ქალების ძალა ინკლუზიისთვის

,,ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” 2020 წლიდან ახორციელებს პროექტს ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” (შემოკლებული ვერსიით „ქალების ძალა ინკლუზიისთვის“), რომელიც მიზნად ისახავს ქალებისა და გოგოების მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარად მონაწილეობისა და პატრიარქალური ცნობიერების, თუ სტერეოტიპების შეცვლისთვის. სწორედ ამიტომ, პროექტს სამი ძირითადი მიმართულება აქვს: ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება, პოლიტიკური მონაწილეობა და სოციალური თანასწორობა.

 

რას გულისხმობს თითოეული?

  • ეკონომიკური გაძლიერების მიმართულება: სახელფასო სხვაობის შემცირება და თანასწორი შრომითი გარემოს უზრუნველყოფა (შინ და ზრუნვითი შრომის ჩათვლით), სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ახალგაზრდებისთვის.
  • პოლიტიკური გაძლიერება: ქალების მონაწილეობის ზრდა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე როგორც საჯარო ისე, კერძო სექტორში. ადგილობრივი აქტივისტები მიიღებენ საჭირო ინფორმაციასა და მხარდაჭერას, რომ ასახონ თავიანთი პრიორიტეტები და საჭიროებები მუნიციპალური პოლიტიკის დღის წესრიგსა და ბიუჯეტში. სწორედ ამ მიზნით, პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივ პოლიტიკურ აქტორებთან აქტიური თანამშრომლობას და მათი გენდერული მგრძნობელობის გაზრდას.
  • სოციალური გაძლიერება: ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შშმ პირების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობა, პროექტის ბენეფიციარების ინფორმაციული და ფინანსური მხარდაჭერის გზით.

 

პროექტით გათვალისწინებული აქტივობები

პროექტი ხორციელდება საქართველოს ოთხ – გურიის, რაჭის, იმერეთისა და კახეთის – რეგიონში, ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით. ეს ორგანიზაციებია: „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ქალი და რეალობა”, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „უხუცეს ქალთა საბჭო“ და „რაჭის სათემო ორგანიზაცია“.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ფემინისტი აქტივისტებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ამ პრობლემებით დაინტერესებული სხვა მოქალაქეებისთვის ჩატარდება ტრენინგები ფემინიზმსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადვოკატირებაზე, გენდერულ ბიუჯეტირებასა და საპროექტო განაცხადის წერაზე.

აღნიშნულ ტრენინგებს ჩაატარებს ამავე პროექტის ფარგლებში გადამზადებული 30 ადგილობრივი ტრენერი. პროექტის დასრულებამდე, სამი წლის განმავლობაში, ტრენერები ოთხივე რეგიონის მასშტაბით ინფორმაციულად გააძლიერებენ 480 ადგილობრივ ფემინისტ აქტივისტს და 650 ახალგაზრდას. სწორედ ამ აქტივისტებისა და ახალგაზრდებისთვის გამოცხადდება საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 30 სათემო და 60 ახალგაზრდული პროექტი. ეს პროექტები კი ხელს შეუწყობს, დაახლოებით, 6000 ადგილობრივი მოსახლის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

ეთიკური მედია და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, პროექტის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება გენდერული საკითხების ეთიკური მედია გაშუქებაა.

ამ მიზნის მისაღწევად პროექტი სამ ძირითად ინსტრუმენტს ითვალისწინებს: ინფორმაციის გავრცელება, ეთიკური მედია პროდუქტის მხარდაჭერა და წახალისება, მედია მონიტორინგი.

 

 

  • ინფორმაციის გავრცელება: ეთიკური გაშუქების სტანდარტების შესახებ საკომუნიკაციო კამპანია და ტრენინგების სერია ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის. ასევე, ინფორმაციის გავრცელების ეთიკური სტანდარტის დანერგვა შესაბამის საჯარო უწყებებში.
  • ეთიკური მედია პროდუქტის მხარდაჭერა და წახალისება:  ყოველწლიური კონკურსი „მედია თანასწორობისთვის“ – გენდერული თანასწორობის იდეის წახალისება ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში. კონკურსის ფარგლებში მიღებული ეთიკური ნამუშევრებისა და მათი ავტორების პოპულარიზება, მათთვის „თანასწორობის ჩემპიონის” ტიტულის მინიჭება და ფულადი ჯილდოს გადაცემა.

  • მედია მონიტორინგი: განსაკუთრებით დამაზიანებელი და პრობლემური მედია პროდუქტების შესახებ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში” საჩივრების წარდგენა და მათ გადაწყვეტილებებზე ინფორმაციის გავრცელება.

 

 

პროექტის განხორციელების ვადა: 2020-2023 წლები.

პროექტი ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, wecf.ge-ს ვებგვერდი განახლებულია ევროკავშირის დახმარებით, თუმცა საიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო“ და არ გამოხატავს ევროკავშირის შეხედულებებს.