საკონკურსო კატეგორიები, სადაც არაჟურნალისტური ნამუშევრის გამოგზავნა შეგიძლიათ – კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022″
ორგანიზაციამ – „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო” (WECF Georgia) – 2022 წლის 25 ივლისს გამოაცხადა კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022″, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობის დღის წესრიგში დაყენებაა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.
ორგანიზაციას სჯერა, რომ ციფრულ მედიასა და სოციალურ ქსელში განთავსებული სხვადასხვა ტიპის, მათ შორის არაჟურნალისტური, პროდუქტი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებასა და ქალთა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების რეპრეზენტაციაზე. სწორედ ამიტომ, კონკურსი მხარს დაუჭერს და წაახალისებს ისეთ
- გრაფიკულ და ვებ დიზაინერებს;
- ქუჩის არტისტებს;
- ფოტოგრაფებს;
- ილუსტრატორებს;
- ბლოგერებს;
- ვლოგერებს;
- სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებს;
რომლებიც თავიანთ უნარებს, ნიჭს, შესაძლებლობებსა და პლატფორმებს მოხალისეობრივად იყენებენ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის იდეის გასავრცელებლად.
ასეთ ადამიანებს კონკურსის შემდეგი ორი კატეგორიიდან ერთ-ერთში შეუძლიათ განაცხადის შემოტანა:
- საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი (კედლის მხატვრობა, ფოტოამბავი, ინსტალაცია და სხვ.) – ამ კატეგორიაში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ: მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს (ფოტოამბებით), მხატვრებსა და ქუჩის არტისტებს (კედლის მხატვრობით, გრაფიტით, ინსტალაციით), გრაფიკულ დიზაინერებსა და ილუსტრატორებს (პორტფოლიოებით/პროდუქტის ან ვებგვერდის დიზაინით) მთელი საქართველოს მასშტაბით. ნამუშევრები უნდა იყოს საჯაროდ გამოქვეყნებული, ციფრულ ან რეალურ სივრცეში.
- საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში (აპლიკანტი საკუთარ პლატფორმას უნდა იყენებდეს თანასწორობის იდეის გასავრცელებლად) – ამ კატეგორიაში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:სოციალურ მედიაში (Instagram, TikTok, Facebook, YouTube, Snapchat, და სხვა პლატფორმებზე) კონტენტის შემქმენელებს, ბლოგერებსა და ვლოგერებს მთელი საქართველოდან. აპლიკანტი საკუთარ პლატფორმას უნდა იყენებდეს თანასწორობის იდეის გასავრცელებლად.
გახსოვდეთ, რომ გამოგზავნილი მასალები აუცილებლად უნდა მოიცავდეს თემებს ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.
განაცხადის გამოგზავნის წესები და ფორმა იხილეთ ბმულზე: https://www.wecf.ge/how-to-apply/
შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოგზავნეთ ელ-ფოსტით მისამართზე: media4equality@wecf.org
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2022 წელი.
კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022″ ხორციელდება ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.