ყველა ვეგანი ფემინისტია: საუბრები @Toptheshaker-თან
მსოფლიო ვეგანური დღის პარალელურად, ნოემბრის პირველი კვირა ეთმობა COP26 ღონისძიებას ქალაქ გლაზგოში, სადაც მფოსლიო ლიდერები იკრიბებიან, რათა ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური კატასტროფის აცილების გზები განიხილონ. Სულ რამდენიმე დღის წინ კი, მენიუს გამოქვეყნების შემდეგ, COP26-ის ორგანიზატორები არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკრიტიკა, რადგან მასში ხორც-პროდუქტები და თევზეულობა არის შეტანილი. ინდუსტრიულ ფერმერობას და თევზჭერას კი ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებაზე. ირონიულია მართლაც, რომ COP26 ორგანიზებულია გაეროს მიერ და რამდენიმე თვის წინ, სწორედ გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში თევზჭერისა და ზოგადად, ფერმების კატასტროფული გავლენის შესახებ პლანეტაზე, და ხალხს ვეგანობისკენაც მოუწოდა.
იცოდით თუ არა, რომ კლიმატის ცვლილებასა და ეკოლოგიურ კატასტროფებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი, სწორედ, ხორცისა და რძის პროდუქტების ინდუსტრიას მიუძღვის? ამასთან ერთად, გარდა ცხოველების უფლებებისა, ფერმების ინდუსტრია ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს იქ მომუშავე ადამიანების არა მხოლოდ ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. Შესაბამისად, ფერმების ინდუსტრია ადამიანთა უფლებების საკითხიც არის. ყველაზე მეტად კი ადგილობრივი ქალები ზარალდებიან კლიმატის ცვლილებით და ტყის მასობრივი ხანძრებით. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს 2019 წლის ამაზონის ჯუნგლების ტრაგიკული გადაწვის ამბავიც, რის შედეგადაც, უკვე 2021 წელს ამაზონის ტყეები იმაზე მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს, ვიდრე გადაამუშავებს. სოციალურ მედიაში აქტიურად მიმდინარეობდა ამაზონის გადარჩენის კამპანია და ათასობით ადამიანი ჩაერთო მისი ფინანსური დახმარების ინიციატივაშიც. თუმცა, ცოტამ თუ გაანალიზა, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. რეალობა კი ის არის, რომ მსოფლიოს გარშემო არაერთი ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა ტყეებში, სწორედ ფერმებისთვის მეტი მიწის გადაცემის გამო. ყველაზე გახმაურებული სტატია CNN-მა დაწერა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რომ ამაზონის ჯუნგლების 80%-ის გადაწვაში წვლილი, სწორედ, ინდუსტრიულ ფერმერობას მიუძღვის. ფერმერების მიზანს წარმოადგენდა მიწის ,,გასუფთავება”, მათივე ფერმის ცხოველებისა და საკვებისთვის. შესაძლოა ფოქრობდეთ, რომ ბრაზილია საქართველოსგან იმდენად შორს არის, რა შუაში უნდა იყოს ამაზონის ტყის ხანძარი საქართველოსთან. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვიურად არაერთი პროდუქტია იმპორტირებული ბრაზილიიდან, დაწყებული სოიოს მარცვლებით – დამთავრებული ხორცის ნაწარმით. Შესაბამისად, მსოფლიოს ტყის მასიური განადგურება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური პრობლემაა.
რაც შეეხება უშუალოდ ფემინიზმსა და ვეგანიზმს, 2021 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ცხოველების დაცვის ორგანიზაციამ – ,,პეტა” – სტატია გამოაქვეყნა, რომელმაც ბევრი ფემინისტი დააფიქრა. სტატია სახელწოდებით – ,,რატომ არ შეიძლება იყოთ ყველის მჭამელი ფემინისტი” – მოგვითხრობს, თუ როგორ ეფუძნება რძის პროდუქტების მთელი ინდუსტრია, მდედრობითი სქესის ცხოველების ექსპლუატაციას. სტატიაში აღწერილია ის სრული ტრაგიკული ციკლი, რასაც დედალი ცხოველი გადის ფერმაში მოხვედრის დღიდან – სიცოცხლის ბოლომდე.
