Რატომ არის მენტალური ჯანმრთელობა ფემინისტური საკითხი
21-ე საუკუნეში ადამიანები უკვე ხშირად, ღიად და თამამად საუბრობენ მენტალურ ჯანმრთელობაზე, თუმცა დღემდე ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფემინიზმისა და მენტალური ჯანმრთელობის კავშირს. ჯერ კიდევ ბელ ჰუკსმა – ფემინიზმის თეორიტიკოსმა და აქტივისტმა ფემინიზმის შემდეგნაირი განმარტება დაამკვიდრა: ,,ფემინიზმი არის მოძრაობა სექსიზმის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.”
ფემინისტური მოძრაობა საუკუნეების განმავლობაში მუშაობდა ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მოპოვებაზე, მათი განათლებისა და კარიერული უნარების განვითარებაზე და ასევე მათი რეპროდუქციული უფლებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ვნახოთ თუ სად ჯდება მენტალური ჯანმრთელობა ფემინისტურ დღის წესრიგში.
ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება, შფოთვა, გავლენას ახდენს ყოველწლიურად 40 მილიონზე მეტ ზრდასრულ ადამიანზე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. შფოთვითი აშლილობები, როგორიცაა პანიკური შეტევები და პოსტ-ტრავმული აშლილობა PTSD ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. რატომ? გაუპატიურება არის PTSD-ის მთავარი მიზეზი რადგან ზრდასრულ მსხვერპლთა 90% და არასრულწლოვანთა 82% ქალია. მსოფლიოში 300 მილიონი დეპრესიაში მცხოვრები ადამიანიდან, ქალები ორჯერ უფრო მეტნი არიან, ვიდრე კაცები.
ასევე, შოუ-ბიზნესის და მოდის ინდუსტრიას დიდი ნეგატიური გავლენა აქვთ ქალების კვებაზე, რაც შედეგად მენტალურ პრობლემებს იწვევს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 30 მილიონი ადამიანი განიცდის კვების დარღვევას, აქედან 20 მილიონი ქალია. 1930 წლიდან ყოველ ათწლეულში აღინიშნება ანორექსიის ზრდა 15-დან 19 წლამდე ახალგაზრდა ქალებში.
ამ ყველა ფაქტს თუ ლოგიკურად დავაკავშირებთ მივხვდებით, რომ მენტალური ჯანმრთელობა ნამდვილად ფემინისტური საკითხია და ტყუილად არ იბრძვის ათასობით აქტივისტი მსოფლიოს გარშემო ქალების უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის. Ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ სალომე ჩარკვიანი – ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, რომელიც გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გარკვეულ რჩევებსაც მოგვცემს.
Სალომე, Რა არის თქვენთვის ფემინიზმი?
ფემინიზმი არის კუნთების სიძლიერეზე დამყარებულ ყოველდღიურობაში იმ ადამიანების ხმა, რომელთაც ფიზიოლოგია არ აძლევს თავდაცვის საშუალებას და ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ ქალები. ფემინიზმი არის ყველასი, ვისაც ევოლუციის დროს ჩამოყალიბებული პატრიარქალური კულტურული ნორმები თავისუფლებას და ბედნიერებას უზღუდავს.
თვლით თუ არა რომ მენტალური ჯანმრთელობა ფემინისტური საკითხია?
თუ მენტალურ ჯანმრთელობას განვიხილავთ როგორც დეტალს, რომელიც მზრუნველ და ინკლუზიურ გარემოში აძლიერებს ადამიანს და მის გარემოცვას, ხოლო ჩაგვრის და ფიზიკური სიძლიერის დემონსტრირებისას დამანგრეველ შედეგებს გამოიღებს, მაშინ ნამდვილად ფემინისტური საკითხი გამოდის. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ყველაზე მეტად იმ საზოგადოებების პრობლემაა, სადაც სისუსტის გამოვლენა სირცხვილად ითვლება.
Რას ნიშნავს მენტალური ჯანმრთელობა?
მენტალური ჯანმრთელობა ნიშნავს ჰარმონიულად ყოფნას საკუთარ აზრებთან და ემოციებთან. ეს არ არის აბსტრაქტული მდგომარეობა. სტრესი, დეპრესია თუ სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობები კავშირშია ტვინში მიმდინარე ქიმიურ პროცესებთან, რაც პირველ რიგში ადამიანის და მისი გარემოს ცხოვრების ხარისხს ცვლის და შემდეგ მის ფიზიკურ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ტვინი ვახსენე იმიტომ, რომ რატომღაც ადამიანები მუცლის ან ფეხის ტკივილს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ხოლმე, ვიდრე ტვინიდან წამოსულ დისკომფორტს.
Რა რჩევები გექნებათ მათთვის, ვინც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდის?
ამ ადამიანებს ვურჩევდი, რომ ვერ მორჩებით იქამდე, სანამ არ ითხოვთ დახმარებას. სანამ არ აღიარებთ, რომ პრობლემა გაქვთ და უგულებელყოფის გრძნობას ჩაანაცვლებთ კარგად გახდომის სურვილით, რომელიც დაგანახებთ მისი მოგვარების რაციონალურ გზებს. ფსიქიატრთან ვიზიტი სირცხვილი არ არის, სირცხვილი არის ცხოვრების ისეთ ტანჯვაში გალევა, რომლის აცილებაც დიდი ალბათობით შეგეძლოთ.
თუ თვლით, რომ თქვენი ემოციური მდგომარეობა ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს გიშლით, ნუ დააიგნორებთ, ნუ მისცემთ გამწვავების საშუალებას. მოიძიეთ ინფორმაცია, ხშირად პრევენციული საშუალებები – ჯანსაღი ცხოვრების წესი, პრობლემაზე საუბარი, დასვენება, ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის მიღება ბევრად მარტივია, ვიდრე გამწვავებული მდგომარეობის შემოტრიალება. ვინც უგულებელყოფის ეტაპს გასცდა და შეუდგა ფსიქიკური გამოჯანმრთელების გაწელილ და რთულ გზას, მათ ვეტყოდი, რომ არასდროს დაყარონ ფარ-ხმალი, სანამ ისევ არ იგრძნობენ სიმშვიდეს და უბოდიშოდ გაეცალონ გარემოს, რომელიც ხელს შეუშლის მათ კომფორტულ და მშვიდ მდგომარეობას.
Როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა 21-ე საუკუნეში მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით და როგორ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე?
21-ე საუკუნის გამოწვევად მიმაჩნია, რომ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით გვიწევს ცხოვრება კაპიტალიზმის სტრესულ გარემოში. ჩვენი სამსახური ყოველთვის ვერ გველოდება როდის გავხდებით კარგად, უსამსახუროდ კი ფინანსური პრობლემების წინაშე ვდგებით, რომელიც ასევე დამღუპველია ჯანმრთელობისთვის. ესაა მანკიერი წრე, საიდანაც გამოსავალი ყოველთვის არ არის ხოლმე. ერთადერთი, შეიძლება ვთხოვოთ დამსაქმებლებს, რომ მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი თანამშრომლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლაში. მათი გაჯანსაღება და ერთგულების დამსახურება ბიზნესს შეიძლება მეტად წაადგეს, ვიდრე ახალი კადრის მოძებნა.
_____
Სალომე ინკლუზიური განათლების სპეციალისტია. Მან ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში მიიღო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიიღო ნორვეგიაში, ოსლოს უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს სალომე მუშაობდა საგანმანათლებლო სფეროში სააერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციებში.