ორმაგი სამუშაო დღე: ისვენებენ თუ არა ქალები?

სამსახურში იქნება ეს თუ სახლში, თანასწორობა ქალსა და კაცს შორის სასურველთან ახლოსაც კი არაა.

ამ ბლოგში არ ვისაუბრებთ ანაზღაურებებს შორის გენდერულ უთანსწორობაზე, რაზეც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო კვლევაც მიუთითებს, არამედ მოგითხრობთ ქალების ორმაგი შრომის, ოჯახებში მათი შრომის ექსპლუატაციისა მიზეზებსა და შედეგების შესახებ.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, ფრანგმა სოციოლოგმა მონიკ ეკომ დაამკვირდა ტერმინი და კონცეფცია, რომელიც ცნობილია როგორც ,,კოგნიტური დატვირთვა”. კონცეფცია, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ავტორისეულ კვლევას, ვრცელდება დაოჯახებულ ან/და წყვილში მყოფ ქალებზე, რომლებიც პროფესიულად აქტიურები არიან და, ამასთანავე, უწევთ საოჯახო საქმეების ორგანიზება ან/და კეთება. ზემოთხსენებული კვლევა ასახავს, თუ როგორ უწევთ ქალებს ანაზღაურებადი (სამსახურის) და აუნაზღაურებელი შრომის (საოჯახო საქმეების) შეთავსება, რაც, ფაქტობრივად, მათთვის ორმაგ სამუშაო დღეს გულისხმობს.

აქედან გამომდინარე, ქალებში მენტალურ დატვირთვას დიდწილად სწორედ ის გარემოებები იწვევს, რაც მათი პროფესიული და საოჯახო საქმეების შეთავსებასთან არის დაკავშირებული, რადგან ხშირად ერთს ვერ შორდებიან ბოლომდე, როცა მეორეს აკეთებენ. ალბათ, ხშირად გვინახავს ქალები, რომლებიც შვილების სკოლიდან გამოყვანას, მათ სხვადასხვა წრეებზე გაგზავნას თუ სახლის სხვა უამრავ საქმეს აორგანიზებენ სამსახურიდან. რამდენ კაცს იცნობთ შვილის ძიძას რომ არჩევდეს ან/და საოჯახო საქმეებში დამხმარეს? ძირითადად, მსგავსი ტიპის მოვალეობებიც მხოლოდ ქალების პასუხისმგებლობად რჩება.

მენტალური ტვირთი ქალებს აიძულებს იჟონგლიორონ ყოველდღიურ საქმეებსა და სამსახურებრივ პასუხსიმგებლობებს შორის, რაც მოითხოვს დამატებით გონებრივი და ფიზიკური რესურსების მობილიზებას. ეს ყველაფერი კი საბოლოდ მათ ჯანმრთელობაზეც აისახება უარყოფითად, რადგან ქალებს თითქმის არ რჩებათ დრო დასვენებისა და თუ საკუთარი თავისთვის.

ქალებისგან განსხვავებით, კაცებს თითქმის არასდროს, ან ძალიან იშვიათად, აქვთ მენტალური დატვირთვის პრობლემა შინ საქმის გამო, რადგან ისინი საოჯახო საქმეებში არათანაბრად, ან საერთოდ არ არიან ჩართულები. კაცები ოჯახებში გვევლინებიან, როგორც ,,დამხმარე” და არა თანაბარ პასუხისმგებლობებისა და მოავლეობების მქონე ზრდასრულ ადამიანებად. ამას ადასტურების გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვით ქალები სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ შინ შრომაზე, ვიდრე – კაცები. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში, ქალთა მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან მათ არაანაზღაურებად შრომას ახალი პასუხისმგებლობები და მოვალეობები დაემატა.

საოჯახო საქმეებში კაცების არათანაბარი ჩართულობა, შრომის სქესობრივ დაყოფასთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ჰორიზონტალურ სეგრეგაციასთან, რის შედეგადაც სოციუმში არსებობს ტერმინები “კაცის საქმეს” და “ქალის საქმეს”. Რეალურად, ვინმეს საქმე, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს გამოგონილია საზოგადოების და უმეტესწილად პატრიარქალური წესრიგის მიერ, რაც რეალურად ქალების, როგორც ჯგუფის, სუბორდინაციას და მათი შრომის გაუფასურებას ემსახურება. მსგავი “წესრიგის” გამოა, რომ ქალებმა უნდა აკეთონ სახლის საქმე, რადგან შინ შრომა არის უხილავი, აუღიარებელი, დაუფასებელი და, რაც მთავარია, აუნაზღაურებელი.

ქალისთვის გაორმაგებული აუნაზღაურებელი შრომა, განსაკუთრებით, ძლიერდება სადღესასწაულო პერიოდებსა თუ არდადეგების დროს, როდესაც ქალებს ერთდროულად რამდენიმე საქმის დაგეგმვა და რეალიზება უწევთ, ისე, რომ ისინი ვერც კი ახერხებენ ამ დროის განმავლობაში სიამოვნების მიღებასა და განტვირთვას, როგორც ეს ხდება კაცების შემთხვევაში. ქართულ კონტექსტში, თან, მაგალითად, „ორი ახალი წლის“ ტრადიციას თუ გავიხსენებთ, რა დროსაც, თითქმის, მთელი თვით წყვეტს ყველა და ყველაფერი მუშაობას, ქართველი ქალების უმრავლესობისთვის კი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და დამღლელი პერიოდია.

გამოსავალი ამ რთული და კომპლექსური პრობლემიდან მარტივი არაა, თუმცა შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ მენტალიტეტი და სტერეოტიპული აზროვნება შევცვალოთ, რომ ქალებმა საოჯახო საქმეების დელეგირება შეძლონ, კაცებმა კი გაიაზრონ და მიიღონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობები. გარდა ამისა, პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს გამართული სახელმწიფო სერვისების ქონას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ქალების მიერ საოჯახო საქმეებზე ყოველკვირეულად დახარჯულ 45 საათს და, შესაბამისად, მათ მენტალურ დატვირთვას.