Სიახლე არ არის, რომ ვეგანები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან უარყოფითი კომენტარებისა და დისკუსიების მსხვერპლნი არიან, მაშინ როდესაც ვეგანიზმის იდეა ძალიან მარტივია: არ მოვკლათ, არ ვაწამოთ, არ შევჭამოთ და არ გავატყაოთ ცოცხალი არსება. წესით ასეთ მარტივ იდეოლოგიას ამდენი ნეგატიური დამოკიდებულება არ უნდა მოჰყვებოდეს. თუმცა, ისტორიის მანძილზე არაერთხელ გვინახავს, რომ ის ადამიანები ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არსებულ ნორმებსა თუ წეს-ჩვეულებებს და ცდილობენ უკეთესობისკენ ცვლილებას, ხშირად ხდებიან თავდასხმის სამიზნეები. ეს თავდასხმები განსაკუთრებით ნეგატიურია, თუ აქტივისტები საზოგადოებაში გაბატონებულ პატრიარქალურ კულტურას ან კაპიტალიზმს აკრიტიკებენ და ხაზგასმით საუბრობენ მათ ზიანზე როგორც გარემოს დაცვის, ასევე ქალთა უფლებების განხრით.
ჯერ კიდევ 1997 წელს სტივ ჯობსმა, მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოსვლაში, სადაც მარკეტინგზე საუბრობდა, ახსენა: ,,რძის პროდუქტების ინდუსტრია 20 წლის განმავლობაში ცდილობდა თქვენს დარწმუნებას რომ რძე სასარგებლოა, რაც სრული სიცრუეა, თუმცა მათ მაინც სცადეს.” რეალობა არის ის, რომ რძის პროდუქტების მასობრივი პროდუქცია და პოპულარიზაცია სწორედ კაპიტალიზმის შედეგია. დღესდღეობით კი ისეთი დიდი კომპანია, როგორიცაა ნეტფლიქსი, არაერთ რესურსს დებს საკუთარი მაყურებლის განათლებასა და განვითარებაში. შედეგად, მათი დოკუმენტური ფილმების ნუსხას დაემატა ისეთი ფილმები, როგორიცაა Seaspiracy, Cowspiracy, What the Health, The Game Changers. ქართველ ვეგანების დიდი დამსახურებაა , რომ ამ ფილმების ნაწილი უკვე ნათარგმნი და ხელმოსაწვდომია ქართულ ენაზე!
ახლა კი უშუალოდ საქართველოში რომ დავბრუნდეთ, ჯერ კიდევ ყველას კარგად გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ კივი კაფეს დარბევის სამარცხვინო ისტორია, თუმცა მას შემდეგ საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. ადრე თუ მხოლოდ ერთი ვეგანური კაფე არსებობდა თბილისში, ახლა ეს სია ბევრად უფრო მრავალფეროვანია. ასევე გამოჩნდნენ სოციალური მედიის ინფლუენსერები, რომლებიც 100% ვეგანურ კონტენტს ქმნიან და ხალხის ცნობიერების ამაღლებასაც ცდილობენ.
ჩვენ, მსოფლიო ვეგანურ დღესთან დაკავშირებით, მოვიწვიეთ ერთ-ერთი წარმატებული ვეგანი კონტენტ კრეატორი და ახლად შექმნილი ვეგანური ბარის პრინზ თბილისის მენიუს ავტორი – ანა თოფურია, იგივე Toptheshaker, რომელიც საინტერესო შეკითხვებზე გვიპასუხებს:
Რა არის თქვენთვის ფემინიზმი?
ფემინიზმი თანასწორობაა. თუმცა ჩემთვის განმარტება განმარტებად რჩება, ცხოვრება ლექსიკონი ხომ არაა? ფემინიზმი ჩემთვის მოქმედებისკენ მოწოდებაა, მოქმედებისკენ რომელიც მოითხოვს ყველა სქესს თავისი უფლებამოსილება დაანახოს. Მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალმა ისწავლოს თავისი შესაძლებლობები. მიხვდეს რომ ის განსაკუთრებული, სრულფასოვანი და ყოვლისშემძლეა.
Საიდან გაჩნდა მოსაზრება რომ ყველა ვეგანი ფემინისტია?
