება აბორტით.
  • მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული აბორტის პროცედურების 45% საფრთხის შემცველია და მათი 97% ტარდება განვითარებად ქვეყნებში.
  • საფრთხის შემცველი აბორტი ხშირი – მაგრამ თავიდან არიდებადი – მიზეზია ორსულობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის. მას შეუძლია გამოიწვიოს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება და სოციალური და ფინანსური ტვირთი ქალებისთვის, საზოგადოებებისთვის და ჯანდაცვის სისტემებისთვის.
  • უსაფრთხო, დროული, ფინანსურად ხელმისაწვდომი და პაციენტის პატივისცემით ჩატარებული აბორტის პროცედურის უფლების შეზღუდვა არის კრიტიკული პრობლემა ადამიანების ჯანმრთელობისა და უფლებების თვალსაზრისით.

 

მთავარი ფოტო: https://www.plannedparenthoodaction.org/

გამოყენებული წყაროები:

Limiting Abortion Access Contributes to Poor Maternal Health Outcomes

Key Facts on Abortion

https://www.reproductiverights.org/sites/default/files/documents/pub_bp_safeandlegal.pdf

https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/abortionhttps://

www.npr.org/2022/05/06/1096676197/7-persistent-claims-about-abortion-fact-checkedhttps://

www.cfr.org/article/abortion-law-global-comparisons