ახალი საკონკურსო კატეგორიები – კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022″
„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” უკვე მეორედ ატარებს კონკურსს „მედია თანასწორობისთვის”, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობის დღის წესრიგში დაყენებაა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.
წელს საკონკურსო კატეგორიებში სიახლე გვაქვს:
აქამდე არსებულ ოთხ კატეგორიას (საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი, საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი, საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი, საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში) ორი ახალი კატეგორია დაემატა. ესენია:
- საუკეთესო ციფრული პლატფორმა – ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმები.
- მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს. ასევე, ნებისმიერ ციფრულ და სოციალური მედიის პლატფორმებს, რომლებიც არ ეკუთვნის რომელიმე მედია საშუალებას და ორიენტირებულია ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა გამოგზავნოს პლატფორმიდან ერთი ნამუშევარი (სტატია, ვიდეო, ფოტო და ა.შ.).
- საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი – სტუდენტების მიერ მომზადებული მედია პროდუქტი: სატელევიზიო სიუჟეტი, სტატია, ვიდეო-სიუჟეტი, პოდკასტი, რადიო გადაცემა და ა.შ.
- მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ჟურნალისტიკის ან სხვა რელევანტური (ფილოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის და ა.შ.) ფაკულტეტის სტუდენტებს. გამოგზავნილი ნამუშევარი უნდა იყოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტურანტურის სტუდენტების მიერ მომზადებული მედია პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნებულია ნებისმიერ სტუდენტურ ან სხვა მედია პლატფორმაზე.
გაითვალისწინეთ, რომ გამოგზავნილი მასალები აუცილებლად უნდა მოიცავდეს თემებს ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.
- კონკურსზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.wecf.ge/media-awards/
- განაცხადის გამოგზავნის წესები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://www.wecf.ge/how-to-apply/
კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022″ ხორციელდება ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.