ლოგიკური აზროვნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვეგანიზმის და ფემინიზმის გადაკვეთა გავიაზროთ. შესაძლოა ზოგი ფიქრობდეს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამ კუთხით საუბარი ოდნავ ადრეა, რადგან ბევრი არც იყოს მზად, რომ ვეგანიზმი და ფემინიზმი ერთად გაიაზროს. თუმცა, მე ვფიქრობ ადრე არასდროსაა, როცა საქმე ეთიკურ ცხოვრებასა და სიცოცხლის გადარჩენას ეხება. იმისთვის, რომ ეს ოქროს კვეთა დავაფიქსიროთ, აუცილებელია ორივე იდეოლოგია შესისხლხორცებული გვქონდეს. აქაც ვფიქრობ, რომ ლექსიკონის ან ენციკლოპედიის ცოდნა არაფერს მოიტანს. ორივე მიმდინარეობა არის ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი, რომელსაც გათვიცნობიერებული, ეთიკურად მცხოვრები ადამიანი ბუნებრივად ირჩევს. ჩემს შემთხვევაში ვეგანიზმი უფრო ადრე მოვიდა, სადღაც 19 წლიდან დავიწყე მიზნისკენ სვლა და დღეს უკვე ჩემი ვეგანიზმი 7 წელს ითვლის, ზუსტად იმიტომ ვამაყობ ამ ცხოვრების სტილით, რომ მასწავლა როგორ ვიყო მაქსიმალურად ეთიკური, ტოლერანტული და გამგები.
ჩემთვის ყველა თანასწორია – იქნება ეს ადამიანი თუ ცხოველი. მე ვიცი, რომ ყველა არსებას სურს უდარდელი სიცოცხლე. სამწუხაროდ, რძის პროდუქტების და კვერცხის ინდუსტრია ყველაზე დიდი მონსტრია, რომელსაც ყველაზე მეტი მდედრი ცხოველი ეწირება რძის, რძის პროდუქტების და კვერცხის გამო. ,,დედალი” ცხოველები პროდუქტის მწარმოებელ მანქანებად არიან ქცეულნი. მოგვიანებით კი, როდესაც ენერგიისგან იცლებიან, ან უბრალოდ მეტს ვეღარ უძლებენ, სასაკლაოში აგზავნიან, რათა მათი ხორცი არ დაიკარგოს. ასეთი ყოფა დღეში ათასობით, ხოლო წელიწადში მილიონობით უდანაშაულო ცხოველს აქვს.
Რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც უგულებელყოფენ რძის და ხორცის პროდუქტების ინდუსტრიის ნეგატიურ გავლენას დედამიწაზე და კონკრეტულად კლიმატის ცვლილებაზე?
მე არ მჯერა, რომ არსებობს დედამიწაზე მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც იმის პოტენციალი არ აქვს გაიაზროს რამხელა მონსტრია მეცხოველეობა. ყველა ვინც ამ თემას უღრმავდება, საწყისებიდანაც კი გრძნობს იმ სისასტიკეს, რასაც რძის და სასაკლაო ფერმები ემსახურებიან. ელემენტარულია ის, რომ გლობალური პრობლემებისა უმეტესობა, ხორცის თუ რძის ინდუსტრიებთანაა კავშირში. მსოფლიო შიმშილი ერთ-ერთი მათთაგანია, რომელიც საკვები რესურსის არასწორ გადანაწილებას მოიცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ გარემოს დაბინძურებასა და გლობალური დათბობის პროვოცირებაზე. ეს რეალობაა და ამას ადამიანი ან ხედავს, ან, უბრალოდ, არ უნდა რომ დაინახოს.
Რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ეშინიათ რომ ვეგანიზმით რაიმე სახის კვებით ღირებულებებს დაკარგავენ
პირველ რიგში, საკუთარ კვებით ღირებულებებზე ფიქრი მას შემდეგ, როცა ვიაზრებთ, რომ ეს სხვა არსების სიცოცხლის ფასად ხდება, ცოტა დაფიქრებას საჭიროებს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მცენარეულ კვებაში იმაზე ბევრად მეტი ცილა და კვებითი ღირებულებებია, ვიდრე ცხოველურ პროდუქტებში: ოსპი, მუხუდო, ლობიო, და ა.შ.
აქვე იმას დავამატებდი, რომ ვეგანური ცხოვრების სტილი უჯანსაღესია. ჩემს შემხვევაში, ყველაზე ჯანსაღი არჩევანია, რაც ოდესმე გამიკეთებია – არა მხოლოდ სხეულის გაბედნიერება, არამედ სულის და გონების გათავისუფლებაა, როცა იცი არავის სთხოვ დათმოს თავისი სიცხოხლე იმისთვის, რომ შენ იარსებო.
Რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ეკო-მეგობრულები?
ეკოლოგიასთან მეგობრობა იწყება ბუნების სიყვარულით, ცხოველების, ადამიანების თუ საკუთარი თავის პატივისცემით. ეს არაა მოდა, ტენდენცია ან დიეტა. ესაა გადარჩენის ერთადერთი გზა იმ ჯუნგლებში, რომელსაც დიდი კორპორაციები ხელოვნურად გვიწყობენ. ეკომეგობრულობა გამოიხატება ,,მომხმარებლობის” დონით: რამდენად მსხვილია ჩემი კვალი პლანეტაზე? რამდენად ვაბინძურებ გარემოს ან მოვიხმარ იმას, რაც არაა ეთიკურად მოწოდებული? რამდენად დიდი და რთული გზა აქვს გამოვლილი კონკრეტულ პროდუქტს, სანამ ჩემამდე მოვიდოდა? აი, მაგალითად, შევადაროთ ჩემს ეზოში მოწყვეტილი ვაშლი და ინდონეთიდან იმპორტული ქოქოსის კარაქი. რაც უფრო მოვუკლებთ მსგავსი პროდუქტების ქონას ყოველდღოურობაში, მით უფრო ნაკლები იქნება ჩვენი ცუდი კვალი პლანეტაზე. ასევე, საკმაოდ რთულია საუბარი ერთდროულად ეკომეგობრულობასა და ხორცის/რძის ნაწარმის მიღებაზე. ჩემი აზრით, ეს პირველი ნაბიჯია, რაც ადამიანმა დედამიწისთვის უნდა გადადგას.
Რა ცვლილებებს ატყობთ საკუთარ თავს მას შემდეგ, რაც გახდით ვეგანი?
ცვლილება ჩემთვის ყოველთვის სასიკეთო ნაბიჯებთან ასოცირდება. ჩემი ცხოვრება ბევრად მრავალფეროვანი გახდა, ისევე როგორც დღის რაციონი. გავიცანი უამრავი ადამიანი. ვისწავლე ბევრი ხრიკი, თუ როგორ ავიცილო თავიდან ადამიანური ცდუნებები და როგორ დავრჩე ერთგული ჩემს თავთან და პლანეტასთან. არანაირი ნეგატიური გავლენა ვეგანიზმს ჩემზე არ ჰქონია. მე თავიდანვე გააზრებულად გადავედი ამ ცხოვრების სტილზე და დღეს ეს ჩვეულებრივი რუტინაა, რომელსაც ყურადღებას არც კი ვაქცევ. ისევე მიყვარს ჩაცმა, ჭამა თუ მოგზაურობა, როგორც ადრე, თუმცა დღეს ბევრად უფრო გააზრებულად და დაბალანსებულად ვაკეთებ ამ ყველაფერს.
Რატომ ვეგანიზმი?
ვფიქრობ ვეგანიზმი არის ერთადერთი სწორი გზა. ჩემთვის ამას წყალი არ გაუვა. ესაა ჰარმონიაში ყოფნა პლანეტასთან და საკუთარ თავთან ისე, რომ სინდისმა არ შემაწუხოს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტს ვსწავლობ და უფრო მეტად ვცდილობ ავუწყო ფეხი ამ მიმდინარეობას.
________
ჩვენი რჩევა:
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ მსოფლიოში ყველა ადამიანი ერთ დღეში ან თუნდაც ერთ წელში გახდება ვეგანი. თუმცა, ბევრი სხვა მიდგომა არსებობს იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ეკომეგობრულები და კეთილები როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. მაგალითად, არაერთი ინიციატივა არსებობს მსოფლიოს ვეგანური ორგანიზაციებისგან, რომ ხელი შეუწყოს როგორც თქვენს, ასევე პლანეტის ჯანმრთელობას. ერთ-ერთი მსგავსი ინიციატივაა Veganuary ანუ ვეგანური იანვარი, სადაც ნუტრიციონისტების მიერ გაზიარებულია სრულიად ჯანსაღი და ვეგანური კერძები, რომელიც შეგიძლიათ მთელი თვის განმავლობაში მოამზადოთ.
მსგავსი ინიციატივის ავტორი საქართველოში ჩვენი ბლოგის სტუმარი – ანა თოფურიაა, რომელმაც უხორცო ორშაბათი (Meatless Mondays) წამოიწყო იმ მიზნით, რომ თუნდაც კვირაში ერთი დღე სრულად მცენარეული კერძები მივირთვათ და ამით შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი პლანეტის გადარჩენაში.
Სასარგებლო ბმულები:
Earthling Ed: You Will Never Look at Your Life in the Same Way Again | Eye-Opening Speech!
Ed Winters: The hidden costs of our food choices
UN Report: We Only Have 5 Years to Halt Climate Change